„ჩვენ ღამეები არ გვძინავს და შიშისგან ვკანკალებთ“ – დედების თვალით დანახული ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტი
ნაჯვა შეიხ-აჰმადს დაძინება არ შეუძლია მას შემდეგ, რაც მის სახლთან ბომბები ფეთქდება. მას ეშინია.
„ღამღამობით უფრო საშიშია, ბავშვებს ეშინიათ. ნებისმიერ მომენტში შენი სახლი შეიძლება, შენივე საფლავად იქცეს“, – ამბობს ნაჯვა, ხუთი შვილის დედა.
მთელი დღე მას ისრაელის შტურმის, მის თავზე მფრინავი რაკეტებისა და მათი აფეთქების ხმები ესმის. ირგვლივ ყველაფერი ზანზარებს და ისინიც შიშისგან კანკალებენ. იქ მხოლოდ მას კი არ ეშინია, არამედ ღაზას სექტორის ასობით მცხოვრებს, რომლებიც პალესტინელი ძალოვნებისა და ისრაელის არმიის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ორივე მხრიდან არაერთი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ქალაქებში ებრაელი და არაბი ხალხი ერთმანეთს ქუჩაშიც უპირისპირდება. კონფლიქტის ამჟამინდელი ესკალაცია ყველაზე მძიმეა უკანასკნელი წლების მანძილზე. რას გრძნობენ დედები ისრაელსა და ღაზას სექტორში, როდესაც მათი შვილები იერიშის ქვეშ არიან?
„ძნელია შიშის დამალვა“
11 მაისის ღამით ღაზას სექტორზე ავიადარტყმის დროს ნაჯვას ოჯახი მათი ერთსართულიანი სახლის სასტუმრო ოთახში შეიკრიბა. ისინი ყოველ წუთს ელოდნენ, რომ მომდევნო რაკეტა მათ სახლს დაეცემოდა.
„ნებისმიერ წამს შენ, შენი სახლი და რაიონი შესაძლოა, სამიზნე გახდეთ. ადგილი, სადაც შენ თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდე, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში შენი, შენი შვილების, ოცნებებისა და მოგონებების საფლავი გახდეს“, – ამბობს ნაჯვა.
ნაჯვა მეუღლესა და 11-დან 22 წლის ასაკამდე 5 შვილთან ერთად ღაზას სექტორში, ლტოლვილთა ბანაკის ბოლოში ცხოვრობს. სექტორი წარმოადგენს მჭიდროდ დასახლებულ ადგილს ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელით. იქ, დაახლოებით, 1,8 მილიონი პალესტინელია. ავტონომიური პალესტინის ხელისუფლების განმარტებით, კონფლიქტის გამძაფრების მომენტიდან ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშს არაერთი ბავშვი ემსხვერპლა. ისრაელის ხელისუფლება ჯერ კიდევ ამტკიცებს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა დაჯგუფება „ჰამასისა” და სხვა ექსტრემალური დაჯგუფების მეომრები არიან, ხოლო მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის გამოწვეულია ღაზას სექტორის ტერიტორიიდან შეცდომით განხორციელებული სარაკეტო გაშვებებით.
ნაჯვას შიში კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციას გეგმავდა ღაზაში.
„მე ჩემს შვილებზე შიშმა შემიპყრო. მუდმივი შიშის შეგრძნება ადამიანს ფიტავს, სხვა გრძნობებს ახშობს და სახეს გიკარგავს. მე შევწყვიტე ბავშვებისთვის რაიმეს მოყოლა, მაგრამ ძნელია საკუთარი შიშების დამალვა. ისინი თვალს ადევნებენ ახალ ამბებს მთელი დღის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვ, ეს არ გააკეთონ“, – ამბობს ქალი.
ნაჯვა არ არის დარწმუნებული, ღირს თუ არა შვილებისთვის მიმდინარე მოვლენების გაგება. გარდა ამისა, მას ესმის, რომ ამ ინფორმაციისგან მათი დაცვა ჩვენს დროში, თითქმის, შეუძლებელია. ის ძალიან ღელავს, რომ კონფლიქტის პერიოდული აფეთქება დიდ ზიანს აყენებს მისი შვილების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მისი უმცროსი ვაჟი ჯერ 12 წლისაც არაა. თავისი განვლილი ცხოვრების მანძილზე მან უკვე ნახა 2008-2009 და 2014 წლის კონფლიქტის გამწვავება, რომლის შედეგადაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
„როგორი ბავშვობის მოგონებები უნდა გაუზიაროს მან მომავალში საკუთარ შვილებს? წარმოდგენაც არ შემიძლია”, – ამბობს ნაჯვა.
იგი საკუთარ მდგომარეობაზეც ნერვიულობს: „ამ საზარელ შეგრძნებასთან შეგუება შეუძლებელია, მით უმეტეს, როდესაც შიშისგან ირგვლივ ბავშვები ტირიან და ყვირიან“.
„დარჩენა ძალიან საშიში იყო“
როდესაც ორშაბათს საღამოს მის სახლთან, ქალაქ ლოდში ნგრევა დაიწყო, თოვა ლევი მიხვდა, რომ გაქცევის დროა. მთელი საღამო თოვა შემაშფოთებელ შეტყობინებებს კითხულობდა WhatsApp-ში. ლოდი თელ-ავივიდან 15 კილომეტრში მდებარეობს და იქ შერეულად ცხოვრობს არაბი და ებრაელი მოსახლეობა. ვინც ქალაქში არეულობა მოაწყო, მალე მის სახლსაც მიუახლოვდნენ, სადაც თოვა მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.
„ისინი ყველაფერს წვავდნენ. ეს საშინელება იყო. ძალიან მეშინოდა. მათ არაფერი უშლიდათ, რომ ამოსულიყვნენ და ჩვენი კარიც შემოენგრიათ“, – ამბობს თოვა.
ოჯახმა მალევე ჩააბარგა ნივთები და ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ბეერ-შევაში, მეუღლის ძმის ოჯახს შეაფარა თავი, ვინაიდან იქ დარჩენა ძალიან საშიში იყო.
მათი წასვლის შემდეგ ლოდის ქუჩებში დაპირისპირება კიდევ უფრო მძაფრი გახდა. 11 მაისს არაბების მშვიდობიანი პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. როგორც არაბები ამბობენ, ამის მიზეზის ადგილობრივი მოსახლის მიერ მათი მოძმის მოკვლა გახდა. მათ სახლებისა და ავტომობილების დაწვა დაიწყეს, ასევე, პოლიციასთან შეტაკებებიც მოხდა.
„ლოდში სამოქალაქო ომია“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
თოვამ დაურეკა მეზობელს და სთხოვა, რომ მისი სახლის კარიდან მეზუზა მოეხსნა – ეს ქაღალდის გრაგნილია, რომელზეც ებრაელთა ლოცვის, „შმას“ ნაწყვეტია დაწერილი. მეზუზას თავიანთ კარზე, ტრადიციულად, ყველაზე არარელიგიური ებრაელებიც კი ამაგრებენ.
„ძალიან მეშინია, რომ ისინი ჩვენს სახლში შეიჭრებიან. ჩვენ საერთოდ არ ვართ დარწმუნებულები, რომ შინ დაბრუნებას შევძლებთ. ჩვენი სახლი შესაძლოა, რაკეტამაც დაანგრიოს“, – ამბობს თოვა.
მას შემდეგ, რაც თოვას ოჯახი ლოდიდან წავიდა, ქალაქი დაიბომბა. ეს გასულ 12 მაისს მოხდა. ერთ-ერთი რაკეტა ისრაელში მაცხოვრებელი არაბების ავტომობილს მოხვდა, დაიღუპა ორი ადამიანი.
მთელი ღამე ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალები ისმოდა. ათასობით ადამიანი ბუნკერებში იმალებოდა, მათ შორის თოვას მეზობლებიც. ებრაელებთან ერთად იქ ლოდის არაბი მოსახლეობაც ჩადიოდა, რომელიც ადრე არეულობაში იღებდა მონაწილეობას. ალბათ, ეს არც არავინ იცოდა, მაგრამ, თოვას თქმით, ებრაელები თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდნენ. შესაძლოა, მათ თავდასხმის ეშინოდათ.
თოვამ არ იცის, რა უთხრას 4 წლის ვაჟს.
„მან იცის, რომ აფეთქებებსა და თავდასხმებს ცუდი ადამიანები ახორციელებენ, მაგრამ მე დღემდე ვერ ვეუბნები, რომ ამას არაბები აკეთებენ. მინდა, რომ მომავალში მან შეძლოს, მშვიდობით იცხოვროს მეზობლებთან. არ მინდა, რომ არაბების ეშინოდეს. ჩვენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე ვართ და ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით. ეს ძალიან დიდი საშინელებაა, ძალიან დიდი“, – ამბობს თოვა.