თამარ გაბუნია: მოსალოდნელია, რომ საქართველომ დაიწყოს მოკლე ხანში მოლაპარაკება „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ დოზების მიღებასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

მისივე თქმით, ვაქცინაციის საბჭო გააგრძელებს სტრატეგიულ კომუნიკაციას ყველა მწარმოებელთან, რათა საჭირო დოზები უმოკლეს ვადაში იქნას მიღებული.

„ვაქცინაციის საბჭოს მორიგ შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი იყო განხილული. პირველი, ვაქცინების მიმდინარე შესყიდვების პროცესი. „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოსალოდნელია, რომ საქართველომ დაიწყოს მოკლე ხანში მოლაპარაკება „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ დოზების მიღებასთან დაკავშირებით.

ასევე, „ფაიზერის“ დოზების თემაზე, რა თქმა უნდა, არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას მიმდინარე პერიოდში. მიმდინარეობს მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე. ეს ყველაფერი შეთანხმდა საბჭოსთან. ასევე, გასულ კვირაში საუბარი იყო „ნოვოვაქსისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე. საბჭოს წევრებმა ყველა დეტალი გაიარეს როგორც საჭიროებების, ისე ფინანსური ხარჯეფექტურობის კუთხით და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. საბჭო გააგრძელებს სტრატეგიულ კომუნიკაციას ყველა მწარმოებელთან, რათა ვაქცინების მოწოდება წლის ბოლომდე შესრულდეს უმოკლეს ვადაში და ის დოზები, რაც გვჭირდება, მივიღოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები