გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ინიციატივაში მონაწილეობას არ მიიღებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას დასავლელი პარტნიორების ინიციატივაში, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გულისხმობს.
მერცის თქმით, ბერლინი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი ამ ეტაპზე „არასაჭირო და კონტრპროდუქტიული“ იქნება.
კანცლერმა განმარტა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი.
“ჩვენ არ შევუერთდებით ამ ინიციატივას. არ მიგვაჩნია, რომ ამჟამად სახელმწიფოს აღიარების პირობები რაიმე ფორმით შესრულებულია. ამ მხრივ, ჩვენ კვლავ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე დღისა და საათის მოვლენებმა ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვალა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ინიციატივას უკვე შეუერთდნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და კანადა, რომლებიც მომავალი თვის განმავლობაში აპირებენ საკითხის მხარდაჭერას, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბერლინის პოზიცია უცვლელია, პალესტინის აღიარება ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება.