როცა საბჭოთა კავშირში ამერიკული პროდუქცია იხილეს – კულტურული ბომბი და ხრუშჩოვი-ნიქსონის დებატები კამერის წინ
1959 წლის ივნისში ნიუ-იორკში სსრკ ნაწარმის გამოფენა გაიმართა, ამავე წლის ივლისში კი, საბჭოთა კავშირმა მიიღო შესაძლებლობა, ამერიკული ნაწარმი ენახა. ეს კულტურული ბომბი აღმოჩნდა. ადამიანები საათობით იდგნენ რიგში გამოფენაზე მოსახვედრად.
ეს პოლიტიკური აქცია იყო, საჩვენებელი წარდგენა, სადაც ორივე მხარემ „ფარდები გადაწია“. 1959 წელს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა განიხილეს, თუ ვისი ნაწარმი იყო უკეთესი – სჯობდა თუ არა აშშ-ში წარმოებული საქონელი საბჭოთა ნაწარმს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა:
„სსრკ-ში ამერიკული ექსპონატები იყო საბჭოთა კავშირთან ამერიკული შეთანხმების კულტურული გაცვლის ცენტრი, რომელიც ხუთ ათწლეულს მოიცავდა, 1950-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე. 1959 წლიდან ამერიკულმა ინდუსტრიამ სსრკ-ის 19 გამოფენაზე 87 ინდივიდუალურ ინდიკატორში აჩვენა ამერიკული მოხერხებულობა. გამოფენებზე იყო სხვადასხვა მაგალიTბი – სახვითი ხელოვნებიდან სოფლის მეურნეობამდე.“
– ერთი წუთით, მინდა გაჩვენოთ ამერიკული სამზარეულო. ეს ჩვეულებრივი სამზარეულოა, რომელიც ყველა კალიფორნიელის ოჯახშია. ხედავთ? ეს ჭურჭლის სარეცხი მანქანაა.
საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ღიმილით აღნიშნა:
– თქვენ, ფიქრობთ, რომ ამით საბჭოთა ხალხს გააოცებთ? არა. ჩვენი სახლები სავსეა ასეთი ნივთებით.
ხრუშჩოვის და ნიქსონის ამბიციური დებატები კამერაზე იწერებოდა. ორივე პოლიტიკოსი ბევრს იცინოდა და ხუმრობდა. აღელვებული თარჯიმნები სიტყვებს ეძებდნენ, რომ რაც შეიძლება ზუსტად გადაეცათ უცხოელებისთვის ნიკიტა ხრუშჩოვის გამონათქვამები.
ნიქსონი ამერიკული ცხოვრების წესს აქებდა და ჰყვებოდა, რომ ნებისმიერ ამერიკელს შეუძლია აირჩიოს ცხოვრების სასურველი სტილი. ხრუშჩოვი ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირში შესაძლებელია ამაზე უკეთესი ნივთების კეთება, მაგრამ ხალხი გაცილებთ მნიშვნელოვან რამეზეა ორიენტირებული.
ხრუშჩოვი არ ერიდებოდა გამოთქმებს და ამერიკელებს იმპერიალისტებსა და მონოპოლისტებს უწოდებდა. ნიქსონი და ხრუშჩოვი საზოგადოებისთვის კაპიტალიზმისა და კომუნიზმის დადებითი მხარეების დემონსტრირებას ცდილობდნენ. კამათი მიმდინარეობდა იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორი ცივილური კულტურის ბრძოლაში, რომელთაგან ორივეს თავისებურად ესმის სამყაროს არსი, პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება.
– აზრების გაცვლა აუცილებელია. მხოლოდ ასე შეგვიძლია უკეთ გავუგოთ ერთმანეთს და ვისწავლოთ ერთმანეთისგან. თქვენც უნდა ისწავლოთ ჩვენგან, თქვენ ხომ ყველაფერი არ იცით? – თქვა ნიქსონმა.
– დიახ, ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ისევე, როგორც თქვენ არაფერი გესმით კომუნიზმში. თქვენ ის შიშს გგვრით, – ირონიულად აღნიშნა ხრუშჩოვმა.
ამერიკულ ნაციონალურ გამოფენას მოსკოვში 3 მილიონამდე ადამიანი ესტუმრა. გამოფენაზე მოსახვედრად მათ მრავალკილომეტრიან რიგებში მოუწიათ დგომა. გამოფენის სტუმრებმა საკუთარი თვალით ნახეს ტექნიკის ბოლო მიღწევები: სარეცხი მანქანა, წვენსაწური, ტოსტერი და ავტომობილი, რომელიც „მტრის“ მიერ იყო შექმნილი. გამოფენაზე Pepsi-ს დაგემოვნება და პოლაროიდით ფოტოს გადაღება, მონოპოლიის თამაში და დასავლური მუსიკის მოსმენა შეიძლებოდა. ამერიკელებს კარგად ესმოდათ, რომ ეს ყველაზე ხელმისაწვდომი ხერხი იყო, საბჭოთა ხალხისთვის ამერიკული ცხოვრების წესი ეჩვენებინათ.
ნიქსონი: თქვენ არ უნდა გეშინოდეთ იდეების.
ხრუშჩოვი: ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ არ უნდა გეშინოდეთ იდეების. ჩვენ არაფრის გვეშინია…
ნიქსონი: მაშინ, მოდით, გავცვალოთ იდეები. ხომ ყველა ვეთანხმებით ამაზე, ასე არ არის?
ხრუშჩოვი: კარგი. (მოუტრიალდა თარჯიმანს და ეკითხება, თუ რას დასთანხმდა ახლა ის)
ნიქსონმა შეაწყვეტინა: მოდით, ახლა ჩვენს ფოტოებს შევხედოთ.
ხრუშჩოვი: დიახ, თანახმა ვარ, მაგრამ თავიდანვე მინდა დავაზუსტო, თუ რას დავთანხმდი.
ნიქსონი: ეჭვგარეშეა.
ხრუშჩოვი: თქვენ კაპიტალიზმის ადვოკატი ხართ, მე – კომუნიზმის. მოდით, გადავკოცნოთ ერთმანეთი.
„სამზარეულოს დებატების“ დასასრულს ლიდერებმა ფრაზები გაცვალეს.
„თქვენი შვილიშვილები კომუნიზმში იცხოვრებენ“, – უთხრა ხრუშჩოვმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს.
„თქვენი შვილიშვილები თავისუფლებაში იცხოვრებენ“,- უპასუხა მას ნიქსონმა.
ნიქსონის ნათქვამი ნაწილობრივ ახდა. კომუნისტური სისტემა სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდა და კაპიტალიზმთან დამარცხდა. 1989 წელს ბერლინის კედელი დაეცა, ორი წლის შემდეგ კი, საბჭო კავშირი დაინგრა.