როგორ აგვარებდნენ კანალიზაციის პრობლემას თბილისში

თბილისის ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნაში, წყალმომარაგებასთან ერთად, საკანალიზაციო სისტემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ყველა დიდ ქალაქში და მათ შორის, თბილისშიც საკმაო რაოდენობით გროვდებოდა ნახმარი, ჭუჭყიანი წყალი, რომელიც დიდი დიამეტრის საკანალიზაციო მილებით გადაეცემოდა კოლექტორებს, შემდგომ კი, საწრეტებს ან გამწმენდ დანადგარებს.

XIX საუკუნის 70-იან წლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ერთიანი გეგმის გარეშე, ცალკეული სახლების მფლობელებს გაჰყავდათ საკანალიზაციო ხაზები, მაგრამ ეს ხაზები არ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული და მდინარე მტკვარს 36 ადგილას პირდაპირ უერთდებოდა, რითაც მნიშვნელოვნად უარესდებოდა ქალაქის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.

1900 წლისთვის თბილისის კანალიზაციის ქსელის სიგრძე 24 კმ-ს შეადგენდა, მაგრამ სახლების უდიდესი ნაწილი არ იყო მიერთებული კანალიზაციასთან და მოსახლეობა პრიმიტიულ მშთანთქავ ჭებს იყენებდა. აუცილებელი იყო ერთიანი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და მტკვრის სანაპიროს გაყოლებით მთავარი საკანალიზაციო კოლექტორების მშენებლობა, რომლებიც ქალაქგარეთ შეუერთდებოდა მტკვარს და განაშენიანების ფარგლებში მდინარე დაცული იქნებოდა გაჭუჭყიანებისგან. ამის განსახორციელებლად საქალაქო თვითმმართველობას არ გააჩნდა სათანადო სახსრები და საკითხის გადაჭრა მაშინდელ პირობებში ვერ მოხერხდა.

ამ სფეროში სამუშაოები უფრო ფართოდ გაიშალა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში, რაც უკავშირდება ორთაჭალჰესის მშენებლობას. ჰიდროელექტროსადგურის აგებამ ქალაქის ცენტრალურ რაიონებში მაღლა ასწია მტკვრის დონე და ამით შეაგუბა საკანალიზაციო ქსელი. ქალაქისა და მდინარის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად 1952-1955 წლებში მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივ გაიყვანეს მთავარი, მძლავრი კოლექტორები. მათი საშუალებით, ჩამონადენი წყლები ქალაქის განაშენიანებული საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაიტანება.

ქალაქის მდინარე მტკვრის გასწვრივ ზრდამ საჭირო გახადა კოლექტორების გაგრძელება. ეს სამუშაოები 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც კოლექტორების სიგრძე 26,1 კმ-ით გაიზარდა. დროთა განმავლობაში, ქალაქისა და მისი წყალმომარაგების ზრდასთან ერთად, მოიმატა ჩამდინარე წყლების მოცულობამ  და საჭირო გახდა საკანალიზაციო სისტემის გაფართოება.

1940 წელთან შედარებით, ჩამდინარე წყლების მოცულობა 11-ჯერ გაიზარდა და 314,6 მლნ კუბ.მეტრი შეადგინა. ქუჩის კანალიზაციის ერთმაგი სიგრძე 204 კმ-დან 1047 კმ-მდე გაგრძელდა. საქალაქო კანალიზაციამ მოიცვა არა მარტო ახალი რაიონები, არამედ შეაერთა ძველი უბნები.

XX საუკუნის თბილისში ​საკანალიზაციო ქსელის გაფართოება – განვითარებასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა საკანალიზაციო წყლების გაწმენდას. მაშინდელმა საბჭოთა მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, მთლიანად უნდა შეწყვეტილიყო გაუწმენდავი წყლების ჩასვლა კასპიის ზღვის აუზის მდინარეებში.

​სამწუხაროდ თბილისში, მდინარე მტკვარში ჩამდინარე წყლების დიდი ნაწილი დღემდე გაუწმენდავია. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და ლოკალური გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩამდინარე წყლების წინასწარ გაწმენდას.

საკანალიზაციო მეურნეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნიაღვარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას. ეს განპირობებულია თბილისის რთული რელიეფით. ქალაქი გარემოცულია მთებით, რის გამოც, ახლო წარსულში მის ტერიტორიაზე გადიოდა არაერთი ხევი და ხრამი. წყალდიდობის პერიოდში ისინი დიდ ზიანს აყენებდნენ ქალაქს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებული ხევების ამოვსება, ნიაღვრის საწრეტი კოლექტორებისა და წვიმის წყლების მიმღები ჭების შექმნა.

​XX საუკუნის 80-იან წლებში იქმნებოდა ნიაღვარდამცავი საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობები. გაიყვანეს 17,5 ათასი მეტრის სიგრძის ღვარ-საშვებები, რასაც ხშირი წვიმების დროს ქალაქის ქუჩები დატბორვისგან უნდა დაეცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები