ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავი ისეთ რაკეტას ატარებს, რომელსაც აშშ-ის მთელს ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება შეუძლია.
ამის შესახებ South China Morning Post- ი სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საუბარია 094A “ძინ”-ის წყალქვეშა ნავის პროექტზე, რომელიც წარმოდგენილ იქნა 30 აპრილს, საზღვაო ძალების ფორმირების 72 წლისთავის აღნიშვნის დროს. მას შეუძლია, ატაროს უახლესი მყარი ატომური კონტინენტთაშორისი რაკეტები JL-3, რომლის ფრენის მანძილი 10 ათას კმ-ს აჭარბებს და, ზოგიერთი შეფასებით, 12 ათას კმ-საც აღწევს.
“094A წყალქვეშა ნავი არის 094 ტიპის მისი ანალოგის განახლებული ვერსია, რომლის შექმნის დროს შესაძლებელი გახდა ერთ-ერთი საკვანძო პრობლემის მოგვარება, რომელიც ხმაურს უკავშირდება და ამის მიღწევა ასოცირების ჰიდროკინეტიკური და ტურბულენტური სისტემების გაუმჯობესებით მოხდა. აღნიშნულმა მისცა მას შესაძლებლობა, ატაროს უფრო ძლიერი JL-3 რაკეტები”, – ციტირებს გაზეთი ერთ-ერთ თანამოსაუბრეს.
წყაროს ინფორმაციითვე, მოდერნიზაციამდე ამ ტიპის წყალქვეშა ნავი აღჭურვილი იყო ნაკლებად მძლავრი JL-2 რაკეტით, რომელსაც შეეძლო სამიზნეების განადგურება შეერთებული შტატების მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ექსპერტების შეფასებით, JL-3-ს, ისევე როგორც მის წინამორბედს, შეუძლია, ატაროს რამდენიმე ბირთვული ქობინი.
ამჟამად, საზღვაო ძალებს 094 პროექტის ექვსი წყალქვეშა ნავი გააჩნიათ სხვადასხვა მოდიფიკაციაში, იგეგმება ასევე ამავე ტიპის კიდევ ორი სარაკეტო წყალქვეშა ნავის დამზადება, რითაც მოძველებული 092 კლასის გემების ჩანაცვლება მოხდება.
მედია ადრე ჩინეთის გეგმაზე საუბრობდა, რომლის მიხედვით 2020-იან წლებში ქვეყანა ახალი, 096 თაობის პროექტზე მუშაობას დაიწყებს.