„თუ ღმერთი ასე გულუხვია ჩემ მიმართ… მეც მინდა გავახარო“…
პროფესიით ექიმია, თუმცა ექიმად არ უმუშავია, კარგი მენეჯერია. ჭიქების ყვავილებით მორთვა პანდემიის დროს დაიწყო, როცა სამსახური დროებით შეჩერდა და უამრავი დრო გამოუჩნდა…
მას მერე ეს საქმე არ შეუწყვეტია…
მისი გვერდი „გოგიტიძე. არტი“ უამრავ ადამიანს უხარებს გულს – ხელნაკეთი ფინჯნები კი საქართველოს ყველაზე მიუვალ სოფლებში უფასოდ იგზავნება! დანახარჯი მეტია, მაგრამ…
„ეს ჩემი საქართველოა! და ყველაფერს ქართულს და ყველა ქართველს ჩვენი მცირე შრომით ვეფერებით“ – ხელოვან ნათია გოგიტიძის პერსონა.
– ჩემი ბავშვობა ჩემი სიმდიდრე და თავშესაფარია. მყავს არაჩვეულებრივი მშობლები და ძმა… ბავშვობიდან დედამ ადამიანების სიყვარული მასწავლა, ეს „აი ია“-ს სწავლასავითაა, კითხვას ხომ ვერ დაივიწყებ… ასეა ადამიანების და სამართლიანობის სიყვარულიც ჩემში.
ექიმობაც დედას უნდოდა, თუმცა უფრო მეტად სულ მარკეტინგულ კომპანიებში მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობდი.
– ხელოვნება და ხატვა თუ გიყვარდა ბავშვობიდან?
– ხატვა არაა… ფერებს თითქოს ბრმა ვარ და ვერ აღვიქვამ… ბავშვობიდან ვწერ ლექსებს:
„…შენ ჰგავხარ წიგნებს, ჰგავხარ დღეებს, ჰგავხარ თარიღებს…
რომელიც მახსოვს, ჭლექიანის როგორც ხველება…
რა გეშველება, ახლა კარი რომ არ გაგიღო
ან რომ გაგიღო, მერე ჩემთან რა გეშველება“?!..
– ამჟამად სხვადასხვა ყვავილით მორთულ ჭიქებს ამზადებ…
– ჭიქების ყვავილებით მორთვა პანდემიის დროს დავიწყე, როცა ჩემი სამსახური დროებით შეჩერდა და უამრავი დრო გამომიჩნდა… თან 6 თვის ორსული ვიყავი… სულ მინდოდა, მეძერწა და მეძერწა ფერადი, ბრდღვიალა ყვავილები…
შეხედავ და… თვალწინ წარმომიდგება ერთი ჩვეულებრივი დიასახლისი, ვისაც ქმარი აღარ ჩუქნის ყვავილებს და ერთი წვეთით ბედნიერი გახდება…
– „გოგიტიძე არტი“ – არ არის მარკეტინგული კომპანია, სადაც ადამიანურ ღირებულებებზე მაღლა დგას „მოგება“. ჩემი ხელნაკეთი ჭიქა საქართველოში ყველაზე მიუვალ სოფელშიც კი მიდის უფასოდ! დანახარჯი მეტია, როცა სოფელში ტრანსპორტირება 13 ლარამდე ჯდება, მაგრამ …
ეს ჩემი საქართველოა! და ყველაფერს ქართულს და ყველა ქართველს ჩვენი მცირე შრომით ვეფერებით“… – წერდი ამას წინათ…
– გაყიდვის ყველა ხრიკი ვიცი, 7 წელია მარკეტინგულ კომპანიაში ვმუშაობ მენეჯერის პოზიციაზე… მაგრამ „გოგიტიძე არტ“-ში შექმნილი ჭიქები მშობლების სახლს ჰგავს, სადაც გჯერა, რომ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი შენ ხარ…
ყველა სოფელში უფასოდ მიგვაქვს… ძალიან დიდი შრომა სჭირდება ერთ ჭიქას, მინიმუმ 3 საათი, მაგრამ წარმოვიდგენ სოფლის გოგონას, ჩემი ჭიქიდან რომ წრუპავს ყავას და ის შრომაც მავიწყდება… ის საათებიც…
– პოლიმერულ თიხას იყენებ…
– ჯერ პაწაწინა ყვავილებს ვამზადებ, შემდეგ ჭიქებს ვრთავ, ღუმელში გამოვწვავ და ვაწებებ… დედოფლებივით არიან მატრაკვეცები, კაპრიზულები, თითქოს ქორწილი აქვთ და ყველაზე მომხიბვლელები უნდა იყვნენ!..
– ყველაზე მეტად რომელი ყვავილებისგან გიყვარს ჭიქების მორთვა?
– ყველაზე ხშირად ვარდებისგან… ფერადები… ბრდღვიალები… ყველა ყვავილი მიყვარს… ჩემი მეუღლე მივლინებიდან ყოველთვის ბრუნდება ყვავილებით. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია… ძალიან მიყვარს, ძალიან…
– შენს გვერდზე – გოგიტიძე არტ.-ზე გათამაშება გქონდა, სადაც ყველაზე აქტიური მონაწილეები ხელნაკეთი ჭიქებით დააჯილდოვე…
– მქონდა გათამაშება, სადაც ერთი გამარჯვებული გამოვლინდებოდა და 6 დავაჯილდოვე. როგორ შეიძლება ვინმეს ასე ძალიან მოსწონდეს შენი ხელნაკეთი და შენ არ მისცე?
თუ ღმერთი ასე გულუხვია ჩემ მიმართ… მეც მინდა გავახარო…
– შენ ყველაზე მეტად რომელი ყვავილებიანი ჭიქა მოგწონს?
– მე ჯერ არ მაქვს ჩემი ჭიქა… სულ გავაჩუქე… გაიყიდა და არ დამრჩა…
– როგორ უთავსებ ერთმანეთს შენს საქმიანობას და ოჯახზე ზრუნვას? შვილები, მეუღლე… მათაც ხომ დრო უნდათ?
– მეუღლე და ორი ვაჟკაცი: წლინახევრის გაბრიელი და ორი თვის ერეკლე შელიები… იმდენი დრო და ყურადღება სჭირდებათ… ასაკი ამიტომ აღვნიშნე… მაგრამ ეს იმდენად ჩემი სულის საქმეა, უამისოდ ვერ ვიცხოვრებ….
– ჰობი…
– ხეტიალი ჩემს საქართველოში… მიყვარს ეს სიტყვა. უდარდელი და თავისუფალია. ადრე ბევრს ვხეტიალობდი მეგობრებთან ერთად… იყო კოცონი, პოეზია… ერთი სული მაქვს, ჩაცხრეს პანდემია, წამოვზარდო ბავშვები და… კიდით-კიდემდე უნდა მოვატარო სამშობლო, ყველა გოჯი შევაყვარო, შევუსისხლხორცო…
– სამომავლოდ?..
– გეგმები არ მაქვს…მაქვს ოცნებები და ….
თამარ შაიშმელაშვილი