კუნძული მალტა სტუმრობის შემთხვევაში ტურისტებს მგზავრობას დაუფინანსებს – ფოტო

“მუზეუმი ღია ცის ქვეშ” – ამ სახელით ცნობილი, ევროპის ერთ-ერთი კუნძული – მალტა, მოგზაურებს ზაფხულში სტუმრობის შემთხვევაში, ვიზიტს დაუფინანსებს.

მიუხედავად იმისა, რომ შუამდინარეთის ეს ულამაზესი კუნძული ჯერაც ბევრი ქვეყნისთვის დაკეტილია, მათ შორის, საქართველოსთვისაც, ივნისამდე მაინც დიდი დროა და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება.

მალტის ტურიზმის მინისტრმა, კლეიტონ ბარტოლომ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ აღნიშნული სამოქმედო გეგმა მიზნად მალტას სასტუმროებისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ისახავს – იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ტურიზმი ახლდება.

როგორ მოქმედებს დაფინანსების სქემა: მალტას ტურიზმის სამსახური ყველა მოგზაურს კონკრეტულ თანხას გადაუხდის წინასწარ შერჩეული სასტუმროების 3 ღამით დაჯავშნის შემთხვევაში.

გაინტერესებს, რა თანხას მიიღებ?

  • მალტას ტურიზმის ორგანო €100 გადაგიხდის ერთ ადამიანზე, თუ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს დაჯავშნი;
  • თუ 4-ვარსკვლავიან სასტუმროზე შეაჩერებ არჩევანს, მაშინ €75-ს მიიღებ;
  • 3*-იანის დაჯავშნის შემთხვევაში კი 50 ევროს მიიღებ.

ამით ყველაფერი არ მთავრდება. იმავე რაოდენობის თანხას გადაგიხდის ის სასტუმროც, რომელსაც აირჩევ. შესაბამისად, მალტაზე სტუმრობის შემთხვევაში, შესაძლებელია, 200 ევროთი დასაჩუქრდე. ამასთან, თუ გადაწყვეტ, რომ ყველაზე პატარა, თუმცა, ისტორიულ კუნძულ გოზოს ეწვიო, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებ.

ინიციატივა მალტას ტურიზმის ორგანოს ეკუთვნის. ტურიზმი მალტის სახელმწიფო ბიუჯეტის 27%-ზე მეტს შეადგენს. 2019 წელს ევროპულ კუნძულს 2.7 მილიონი უცხოელი ესტუმრა, თუმცა, პანდემიის გამო ეს რიცხვი 80%-ით შემცირდა.  მალტის კუნძულებზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და ქვეყანას ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

საერთაშორისო ტურიზმი კი ახლდება, მაგრამ, ჯერჯერობით, უცნობია, “ლოქდაუნის” შემდეგ, როდის მიიღებს მალტა პირველ ტურისტებს. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ კოვიდპანდემიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები მალტაში ეტაპობრივად იხსნება – მაგალითად, 26 აპრილიდან  მუშაობას მაღაზიები განაახლებენ.

სამოგზაურო შეთავაზებას რომ დავუბრუნდეთ, პანდემიის მიუხედავად, იმის იმედით, რომ საზღვრები გაიხსნება და ფრენები აღდგება, შეგვიძლია, მალტაზე საოცნებო შვებულება დავგეგმოთ.

მანამდე კი ნახეთ 7 000-წლიანი ისტორიის მქონე მალტას ულამაზესი ადგილების ფოტოები:

ვალეტა 

მალტას დედაქალაქი, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორისაა.

გოზო

მალტას ყველაზე პატარა კუნძული, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობს. გოზოც, ვალეტას მსგავსად, “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

კომინო

ვალეტასა და გოზოს შორის მდებარე პატარა კუნძული, რომელზეც მოსახლეობა თითქმის არ ცხოვრობს და მხოლოდ ერთი სასტუმრო ფუნქციონირებს. კომინოზე მანქანით გადაადგილება აკრძალულია.

მელიეჰა

სოფელი მალტაზე, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს. მალეიჰა მალტას ყველაზე გრძელ, ქვიშიან პლაჟს გადაყურებს.

მარსაქსლოკი

მარსაქსლოკი მეთევზეობით განთქმული სოფელია. სწორედ აქაა გადაღებული მალტური ფერადი ნავების ცნობილი ფოტო.

წმ. პოლის კუნძული

წმინდა პოლის კუნძული, იგივე სელმუნეტი, მალტას ძირითადი კუნძულია. ის მყვინთავებისა და ოკეანის შესწავლით დაინტერესებულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები