,,ენკას” წარმომადგენელი: იმას, რომ ქუდი დავიხუროთ და ქვეყნიდან გავიდეთ, არ განვიხილავთ

“ხალხმა უნდა გაიგოს, მიწა თურქებს კი არ გადაეცათ, გადაეცა პროექტს. ვიყიდეთ ეს მიწა პროექტის მიზნებისთვის”, – ამის შესახებ კომპანია ,,ენკას” მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორმა, ელენე ღუბიანურმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის ინტერესში არ შედის ხელშეკრულების შეცვლა და იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

,,ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა შეხვედრა და მას დარგის ექსპერტებიც ესწრებოდნენ. ხალხის პროტესტის გათვალისწინებით, მთავრობის შემოთავაზებას დავთანხმდით, რომ შეიქმნას ექსპერტთა სპეციალური კომისია, რომელსაც შესასწავლად გადავცემთ ჩვენს ყველა კვლევას. შეხვედრები გაგრძელდება, რათა თითოეულ კითხვას პასუხი გაეცეს. ახლა მოსამზადებელ ეტაპზე ვართ, ჯერ დიდი სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. რაც შეეხება კაშხლის მშენებლობას, სანამ ექსპერტთა კომისია არ წარმოადგენს დასკვნას, რომ ჩვენი კვლევები ვალიდურია, მშენებლობას არ დავიწყებთ.

ქართველი ცნობილი ექსპერტებისა და კომპანიების, ასევე, უცხოური ავტორიტეტული მეცნიერებისა და კომპანიების მომზადებული დოკუმენტი აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნასა და სტანდარტს. ადგილობრივი ექსპერტების ჩართვაზე პატრონაჟი ახლა სახელმწიფომ აიღო, ის გადაწყვეტს, ვინ შევა კომისიაში.

არ ვიცი, ვის რა პრეტენზია აქვს. ერთადერთი ვიცი, რომ ,,ენერგოპროს” არ სურს ნამოხვანჰესის აშენება. არ ვიცი, ამის უკან რა ინტერესები დგას, მით უფრო, თავად ,,ენერგოპროა” კაშხლების მფლობელი საქართველოში და მხოლოდ ნამოხვანჰესი დააზიანებს გარემოს? მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ მთავრობასთან ხელშეკრულებას, თითოეულ სოფელში სათემო საბჭოები შევქმენით, ხალხთან ერთად განვიხილავდით ჰესის ყველანაირ სარგებელს თუ მათ პრობლემებს. ქვედა ნამოხვანის ზონაში იდენტიფიცირებულ 274 ოჯახთან ინდივიდუალურად მოლაპარაკება გვქონდა. 261 ოჯახისთვის კომპენსაცია სრულად გადახდილი გვაქვს, დარჩენილია 13 ოჯახი, რომლებთანაც ხელშეკრულებას უკვე ვაფორმებთ. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი ოჯახია.

ვისაც კომპენსაცია გადავუხადეთ, აქციაზე არ დგას. მთავარი მხარე, რომელიც დაინტერესებულია, პროექტი უსაფრთხო იყოს, არის ინვესტორი, ზუსტად იმ ინვესტიციიდან გამომდინარე, რომელიც მან ამ უზარმაზარ პროექტში უნდა ჩადოს. იმას, რომ ქუდი დავიხუროთ და ქვეყნიდან გავიდეთ, არ განვიხილავთ.

არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დიდი საფრთხე ემუქრება. როდესაც ხალხი უნდობლობას უცხადებს სახელმწიფოსა და ინვესტორს, რას ვეუბნებით სხვა ინვესტორებს, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა სურთ, ვაფრთხობთ მათ? ეს პროექტი საბჭოთა პერიოდიდან მუშავდება. მასზე მუშაობდნენ მეცნიერები და ექსპერტები. ჩვენი კომპანია 65 ქვეყანაში ოპერირებს და მისი კაპიტალი 5 მილიარდს შეადგენს, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების პატრონია და ამდენწლიან რეპუტაციას პრობლემა შეუქმნას, გამორიცხულია. ჩვენს ინტერესში არ შედის ხელშეკრულების შეცვლა, იმედია, საქმე აქამდე არ მივა”, – განაცხადა ელენე ღუბიანურმა.

,,ენკას” წარმომადგენელი ჰესი უსაფრთხოებისა და ტარიფის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, ტარიფი ძალიან კარგია და რეპუტაციასთან ერთად, ფასიც იყო მთავარი, რომ ამ კომპანიას საერთაშორისო ტენდერში გაემარჯვა.

,,თუ მიწისძვრა მოხდა და ჰესს დაარტყა, ქუთაისს წალეკავსო, ეს მითია. ჩვენს ქვეყანას აქვს ჰიდრორესურსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მერწმუნეთ, იმდენი რესურსი გვაქვს, არცერთი მეზობლისგან არ დაგვჭირდება ელექტროენერგიის ყიდვა.

ტარიფზე სპეკულაციები მსმენია. ამბობენ, რომ შემოტანილი დენი უფრო იაფია, 4 ცენტად შემოაქვთო. 6,2 ცენტი, რაც არის ფურცელზე, შეწონილი ტარიფით რომ გავიანგარიშოთ, გამოვა 4,9. იმპორტირებული რომ გაატარო პიკურ დროს, 8 ცენტამდე მაინც ადის. ენერგეტიკოსებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ძალიან კარგი ტარიფია. რეპუტაციასთან ერთად, ფასიც იყო მთავარი, რომ საერთაშორისო ტენდერში ამ კომპანიამ გაიმარჯვა.

სეისმოლოგიურადაც კიდევ ერთხელ შევისწავლით. არაერთი კვლევაა ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს ექსპერტები გაეცნობიან.

ხალხმა უნდა გაიგოს, მიწა თურქებს კი არ გადაეცათ, გადაეცა პროექტს. ვიყიდეთ ეს მიწა პროექტის მიზნებისთვის იმ მონაკვეთში სახელმწიფომ რაც მართლა სიმბოლურ ფასად გადმოგვცა, მაგრამ იმასაც მოჰყვება დიდი საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც, რომ დათვალოთ, ცოტა არ გამოდის. თან არც გასხვისების უფლება გვაქვს, არც სხვა მიზნებისთვის მისი გამოყენების, მით უმეტეს, თურქების ჩამოსახლების, როგორც ბევრი ამბობს. ხალხს რომ არასწორად აწვდიან ინფორმაციას, ეს იწვევეს ემოციურ ფონს”, – განაცხადა კომპანია ,,ენკას” მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორმა.

თითქმის 6 თვეა, ,,რიონის ხეობის მცველები” ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციებს მართავენ. ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები აიღო. ამის შემდეგ პროტესტმა გუმათში გადაინაცვლა. 14 აპრილს, გამთენიისას, გუმათში პოლიციამ რკინის კედელი აღმართა, რასაც პროტესტი მოჰყვა და პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. გასულ კვირას შეხვედრა გაიმართა აქტივისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. 17 აპრილს სოფელ გუმათში პოლიციამ რკინის კედელი აიღო, რომელიც აქციის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილებას უზღუდავდა. ამასთან, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შექმნას ექსპერტთა საბჭო, რათა სპეციალისტებმა ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტები დეტალურად შეისწავლონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები