ანრი ოხანაშვილი: ფსევდოპატრიოტიზმია, როცა ის ხალხი აპროტესტებს რაღაცას, რომელიც თვითონაა შემჩნეული ოკუპანტთან კავშირში
“ფსევდოპატრიოტიზმია, როცა ის ხალხი აპროტესტებს რაღაცას, რომელიც თვითონ არის შემჩნეული ოკუპანტ სახელმწიფოსთან კავშირებში, დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას ლუსტრაციის კანონზე”, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.
ოხანაშვილის თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ისეთი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
“ჩვენ გავატარებთ იმ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ, რომელიც არის დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნისა და ოკუპანტი ქვეყნის ისეთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სტუმართმოყვარეობაც, მასპინძლობაც, ფსევდოპატრიოტები ჩემთვის სრულიად მიუღებელია. აღარ მინდა, შევიდე შეფასებებში, მაგრამ ფსევდოპატრიოტიზმია, როცა ის ხალხი აპროტესტებს რაღაცას, რომელიც თვითონ არის შემჩნეული რაღაც კავშირებში ოკუპანტ სახელმწიფოსთან – დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას ლუსტრაციის კანონზე, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და, ერთხელ და სამუდამოდ, გავარკვიოთ, ამ ქვეყანაში ვინ ვინ არის”, – განაცხადა ოხანაშვილმა.