ირაკლი ქადაგიშვილი: არ ველოდები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისისთვის, რადგან მიზნები განსხვავებულია
“თუ რომელიღაც პარტია გონივრულ კომპრომისზე არ მოდის, ეს ვერ იქნება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გამაჩერებელი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ ელოდება, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისისთვის.
„კონკრეტულად რა დოკუმენტი დაიდება, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან „დრაფტზე“ მოლაპარაკების პროცესში შეიძლება, გარკვეული კომპრომისი მოხდეს. ახლა, დილით ნაადრევია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე საუბარი. სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისისთვის, რადგან მიზნები განსხვავებულია. თუ ევროპელი მედიატორების მიზანია ქვეყნის ინსტიტუციების გაძლიერება და საპარლამენტო ცხოვრების გაგრძელება, პარტიების მიზნები სხვაა, რომ ამ მიმართულებით პროცესი არ განვითარდეს. იგივე მელიასა და რიგგარეშე საკითხებით სპეკულირება ხდება მუდმივად. სწორედ ეს არის მთავარი სირთულე. ინსტიტუციური გაძლიერების ველზე რომ ყოფილიყო საუბარი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შეთანხმება დიდი ხნის მიღწეული იქნებოდა. თავისთავად, კარგი იქნება, რომ ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, მაგრამ თუ რომელიღაც პარტია გონივრულ კომპრომისზე არ მოდის, ეს ვერ იქნება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გამაჩერებელი”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.