სოზარ სუბარი: გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის პოლარიზაციის სათავე საქართველოში, იმედი მაქვს, დღესაც ამ აზრზეა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის პოლარიზაციის სათავე საქართველოში.

როგორც “პირველ არხს” სუბარმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურებაა, რომ ძლიერი გუნდი შექმნა.

„გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, საქართველოში ვინ არის პოლარიზაციის სათავე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს რომ ძალიან კარგად იცის, გამოჩნდა სიტყვებში, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში როგორც პრემიერმინისტრმა, თქვა, როცა დესტრუქციულ ოპოზიციას მიმართა – მე თქვენ ქუჩაში დაგტოვებთ, თქვენი ადგილი ქუჩაში არისო. იმედი მაქვს, დღესაც ამ აზრზეა და თავის თავს არ ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება მის გეგმებს, ჯერ პარტია ჩამოაყალიბოს, შეფასებას შემდეგ გავაკეთებ. ფაქტია, „ქართული ოცნება” იმ გზას აგრძელებს, რაც ჰქონდა. „ქართული ოცნებიდან” ნებისმიერი ადამიანის წასვლა არ გვიხარია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურება ისაა, რომ ძლიერი გუნდი შექმნა ბევრი ლიდერით. არიან ადამიანები, ვინც იმ ხაზსა და გზას აგრძელებენ, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ” ჩამოაყალიბა და დღემდე მივყვებით. ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხისა და იმ საქმეების იმედი, რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ქართულმა ოპოზიციამ საშუალება არ მოგვცა, მშვიდ გარემოში გვეცხოვრა, მყარი, გარანტირებული მხარდაჭერა გვაქვს. „ქართული ოცნება” ყოველგვარი ძალადობის, მოსყიდვისა და გაყალბების გარეშე ყველა არჩევნებზე იმარჯვებს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები