ამირან გამყრელიძე: ერთმანეთი დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში

“კოვიდ-ეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის. თუმცა, ვაქცინასთან ერთად ჩვენ კიდევ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხშირად ხელების დაბანა, სანიტარიზაცია და დიდ შეკრებებზე უარის თქმა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან მან მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

„ჩვენს ქვეყანაში კოვიდ-ეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის. თუმცა, ვაქცინასთან ერთად ჩვენ კიდევ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დიდხანს დაგვჭირდება დისტანცია, ხშირად ხელების დაბანა, სანიტარიზაცია და დიდ შეკრებებზე უარის თქმა.

ჩვენ რომ საზოგადოებაში კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%. ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე ჯერჯერობით არცერთი ვაქცინა არ გამოიყენება. არის ერთი გამონაკლისი, რომელიც 16 წლიდან გამოიყენება. იცრება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობა. კლინიკური კვლევები ორსულებსა და ბავშვებზე არ ჩატარებულა, ამიტომ ამ ორ ჯგუფზე თავს ვიკავებთ აცრისგან. მოზრდილი მოსახლეობა საქართველოში არის დაახლოებით 3.8 მილიონი მისი 60% არის დაახლოებით 1.7 მილიონი. თუ ეს რაოდენობა წლის ბოლომდე ავცერით, თამამად ვიტყვით, რომ ეპიდემია ქვეყანაში დავამარცხეთ და თანდათანობით ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. ყველამ ერთად ვეცადოთ, რომ ვიყოთ ძალიან სოლიდარული, ძალიან აქტიური ამ პროცესში, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას. ერთმანეთს ვუთხრათ, ერთმანეთი დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში. ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და იხსნის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები