მიხეილ ყაველაშვილი: 10-11 წლის გოგოებს უგზავნიდნენ სასქესო ორგანოების სურათებს და ასეთი სახის შეურაცხყოფას მმართველი ძალა კადრულობდა
მიხეილ ყაველაშვილი ბერა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავსა და სხვებს პატივს სცემს, შეურაცხყოფაზე პასუხის მოთხოვნა „ჩვეულებრივი ამბავია“. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩანაწერის გაკეთების დროს ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო, ირაკლი ღარიბაშვილს კი სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავა.
ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მმართველ გუნდს მორალს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები უკითხავენ.
„მე როცა დავუპირისპირდი „ნაციონალურ მოძრაობას“, იცით,
რა საკითხებზე იყო ეს თემა? პირდაპირი შეურაცხყოფა. წარმოგიდგენიათ, 10-11 წლის გოგოებს უგზავნიდნენ სასქესო ორგანოების სურათებს და ასეთი სახის შეურაცხყოფას მმართველი ძალა კადრულობდა. ამაზე არ ხდებოდა აღშფოთება. ეს ადამიანები კადრულობენ ამას. ნუ გაახსენებენ ადამიანებს, რას ჩადიოდნენ. ტელეკამერებით, ადამიანების საცვლების ამარა, მეუღლესთან ერთად დაჭერები რომ დაიწყეს და შოუებს რომ დგამდგნენ. გირგვლიანის თემა ვახსენე, ღამის 3 საათზე გადაფორმებები. რაც კი საზიზღრობა არსებობს, ყველაფერი იკადრა ამ ხალხმა და დააგვირგვინეს ციხის კადრებით. ეს უნდა იცოდეთ, ამას ვერაფერი გადაფარავს. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს სამართლიანობაზე, არჩევნებზე გვესაუბრებიან, მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობით ხდებოდა მსგავსი საკითხები. ვერ დავასახელებ იმ ადამიანის გვარს, ერთ-ერთი კანდიდატი იყო ერთ-ერთი ფედერაციის. ისე სცემეს, საავადმყოფოში მოხვდა. რომ დაეტოვებინა ქვეყანა, იცით, რა გაუგზავნეს? თავისი 3 წლის ძმისშვილის ვიდეო და პირდაპირი მუქარა იყო, რომ რა დაემართება შენს ძმისშვილს, არ გეცოდინებაო. აი, ასეთ რაღაცებს კადრულობდა ეს ხალხი. იცით, ვინ ხელმძღვანელობდა ამას? აი, ეს ადამიანები: დაწყებული სააკაშვილიდან, გიგა ბოკერია და გიგი უგულავათი დამთავრებული. დღეს რომ სამართალს და მორალს გვიკითხავენ, ეს ადამიანები იყვნენ ხელმძღვანელები. აი, ამაზე უნდა აღშფოთდეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.