„ჩემს ნაქსოვებში კარგად ჩანს ჩემი ხასიათი“ – მარიკას ფერადი და „აყვავებული“ ჩანთები

ხელოვნება ბავშვობიდან უყვარდა, სკოლაში სხვადასხვა წრეზე დადიოდა, საგნებსაც კარგად სწავლობდა, მაგრამ ბოლოს მათემატიკას მიანიჭა უპირატესობა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.
მათემატიკის მასწავლებელია, თუმცა ქსოვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება არასოდეს მიუტოვებია.
ამ ბოლო დროს კი მისმა ნაქსოვმა ულამაზესმა ჩანთებმა მიიპყრო ყურადღება.
ამბობს, რომ ყველა სეზონზე შესაბამის  ჩანთას ქსოვს, თუმცა  მისი ფერადი და „აყვავებული“ ჩანთები მაინც უფრო გაზაფხულთან და ზაფხულთან ასოცირდება.
კარანტინის პერიოდი მისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, ბევრი თავისუფალი დრო  ჰქონდა და ჩანთების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ დროს შექმნა.
ბოლო დროს თაიგულებისთვის ყვავილების მოქსოვაც დაიწყო. სამომავლოდ კი ახალ იდეებს და გამოფენას გვპირდება. – მარიკა ეცადაშვილის პერსონა.

– გავიზარდე  გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ეკონომისტისა და  მასწავლებლის ოჯახში. მყავს ორი უფროსი ძმა. ნამდვილად  ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ირგვლივ მყავდა…
ბავშვობიდანვე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. სკოლაში  საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, დავდიოდი ხელოვნების სხვადასხვა წრეზე, ეზოში მეგობრებთან ერთად სათამაშო დროც ყოველთვის მქონდა და მშობლებსაც ვეხმარებოდი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.
სკოლა ძალიან ტკბილად მახსენდება. ირგვლივ არაჩვეულებრივი მასწავლებლები და თანაკლასელები მყავდნენ. ყველა საგანს თითქმის ერთნაირად ვსწავლობდი… ბოლო წლებში გამოკვეთა, რომ მათემატიკა გამომდიოდა ყველაზე კარგად და,  საბოლოოდ, ჩემი პროფესიაც მას დავუკავშირე, სწავლა განვაგრძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამჟამად ვარ მათემატიკის მოქმედი მასწავლებელი. მასწავლებლობა ჩემი ოცნების პროფესიაა. მთელი გულით მიყვარს  სკოლა, ჩემი ბავშვები, ჩემი საგანი და, შეიძლება ითქვას, რომ მოვხვდი იქ, სადაც უნდა ვიყო.
– როდის დაიწყეთ ხელნაკეთების დამზადება? პირველი ნამუშევრები.
– ხელოვნება ბავშვობიდანვე მიყვარდა. 11 წლის ასაკში  ჩემმა ბიძაშვილმა, ეკა ეცადაშვილმა შემასწავლა ყაისნაღით ქსოვა (კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას) და მას მერე არც არასოდეს მიმიტოვებია ქსოვა. ჩემი პირველი ნამუშევრები ჩემი ძმიშვილისთვის მოქსოვილი ქუდი, ფაჩუჩები და სათამაშოებია. სათამაშოებიდან ახლაც შემონახული მაქვს ბოთლზე მოქსოვილი ძაღლი.
– სხვადასხვა ფერის ძაფისგან ულამაზეს ჩანთებს ქსოვთ. კესანები, გვირილები, ბლები, მზესუმზირები… – ვფიქრობ, ჩემს ხელნაკეთებში ჩემი ხასიათი კარგად ჩანს. ძალიან მიყვარს ბუნება, მთები, მინდვრის ყვავილები… გადავწყვიტე, მათი სიყვარული ჩემს შემოქმედებაშიც შემომეტანა და აქედან გაჩნდა „გვირილა”, „კესანე”, „მზესუმზირა” და…  ჩანთები.
ყველა ჩანთა გამორჩეულად მიყვარს, მთელ სულსა და გულს ვაქსოვ მათში, თუმცა ყველაზე მეტად  ჩემი პირველი ხელნაკეთი ჩანთა მიყვარს, რომელიც  სტუდენტობის პერიოდში პოლიეთილენის პარკებისგან მოვქსოვე და მაშინ უბედნიერესი ვიყავი.
– მარიკას ხელნაკეთები მოსწონს მნახველს.
თქვენს გვერდზე
მარიკასხელნაკეთები Marika’s Handmades  ჩანთები გაზაფხულის, შემოდგომის სეზონების მიხედვითაა განთავსებული. და მაინც,  რომელ ჩანთებზეა მოთხოვნილება? რა მასალებს იყენებთ მუშაობის დროს?
– ვცდილობ, ყველა სეზონზე შესაბამისი ჩანთა მოვქსოვო, თუმცა  ჩემი ფერადი და „აყვავებული“ ჩანთები, ძირითადად, გაზაფხულთან და ზაფხულთან ასოცირდება, მოთხოვნილებაც, ძირითადად, ყვავილებით გაფორმებულ  ჩანთებზეა, როგორიცაა ჩანთები – გვირილით, კესანებით და მზესუმზირათი.
ჩანთებზე მუშაობის დროს ძირითადად ვიყენებ ტრიკოტაჟის ძაფს, მაკრამეს და პოლიეთილენის პარკებს.
– შთაგონება…
– შთაგონება და იდეები მჭირდება ნამდვილად. იდეები მოდის და მეც არ ვაყოვნებ.
– პანდემია და ხელოვნება – იყო თუ არა ნაყოფიერი კარანტინის პერიოდი?
–  ჩანთების ქსოვა აქტიურად დავიწყე პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე. ძირითადად, ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ვქსოვდი.  ჩანთების ფოტოებს ჩემს პირად ფეისბუქგვერდზე ვათავსებდი და დიდ მოწონებასაც იმსახურებდნენ.
კარანტინის პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, ბევრი თავისუფალი დრო  მქონდა, იდეების სიმცირესაც არ ვუჩიოდი და სწორედ მაშინ შევქმენი  ჩანთების უმეტესი ნაწილი. სწორედ პანდემიის პერიოდში შეიქმნა  „მარიკას ხელნაკეთების“ გვერდიც.
– ჰობი…
– შეიძლება ითქვას, რომ ქსოვა ჩემი ჰობია. ასევე  მიყვარს მუსიკა, ვუკრავ რამდენიმე ინსტრუმენტზე.
ოჯახი… ვის აინტერესებს თქვენი ხელოვნება ოჯახში კიდევ?
– მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი. ჩემი შემოქმედება ოჯახში ყველას აინტერესებს და ყველანაირად მეხმარებიან. ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი მეუღლეა.
– გამოფენები… სამომავლო გეგმები.
– ბოლო დროს ყვავილების ქსოვაც დავიწყე თაიგულებითვის, რომელებსაც დიდი გამოხმაურება და მოწონებები მოჰყვა. სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს, არ მინდა მხოლოდ ამით შემოვიფარგლო. კიდევ ბევრ  სიახლეს გპირდებით, მათ შორის გამოფენასაც.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები