„ჩემი უსაყვარლესი თემა დედაშვილობაა“ – პანდემია, იასამნები, ქარგვის სამყარო და წერილები მომავალ შვილს…

პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა არცერთი დღე არ უმუშავია თავისი სპეციალობით. 14 წელია საჯარო სამსახურში, რომელიც ძალიან ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს, თავისუფალ დრო კი ქარგავს. ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტმა, 18 წლის ასაკში პირველად მოქარგა მინდვრის ყვავილები, შემდეგ ბავშვებსა და ყვავილების თაიგულებზე გადაერთო. თუმცა გამორჩეულად მაინც იასამნები უყვარს.
ქარგვასთან ერთად წერს მოთხრობებს. ამბობს, რომ ბედნიერია და სული და გული გადაქვს ფურცლებზე.
ყველაზე რთული პერიოდი პანდემია და კარჩაკეტილი ცხოვრება იყო, თავადაც 22 დღე ებრძოდა კორონავირუსს, და ამ დღეების შთაბეჭდილებამ თავისი ისტორია დააწერინა.
სამომავლოდ აპირებს ქარგვის გაგრძელებას და ასევე სპეციალისტებთან ერთად ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელიც მარტოხელა დედებს დაეხმარება. – მაია არაყიშვილის პერსონა.

– ძალიან ბედნიერი, უდარდელი ბავშვობა მქონდა. ჩემთვის სიტყვა „არა“ და „ვერ“ არ არსებობდა. თუმცა თქმაც არ მჭირდებოდა, ყველაფერი თავისით მისრულდებოდა. პრობლემური ბავშვი არ ვიყავი, ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებდა, მშობლები მანებივრებდნენ, ბევრი ბედნიერი წუთი მახსოვს, ყველაზე მეტად კი – ჩემი ტყუპი დის დაბადება… ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. მაშინ 8 წლის ვიყავი.
– პროფესიით სტომატოლოგი ხართ…
–  ბავშვობიდან სკოლის დასრულებამდე მეგონა, რომ უცხო ენებზე ვაბარებდი, ვემზადებოდი კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში მოულოდნელად გადავწყვიტე სტომატოლოგიურზე ჩაბარება, ასეც მოხდა, გავხდი სტომატოლოგი, ფაკულტეტი წარმატებით დავამთავრე, რეზიდენტურაც გავიარე, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, ექიმობაზე უარი ვთქვი და სააჯარო სამსახურში აღმოვჩნდი.
– ქარგვა და წერა თქვენი ჰობია.  პირველი ნამუშევრები…
– ვერასოდეს წარმომედგინა, რომ ხელოვნება ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა, არც კერვა ვიცოდი, არც ხატვა, არც სიმღერა. 18 წლის რომ ვიყავი, უკვე პირველი კურსის სტუდენტი, ჩემი მეზობელი ქარგვას სწავლობდა, ძალიან მომეწონა, დავინტერესდი, ვუყურებდი, როგორ გამოჰყავდა ძაფით და ნემსით ჯვრები და როგორ იქმნებოდა ნაჭერზე ულამაზესი სიუჟეტები, ეს იყო და ეს… ამის შემდეგ არც შევჩერებულვარ, პირველი ნაქარგი კი ულამაზესი მინდვრის ყვავილები იყო, რომლებიც უამრავი ფერისგან შედგებოდა.
საჯარო სამსახურში მუშაობთ.  როდის ახერხებთ ქარგვას?
– 14 წელია უკვე საჯარო სამსახურში ვმუშაობ, რომელიც ძალიან ბევრ დროს და ბევრ ენერგიას მოითხოვს, როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, ვცდილობ, ვქარგო, რომელიც ასევე ბევრ დროს მოითხოვს, თუმცა არის პერიოდები, როცა ვერ ვქარგავ.
უწინ, ძირითადად, ბავშვებს ვქარგავდი, თუმცა ახლა ყვავილების ლამაზ თაიგულებზე გადავერთე, ჯერჯერობით რაც არ მიტაცებს და არც ქარგვა მინდა, ეს ფოტოებია.

– მხოლოდ ჯვარედინად ქარგავთ თუ სხვა სახეობითაც?
– ქარგვა შევიყვარე და დავიწყე ჯვარედინი ქარგვით, ვისწავლე, ასევე, წყალი (გლადიუ) ქარგვა, ხოლო შემდეგ აღმოვაჩინე ლენტებით ქარგვა, რომელიც ძალიან მომეწონა, უფრო სწორად აღვფრთოვანდი. ეს, – ახლა უკვე ჩემი მეგობრის – ნანა გელაშვილის საოცარი, ზღაპრული ნაქარგებია, იგი ლენტებით ქარგვის დედოფლად მიმაჩნია.
მან მასწავლა და უფრო მეტად შემიყვანა ამ საოცარ სამყაროში. ახლაც ვცდილობ, ვისწავლო სხვადასხვა მიმდინარეობა და უფრო დავხვეწო ჩემი ნაქარგები.
– გამოირჩევა დედაშვილობის თემაზე შესრულებული ნაქარგები….
– თითოეული ჩემი ნაქარგი ჩემი სულის ნაწილია. რომ მკითხოთ, ყველაზე მეტად რომელი გიყვარსო, დავფიქრდები და მაინც ვერ გიპასუხებთ, რადგან თითოეულში ჩემი მაშინდელი ემოცია და სიყვარულია. თუმცა მაინც გამოვარჩევ დედას, რომელიც ელოდება შვილს და ასევე ქალს, რომელიც ტყუპებს ეხუტება.
ჩემი უსაყვარლესი თემა დედაშვილობაა. ეს ორივე მოვქარგე კარანტინის დროს, ვქარგავდი და ვფიქრობდი, რა ბედნიერია ქალი ორივე ამ შემთხვევაში.
– ეტყობა, ყვავილებიდან  იასამნების ქარგვა ყველაზე მეტად  გიყვართ…
– იასამანი… ყვავილი, რომელიც მაბედნიერებს და მახარებს, ყოველთვის, წელიწადის იმ დროს, როდესაც იასამანი ყვავის, მეც სულ სხვანაირად ბედნიერი ვარ.  რატომღაც მგონია, რომ იასამანი ნაღვლიანია და მეც, როდესაც სევდიანი ვარ და მეტირება, წარმოვიდგენ ჩემსავით მოწყენილ, წვიმის წვეთებით სავსე იასამანს – ჩემს ოცნებებს, დარდსა და ტკივილს, ასევე ბედნიერ წუთებსაც მას ვუზიარებ.
ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი სიყვარული ამ ყვავილისადმი და ჩემს შემოქმედებაშიც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იასამნებს უკავია.
– ქარგვასთან ერთად წერთ მოთხრობებს.  წერა 25-26 წლის ასაკში დაიწყეთ. ამბობთ, რომ ბავშვებზე წერა გიყვართ…
– ერთ-ერთი ჩემი ყველაზე  საყვარელი და მთავარი ჰობი წერაა, სკოლა ისე დავამთავრე, თავისუფალი თემაც კი არ დამიწერია. ალბათ ძალიან წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, როდესაც პირველად დავწერე.
წერა დავიწყე დაახლოებით 25-26 წლისამ, აი, ერთ დღეს კი დავიწყე წერა, თავიდან როცა წვიმდა, მაშინ ვწერდი, მერე, როცა ცუდ განწყობაზე ვიყავი, შემდეგ ორივე უნდა დამთხვეოდა…
ბოლო რამდენიმე წელია  უბრალოდ ვწერ და ვისვენებ, ვწერ და ბედნიერი ვარ, ჩემი სული და გული გადმომაქვს ფურცლებზე. საყვარელი თემა კი, ისევე როგორც ქარგვაში, აქაც ბავშვებია. ვუწერ ასევე ჩემს მომავალ შვილს, რომელიც, როცა გაჩნდება, წაიკითხავს, როგორ ველი და დარწმუნებული ვარ, ძალიან გაიხარებს, და ისევე ბედნიერი იქნება, როგორც მე – მისი დაბადებით.

– პანდემია… როგორ იმოქმედა კარანტინმა თქვენზე შემოქმედებითი თვალსაზრისით?
– ჩემი ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი პანდემია და კარჩაკეტილი ცხოვრება იყო, თუმცა  ეს პერიოდი მაინც ნაყოფიერად გამოვიყენე ჩემს შემოქმედებაში, მოვქარგე ისეთი ნაქარგები, რომლებსაც ძალიან დიდხანს ვაპირებდი, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ვქარგავდი, ასევე, ჩემი პირადი გამოცდილების მაგალითზე, დავწერე ისტორია, რომელიც თავს გადამხდა „კოვიდის“ სახით, 22 დღე ვებრძოდი „კოვიდს“, აქედან 17 დღე – საავადმყოფოში, და ვეცადე, ყოველი დღე და ყოველი ემოცია გადმომეტანა ფურცლებზე.
მომავალში მარტოხელა დედების დახმარების, მათი უფლებების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე  ფიქრობთ…
– სამი წლის მანძილზე მე და ჩემი მეგობრები საქველმოქმედო აქციებით ვეხმარებოდით მრავალშვილიან ოჯახებს, 3 წლის მანძილზე მოვახერხეთ და გავახარეთ 43 ოჯახი და 176 ბავშვი (პანდემიის გამო, სამწუხაროდ, დროებით შევჩერდით). მათზე დაკვირვებით კი მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მარტოხელა დედაა, რომლებიც, გარდა მატერიალური სიდუხჭირისა, ასევე არიან ძალადობის მსხვერპლნი, არ იციან თავიანთი უფლებები და განიცდიან ფსიქოლოგიურ დარტყმებს. შემდეგ უჭირთ კი ბავშვებთან ურთიერთობა.
მომავალში ჩემი მთავარი გეგმაა, ჩემს მეგობრებთან, სპეციალისტებთან ერთად ჩამოვაყალიბო ჯგუფი, რომლებიც ერთობლივად ვიმუშავებთ ასეთ დედებთან და ვასწავლით მათ უფლებებს, მივცემთ ძალას, გაუძლონ მარტო პრობლემების გადალახვაში და შეძლონ შვილებთან ერთად ბედნიერად ცხოვრება. იმედია, ეს აუცილებლად გამოვა.
რაზე ოცნებობთ?
– რამდენიმე ოცნება მაქვს, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნებაა, გავხდე დედა და მეც დამიძახოს შვილმა: „დედა“. ჩემი საყვარელი გამოთქმაა: „ყველაფერი კარგად იქნება“… ასეც მგონია, რომ იქნება.

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები