ამირან გამყრელიძე: თუ არ დაგვაღალატეს, ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ მარტში
“ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით როგორც „კოვაქს“-პლატფორმის მეშვეობით, ისე – პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის საერთოდ ვაქცინაციის მთავარი ჩამტარებელი ქვეყანაში, იმუნიზაციის პროგრამას უწევს კოორდინაციას. „ფაიზერთან“ დაკავშირებით სერიოზულად მოვემზადეთ, ცენტრი ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოგისტიკაზე.
ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს. მიმდინარეობს მუშაობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც „კოვაქს“-პლატფორმის მეშვეობით, ისე პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან.
„ფაიზერი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი დღეს და სურს, ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც „კოვაქსიდან“ უნდა მომარაგებულიყო, ჩვენც შევდიოდით 18 ქვეყანაში, გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ ვიცით „ფაიზერთან“ მიმართებით, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იგივე „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით „კოვაქსით“ და პირდაპირი მოლაპარაკებით „ასტრაზენეკას“ ორ მწარმოებელთან. წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ მარტში, რადგან კონტრაქტები გაფორმებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ ითხოვს „ფაიზერი“ დამატებით პირობებს.
„იანვარში იყო წამოყენებული სამი მთავარი პირობა, რომელიც დააკმაყოფილა საქართველომ, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც მიეცა „ფაიზერის“ გარკვეული დოზები, პირდაპირ გეტყვით, გაუფუჭდათ, რადგან არ იქნა დაცული პირობები. 4-5 დღის წინ მოვიდა დამატებითი პირობები, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.