„ჩემი უმთავრესი მიზანი ევროპული სტანდარტების საქართველოში შემოტანა და დანერგვაა“ – ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი,  რომელიც  „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანია

მუსიკოსის და ინჟინრის ოჯახში დაიბადა.
ბაბუა ქართული ფილმების დირექტორი იყო და ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი რეჟისორები და მსახიობები…
თავადაც აქტიური ბავშვი იყო. სკოლაში სხვადასხვა პროექტის გამარჯვებული,
 სტუდენტობის პერიოდში კი გაეროს ეგიდით მოქმედ სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციის  წევრი იყო.
სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურა ჯერ თურქეთის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში გაიარა, შემდეგ  კი   ავსტრიის გრაცის საუნივერსტიტეტო კლინიკაში აიმაღლა კვალიფიკაცია.
2006 წლიდან ,,ალიანსი კიბოს წინააღმდეგვიცეპრეზიდენტია, 2014 წლიდან  ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტია ონკოგინეკოლოგიაში, 2015 წლიდან ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრია (ESGO Council Member) .
თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოგინეკოლოგის,  დინა ქურდიანის პერსონა.

 ბავშვობა. ოჯახი… როდის გადაწყვიტეთ ექიმობა…
– დავიბადე თბილისში, მუსიკოსისა და ინჟინრის ოჯახში. ბაბუა შალვა ქურდიანი იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი,  ფილმების – „მაგდანას ლურჯას“, „ქეთო და კოტეს“, „ბაში-აჩუკის“, „დღე პირველი დღე უკანასკნელის“, „ჭრიჭინას“ დირექტორი.
მრავალი სახელოვანი რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი… სტუმრობდა  ჩვენს ოჯახს. მე პატარა ვიყავი… ელენე ახვლედიანი არ მახსოვს, მაგრამ გადმოცემით ვიცი. ჩვენს სახლში სალონური საღამოები იმართებოდა.
ელენე ახვლედიანს პატარა ჩანახატი ჩვენს სახლში დაუხატავს.
ყველაზე მეტად მაინც რეზო ლაღიძე და არჩილ კერესელიძე დამამახსოვრდა. მოდიოდა ასევე ლეილა აბაშიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი დადიოდა ხშირად…
ბებიაჩემი საკავშირო მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო, მისი სახელი მქვია მეც. უფრო ბებიას ვგავარ.
ერთხელ სხდომაზე აგვიანდებოდა მარტვილში და მდინარე აბაშა ადიდებული დახვდა.  ცხენით შევარდა ადიდებულ აბაშაში და არ გააცდინა თათბირი…

პროფესორ კარლ ტამუზინოსთან ერთად საოპერაციოში

ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი. სკოლის ასაკში არაერთ  პროექტში  გავიმარჯვე. შემდგომ, უკვე სტუდენტობის პერიოდში, გაეროს ეგიდით მოქმედ სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვიყავი გაწევრიანებული და უფრო მეტი სიახლოვე მქონდა ონკოლოგიურ დაავადებებთან.
იმ პერიოდში საქართველოში სკრინინგული პროგრამები არ ხორციელდებოდა. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი სხვაობა იყო ევროპულსა და ქართულ  სტანდარტებს შორის. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ცოდნას მაქსიმალურად ვიღრმავდებდი და ორიენტირი ონკოგინეკოლოგიაზე ავიღე. მაშინაც და დღესაც ჩემი უმთავრესი მიზანი  ევროპული სტანდარტების საქართველოში შემოტანა და დანერგვაა.
რეზიდენტურის ნაწილი საქართველოში, ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში გაიარეთ, შემდეგ კი – თურქეთის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, შემდგომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპის სხვადასხვა კლინიკაშიც მოგიხდათ გასვლა. რა შეგძინათ იმ პერიოდმა?

პროფესორ კარლ ტამუზინოსთან ერთად, შეხვედრა 10 წლის შემდეგ

– რეზიდენტურის და ინტერშიპის ფარგლებში ვიმყოფებოდი ანკარაში და გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია). ჩემი ხელძღვანელები იყვნენ საკმაოდ ცნობილი პროფესორები, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რაიმუნდ ვინთერი და კარლ ტამუზინო, რომლებიც ონკოლოგინეკოლოგიაში მრავალი ქირურგიული მეთოდის დანერგვის პიონერები იყვნენ, ასევე მათ მიერ არის შექმნილი არაერთი საერთაშორისო  ონკოგინეკოლოგიური გაიდლაინი.
მათ გვერდით მუშაობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩემი, როგორც ექიმის, ჩამოყალიბებაზე. 2017 წელს  ვენაში,  ევროპის ონკოგინეკოლოგთა კონგრესზე, განსაკუთრებული სიამაყე დამეუფლა, რომ ერთ სესიაზე  მე და ჩემი ხელმძღვანელი ვიყავით მომხსენებლები.
ამბობთ, რომ თქვენი უმთავრესი მიზანი ევროპული სტანდარტების საქართველოში შემოტანა და დანერგვაა. სკრინინგპროგრამებში დღეს აქტიურად არის ჩაბმული მოსახლეობა. როგორი მაჩვენებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს მხრივ რინინგპროგრამამდე და პროგრამის ამოქმედების შემდეგ, და თუ არის შემცირების დინამიკა?
– კიბოს განვითრების რისკი ასაკთან ერთად მატულობს. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში კიბოს ახალი შემთხვევების დაახლოებით 58%, ხოლო დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მხოლოდ 40% (საქართველოც ამ კატეგორიას მიეკუთვნება) 65 წლის ასაკში ან  უფრო გვიან  ვლინდება. ეს სხვაობა მეტწილად უკავშირდება ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებებს მოსახლეობის შიდა ასაკობრივი სტრუქტურის თვალსაზრისით. რეპროდუქციის ასაკში ქალთა შორის საქართველოში კიბოთი ავადობა თითქმის ორჯერ მაღალია მამაკაცთა ავადობასთან შედარებით, ხოლო 65 წლიდან ავადობა სჭარბობს კაცებში.
ქალთა ავთვისებიანი სიმსივნეების სტრუქტურაში ძუძუს კიბოს შემთხვევებზე მოდის მთლიანი ავადობის 20,5%. საქართველოში ეს მაჩვენებელი 36%-ს აღწევს. მამაკაცთა შორის ეს დაავადება ძალზე იშვიათია და შემთხვევათა 1%-ს არ აღემატება.
ყოველწლიურად საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო უდგინდება 400-მდე ქალს, რაც შეადგენს 13, 5-ს ყოველ 100.000 მოსახლეზე. ის ყველა ავთვისებიანი სიმსივნეების 9,2% შეადგენს და ქალთა ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობის სტრუქტურაში სტაბილური მეორე ადგილი უკავია ძუძუს კიბოს შემდეგ.
2011 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგპროგრამები, მიზნობრივი პოპულაცია: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებისთვის;   პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის კაცებისთვის; კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის მოსახლეობისთვის.
„არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების კვლევის“  (STEPS-2016) მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სიცოცხლის განმავლობაში 30-49 წლის ქალთა მხოლოდ 23.9%-მა ჩაიტარა. რაც უფრო მეტად მოხდება სკრინინგპროგრამებში პაციენტების ჩართვა, მით უფრო კარგი შედეგი და გამოჯანმრთელების მაღალი პროცენტულობა იქნება.

  • სკრინინგ პროგრამის ეფექტურობას პროგრამის მასშტაბი განსაზღვრავს. ეს არის სამიზნე ჯგუფში ქალთა პროცენტი, რომელთაც გაიარეს სკრინინგი ან ტესტირება ბოლო ხუთი წლის მანძილზე.
  • მოსახლეობის 80%-ის მოცვა პროგრამის ფარგლებში (პაპ ტესტირება) სიკვდილიანობის მაჩვენებლის დაახლოებით 95%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოში სკრინინგპროგრამების აქტიური დანერგვის გამო 2009 წელს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, სიბრძნის მარგალიტის  ჯილდო მიიღეთ…
– დიახ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა საქართველოს გაეროს განვითარების ფონდს,  ჯანდაცვის მაშინდელ კომიტეტს და ონკოლოგიურ ცენტრს…
2015 წლიდან კი  ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი ხართ (ESGO Council Member)… როგორ უნდა მოხდეს კიბოს პრევენცია, რას აკეთებს საამისოდ ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოება?
– აღნიშნული ორგანიზაცია 1983 წელს  დაფუძნდა და აერთიანებს 10 000 პროფესიონალს ევროპის მასშტაბით. ჯერ ვიყავი ახალგაზრდა ონკოგინეკოლოგთა წარმომადგენელი საქართველოდან და მოკლე ხანში გავხდი საბჭოს წევრი. დღესდღეობით, მე ვარ ერთადერთი ქართველი საბჭოში, რომელიც  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს წარმოვადგენ.
ვარ სამ კომიტეტში, ანუ ვკურირებ სამედიცინო განათლებას და კლინიკების აკრედიტაციის კომიტეტს, ასევე ვარ პაციენტთა ადვოკატირების კომიტეტში. ვროპის ონკოგინეკოლოგთა ორგანიზაციის (ESGO) მისია  არის – კიბოს პრევენცია, თანამედროვე გაიდლაინების შექმნა და განათლება.
– ერთ ინტერვიუში თქვენ ყურადღება გაამახვილეთ საკვერცხის კიბოზე და მის რისკფაქტორებზე. ამ მხრივ რა ვითარებაა საქართველოში და როგორ შეიცვლება სურათი, რომ არსებობდეს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა?
– საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი იზრდება იმ ქალებში, რომლებსაც სპეციფიკური მემკვიდრეობითი გენური დარღვევები აქვთ. საკვერცხის კიბო გენური დარღვევის – BRCA მუტაციის მქონე ქალების 40%-ზე მეტს უვითარდება, მაშინ, როცა ზოგად პოპულაციაში ეს რისკი 1.4 %-ს შეადგენს. საკვერცხის კიბო იწვევს იმაზე მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე ქალის რეპროდუქტიული სისტემის სხვა რომელიმე სიმსივნე. ყოველწლიურად საკვერცხით გამოწვეული სიკვდილობა ევროპაში 42.700-ს აღწევს. კიბოს აღმოსაჩენად რომელიმე სკრინინგული პროგრამის ეფექტურობა დადგენილი არ არის.
საკვერცხის კიბოს სიმპტომები არასპეციფიკურია და შესაძლოა, მიეკუთვნოს სხვა ნაკლებად სერიოზულ მდგომარეობებს. ამ მიზეზით, შემთხვევები ხშირად დიაგნოზირდება გვიან სტადიაზე, თუმცა, ბოლო 35 წლის მანძილზე 5წლიანი გადარჩენადობა გახანგრძლივდა იმის მიხედვით, თუ როგორია მკურნალობის რეკომენდებული მოდელები (ქირურგიული და ქიმიოთერპიული) და მათი კომბინაცია. სახელმწიფო ქირურგიულ და მედიკამენზოზურ მკურნალობას აფინანსებს, თუმცა ტარგეტულთერაპია კვლავ პრობლემად რჩება
როგორც ონკოგინეკოლოგი, რომელ პრობლემებზე  გაამახვილებდით ყურადღებას?
– ტარგეტული მკურნალობის მიუწვდომლობაზე მაღალი ფასის გამო, გენეტიკური ანალიზების მაღალ  ფასებზე, კლინიკური კვლევების არარსებობაზე ონკოგინეკოლოგიაში…
2006 წლიდანალიანსი კიბოს წინააღმდეგვიცეპრეზიდენტი ხართ. რას საქმიანობს ეს ალიანსი და მისი მნიშვნელობა კიბოს წინააღმდეგ?
– აღნიშნული ალიანსი არასამთავრობო ორგანიზაციაა და ახორციელებს ბევრ აქტივობას, რაც მოსახლეობის პრევენციასა და განათლების ამაღლებაზე არის დაფუძნებული, ჩატარებული აქვს უამრავი  საერთაშორისო კონფერენცია,  პაციენტთა ადვოკაცია,  იძულებით გადაადგილებულ პირებში უფასო გამოკვლევები, მე პირადად გავიმარჯვე საშვილოსნოსა და საკვერცხის კიბოს ფონური დაავადებების გამოვლენის პროექტში.
20 სექტემბერს გინეკოლოგიური კიბოს წინააღმდეგ თბილისში გლობალური მარათონის ინიციატორი ხართ. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დღე და მარათონი თავისთავად?
– 2019 წლის 20 სექტემბერი გამოცხადებულია გინეკოლოგიური კიბოს შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო დღედ, რაც მიზნად ისახავს ქალთა ცნობიერების ამაღლებას რისკფაქტორების შესახებ, ხელს უწყობს დაავადების ნიშნების ამოცნობასა და შესაბამისი ზომების მიღებას საერთაშორისო კამპანიასთან  – ,,GO… ცნობადობისთვის, მოქმედებისთვის, იმედისა და სიცოცხლისთვის“ ერთად, რომელიც ტარდება ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში.

დინა ქურდიანი – „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანი

გინეკოლოგიური კიბო ყოველწლიურად აზიანებს დაახლოებით 98 ათას ქალს შეერთებულ შტატებში, ხოლო ევროპაში 58 ათასი ქალი დიაგნოსტირდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. მდედრობითი სქესის მოსახლეობის ინფორმირების ზოგადი დონე გინეკოლოგიური კიბოს შესახებ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია!
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, პროპაგანდისტ ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეგვეძლება ცნობიერების ამაღლება და გინეკოლოგიური კიბოების პროფილაქტიკის და ადრეული გამოვლენის გაუმჯობესება. GO – მსოფლიო დღე არის გლობალური მცდელობა ქალთა გადარჩენისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით.
– როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ონკოგინეკოლოგიაში, როგორც საერთოდ ონკოგინეკოლოგი, რას ურჩევდით ქალბატონებს?
– ქალის ჯანმრთელობა ქალის ხელშია – იყავით აქტიური, ჩაერთეთ სკრინინგპროგრამებში,  ჩაიტარეთ  გოგონებმა HPV ვაქცინაცია  და ყველაფერი კარგად  იქნება.
 ჰობი...
–  ძალიან მიყვარს თხილამურები და იარაღი…  ფეხბურთის კლუბის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანი ვარ….
 სამომავლო გეგმები...
– უახლოეს მომავალში ვმუშაობ გინეკოლოგიური კიბოს ავადობის გლობალურ ტვირთზე და  ამ თვალსაზრისით ვაპირებ  ჩემი  სადოქტორო ნაშრომის გაღრმავებას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები