“შრომის ბაზარზე დეფიციტია კონკრეტული პროფესიებისა და სპეციალისტების, ამიტომ მნიშვნელოვანია აქცენტი პროფესიული განათლების განვითარებაზე”, – ამის შესახებ თამარ ტალიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს უსმენდნენ.
„როდესაც გაიხსნა გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე კარები, ჩვენ დავინახეთ ათასობით ადამიანი ძალიან მყისიერად ჩაეწერა და მოისურვა დასაქმების ძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ეს გარემოება ერთი მხრივ გასაგებია, საქართველოში დასაქმების მხრივ ვიცით, რომ დიდი გამოწვევები არის მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ მთელ რიგ პროფესიებზე დასაქმების შრომის ბაზარზე არის სიმწირე და დეფიციტი კონკრეტული პროფესიული მიმართულების მხრივ, ამიტომ მივესალმები თქვენს აქცენტს ამჯერად, პროფესიული განათლების განვითარებასთან დაკავშირებით, თქვენ ისაუბრეთ ახალ მოდელთან დაკავშირებით და მე სიამოვნებით მოვისმენდი მეტ კონკრეტიკას ამასთან მიმართებაში”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
პარლამენტის წევრმა ასევე კითხვა დასვა სკოლების გახსნის საკითხთან დაკავშირებით.
„გასულ კვირას სასწავლო ოთახებში სწავლა დაიწყო და ერთმნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ჩენ ვაკვირდებოდით გახლდათ ის რომ ძალიან ბევრმა ოჯახებმა გადაწყვიტეს დაბრუნება სასკოლო აუდიტორიებში და საკლასო ოთახებში სწავლების გაგრძელება, ეს მნიშვნელოვანია იმ მოცემულობაში როდესაც ასევე შეთავაზებულია დისტანციური სწავლების ფორმატი. მე როგორც დედამ, შემიძლია ვთქვა რომ ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, ის რომ რეალურ სივრცეში სწავლებას ვერ ანაცვლებს დისტანციური სწავლება, ეს აჩვენა ევროსაბჭოს და სხვა ორგანიზაციების კვლევამ, თუმცა მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობა – ანუ მოსახლეობის ნდობა, რომ მათი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოება იქნება გარანტირებული იმ მექანიზმებით რომელიც დანერგილია სკოლებში, აქედან გამომდინარე ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, დარწმუნებული ვარ, დიდ ქალაქებში თქვენი სამინისტრო აკვირდებოდა, დამატებით რა გამოწვევები არის, კიდევ რა უნდა გაუმჯობესდეს ჩვენი მოსწავლეებისათვის და პედაგოგების უსაფრთხოებისათვის, რა მექანიზმები უნდა დაინერგოს – რადგან პანდემია გლობალურად უკანდახევას ერთი-ორი თვე მინიმუმ არ აპირებს”.
პარლამენტის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ასევე აღნიშნა სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი, რომელსაც კომიტეტი ამჟამად გადის.
„მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც გულისხმობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებების გაყოფას, მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ მიმართულებების გაძლიერების მართვას ამ რეფორმების შედეგად”.