ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, ხელოვანებაში პირველ ნაბიჯებს დედას უმადლის.
მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ინტიტუტი გრიმისა და ფერწერის მიმართულებით დაამთავრა. მაგრამ ქვისგან ფიგურების შექმნამ მალევე გაიტაცა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ამ ხელოვნების დაწყება ჩვენში, რასაც მოგვიანებით „ქვანიჭი“ უწოდა თავად.
ამბობს, რომ პროფესია თეატრის გრიმიორობა დიდად ეხმარება ხელოვნების ნიმუშების შექმნისას: „ქვებში სრულყოფილ ფიგურებს წინასწარ ვხედავ და ფონსაც შესაბამისად ვურჩევ“.
მისი თქმით, მუდამ მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც გული ჰკარნახობდა, რაც მხოლოდ მისეული იყო და მოსწონდა. სწორედ ეს გამოარჩევს ამა თუ იმ ხელოვანს სხვისგანო...
ამ ბოლო დროს მნახველი განსაკუთრებულად მიიზიდა „სიყვარულის ისტორიის“ სერიამ. „სიყვარულია ის მთავარი მამოძრავებელი ენერგია, რაც ქვანიჭის შექმნაში მეხმარება და მინდა ყველას გავუზიარო ეს სიყვარული“. – ნინო ჭიოკაძის პერსონა.
– ამბობთ, რომ ხატვის ნიჭი დედისგან გამოგყვათ…
– დავიბადე ჭიათურის რაიონის სოფელ ხალიფაურში. მამა, ოთარ ჭიოკაძე, იყო საოცარ მშრომელი და, ამავდროულად, უაღრესად განათლებული ადამიანი. მან სიღრმისეულად იცოდა საქართველოს ისტორია და ძალიან უყვარდა პოეზია. როდესაც ის საუბრობდა ან გვიკითხავდა ლექსს, მონუსხულები ვუსმენდით შვილები.
74 წლის ასაკშიც კი უგრძელესი პოემა ისწავლა და ახლა უკვე შვილიშვილებს ანებივრებდა ხოლმე შემეცნებითი საღამოებით. მისი ასეთი წიგნიერება, ბაბუის, მამა მაკარ ყიფშიძის დამსახურებაა, რომელიც ზემო იმერეთის ერთ-ერთ ტაძარში მოღვაწეობდა. ის არა მარტო შვილებსა და შვილიშვილებს უნერგავდა წიგნის სიყვარულს, არამედ მის მრევლსაც და ამით იყო სახელგანთქმული იმ დროში.
დედა – ნელი ჭანკვეტაძე, დიასახლისი, უაღრესად გულისხმიერი და კეთილშობილი ადამიანი იყო, ზრდიდა 4 შვილს. ის არა მარტო ოჯახს, არამედ მთელი სოფლის საზოგადოებას ერთგულად ემსახურებოდა. აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საკითხებში, ამის გამო აირჩიეს დეპუტატად და ძალიან კარგად ართმევდა თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მშობლები ყველასათვის საპატივცემულო პიროვნებები იყვნენ და მე ყოველთვის მეამაყებოდნენ ისინი.
ბავშვობა ძალიან ლაღი მქონდა. 4 დედმამიშვილი ვართ და სულ მხიარულება იყო ოჯახში. ხატვის სიყვარული დედის დამსახურებაა. თავისუფალ დროს დედა სულ ხატავდა, ძირითადად, ყვავილებს, როგორც თვითონ ეძახდა, „ღიღილოებს“. ამ დროს სულ მის გვერდით ვიყავი და მეც ვხატავდი.
სკოლაშიც მალევე აღმოაჩინეს ჩემი ხატვის ნიჭი და ხშირად მევალებოდა სკოლის გაზეთის გაფორმება.
– მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტი გრიმისა და ფერწერის მიმართულებით დაამთავრეთ…
– ხსენებული ინტიტუტი გრიმისა და ფერწერის მიმართულებით დავამთავრე. ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი. მყავდა საოცრად კარგი მასწავლებლები, მათ შორის გამოვარჩევდი სერგო ისაბეგოვს, რომელმაც დაგვამეგობრა და მთელი კურსი ერთ ოჯახად გვაქცია. მანვე ჩაგვინერგა თეატრისადმი უდიდესი სიყვარული. მოგვიანებით კი, როდესაც უშუალოდ პრაქტიკებზე გაგვიშვეს თეატრში, წარმოუდგენელი სიხარული იყო თითოეული ჩვენგანისთვის. გავიცანით ჩვენთვის უსაყვარლესი მსახიობები და ვმუშაობდით მათთვის.
ფერწერის მიმართულებითაც საინტერესო ლექციები გვიტარდებოდა. ხშირად გავდიოდით ბუნებაში პეიზაჟების ჩასახატად. ეს იყო სწავლაც და დღესასწაულიც.
– პროფესიით თეატრის გრიმიორი ხართ. ამბობთ, რომ ეს პროფესია დაგეხმარათ ქვებისგან ხელოვნების ნიმუშების შექმნაში…
– ჩემი პროფესია დღესდღეობით ძალიან მეხმარება ქვანიჭის შექმნაში. ქვებში უკვე სრულყოფილ ფიგურებს ვხედავ წინასწარ და ფონსაც შესაბამისად ვურჩევ. ზოგჯერ ფონს ძალიან მინიმალისტურად ვხატავ, ზოგჯერ კი არის ქვების ისეთი თანწყობა, რომელიც უნდა აამეტყველო და ეს ასეთ შემთხვევაში სწორედ ფონს შეუძლია. ყველაზე რთული პროცესი მაინც ქვის ფიგურების მოძიება და ერთმანეთზე მორგებაა. თუმცა ეს იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, სირთულედ ვერც აღვიქვამ.
– როგორ ქმნის ნინო ჭიოკაძე ქვებისგან საოცრებებს? რა გეხმარებათ წარმოსახვაში?
– „ქვანიჭი“ – ეს არის სახელი, რომელიც (მე და ჩემმა ოჯახმა ჩავთვალეთ) ზუსტად გამოხატავდა ჩემს ხელოვნებას. „ქვანიჭის“ თითოეული ნამუშევარი, ვფიქრობ, იძლევა საშუალებას, მნახველმა შეაფასოს ინდივიდუალურად და მისეული შინაარსი ამოიკითხოს მასში. ხშირად მეუბნებიან, რომ ამა თუ იმ ნამუშევარში საკუთარი თავიც კი ამოიცნეს და ეს მე ძალიან მსიამოვნებს.
– „ქვანიჭი.Qvanichi ქვის ხელოვნება.Stone Art“ ჰქვია გვერდს, სადაც თქვენი ნამუშევრები ქვეყნდება. ამ ბოლო დროს სიყვარულის თემაზე შექმნილი ნამუშევრები მომრავლდა…
– გარდა თავისუფალი თემისა, ასევე ვცდილობ, ნამუშევრები მივუძღვნა ამა თუ იმ დღესასწაულსა თუ მოვლენას. ასეთივეა სიყვარულის თემაც, დიახ, სიყვარულია ის მთავარი მამოძრავებელი ენერგია, რაც ქვანიჭის შექმნაში მეხმარება და მინდა ყველას გავუზიარო ეს სიყვარული. „სიყვარულის ისტორიის“ სერიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მასზეა მოთხოვნაც ამ ბოლო დღეებში.
– „ბედნიერი ოჯახი“, „ბებია და შვილიშვილი“, „ყურძნის მტევანი“, „ანგელოზები“, „ვალენტინის დღისადმი მიძღვნილი ნამუშევრები“… და მაინც, თქვენ რომელს გამოარჩევდით?
– ყველა ნამუშევარს აქვს თავისი ისტორია, რომელსაც თვითონ ნამუშევარი ყვება. ყოველი მათგანი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ერთერთ ნამუშევარს მაინც გამოვყოფდი, რომელიც ჩემთვის დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ეს არის უზარმაზარი ქვის თაიგული, სადაც ნახავთ სხვადასხვა სახეობის ყვავილებს: ქრიზანთემებს, ლილიებს, გვირილებს, შროშნებს, მაგნოლიებს, ვარდის კოკრებს…
ეს ნამუშევარი თითქმის 4 თვის განმავლობაში იქმნებოდა, რადგან ურთულესი შესასრულებელი იყო. ვერ აღგიწერთ იმ სიამოვნებას, რასაც განვიცდიდი მასზე მუშაობის პროცესში. ამიტომ გამოვარჩევდი მას სხვებისგან.
– პანდემია და ხელოვნება – თუ გაგიძლიერათ შთაგონება კარანტინმა?
– სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მაგ კუთხით არაფერი შეცვლილა. პანდემიამდეც და ახლაც სახლში ვმუშაობ. ეზოიანი სახლის წყალობით, ქვის მოპოვებაც სირთულეს არ წარმოადგენს ჩემთვის.
– ხელოვნების დარგში შეტანილი წვლილისთვის წარდგენილი იყავით „პერსონა 2020″-ის საზეიმო გახსნაზე… რით იყო საინტერესო ის დღეები?
– ჩემთვის ეს ღონისძიება საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ გავიცანი ჩემს სფეროში მოღვაწე უამრავი ადამიანი და დღემდე აქტიური კონტაქტი მაქვს მათთან.
– დღეს ქვებით ბევრი მუშაობს. როგორ უნდა მოახერხო, რომ განსხვავდებოდე სხვებისგან?
– როდესაც ქვაზე დავიწყე მუშაობა, მაშინ ეს იმდენად უცხო და ახალი იყო ყველასთვის, რომ თავისთავად გამოირჩეოდა. მეუბნებოდნენ, რომ ხელოვნებაში სრულიად ახალი დარგი შევქმენი. მე კი მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რასაც გული მკარნახობდა. ვფიქრობ, არ უნდა ეცადო, იყო გამორჩეული. უნდა ეცადო, აკეთო ის, რაც შენია და მოგწონს. სწორედ ეს გამოგარჩევს ხელოვანს სხვისგან.
– გამოფენები…
– გამოფენებში აქტიურად ვმონაწილეობდი პანდემიამდე. ვმონაწილეობდი აუტისტური სპექტრის ბავშვებისადმი მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც ჩატარდა ზ. წერეთლის გალერეა „მომაში“.
2 წლის წინ „არტგენის“ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა, ასევე მეწარმეთა კავშირის მიერ ორგანიზებულ მრავალ გამოფენაზე წარვადგინე ნამუშევრები. ჩემი სამომავლო გეგმაა პერსონალური გამოფენა. ჯერჯერობით ნამუშევრები არ მაქვს საკმარისი ოდენობით. მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ისე მალე იყიდება, ვერ მოვუყარე თავი საჭირო რაოდენობას.
– ოჯახი… როგორ გეხმარებათ მუშაობაში?
– ჩემი ოჯახი ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელია. კრიტიკასაც მხოლოდ მათგან ვიღებ.
თამარ შაიშმელაშვილი