შალვა პაპუაშვილი: მართალია, დღეს თოვლი მოვიდა და გაზაფხული ჯერ, როგორც ჩანს, არ დგება, მაგრამ ოპოზიციისგან მღელვარების ორგანიზების მცდელობები ჩანს

“ის, რაც ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ეს არათუ მცდელობაა, არამედ ასრულება იმ გეგმის, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ და თავადაც ღიად საუბრობენ, რომ მათი მიზანია გაზაფხულზე დაიწყონ მღელვარების ორგანიზება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია არღვევდა და ახლაც არღვევს კანონს.

„აქაც რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ნიკა მელია არღვევს კანონს და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამას მივცეთ რეაქცია, რადგან ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონდარღვევა, ეს იყო მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი სისტემის გამოწვევა. სასამართლოს რაც შეეხება, ჩვენ გუშინ მივეცით თანხმობა პროკურატურას იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პროკურატურის შუამდგომლობა იყო დასაბუთებული. ვნახოთ, ამას სასამართლო გაიზიარებს თუ არა. ის, რაც ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ეს არათუ მცდელობაა, არამედ ასრულება იმ გეგმის, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და თავადაც ღიად საუბრობენ, რომ მათი მიზანია გაზაფხულზე დაიწყონ მღელვარების ორგანიზება. მართალია, დღეს თოვლი მოვიდა და გაზაფხული ჯერ როგორც ჩანს, არ დგება, მაგრამ ვატყობთ, რომ ეს მცდელობები არის და ყველა ეს მცდელობა არის ფუჭი ორი მიზეზის გამო. პირველი-ეს ყველაფერი არის კანონის საწინააღმდეგო და ჩვენ ასეთ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს არ დავუშვებთ, მეორე-მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ მოქალაქეებში, ეს ჩანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მათი მხარდაჭერა არის ნული. შესაბამისად, მათ აქ რაიმე პერსპექტივა არ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა. პროკურატურა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები