ავღანეთის დელეგაცია ევროკავშირში პირველი მოლაპარაკებებისთვის ივნისში გაემგზავრება
ავღანეთის დელეგაცია ევროკავშირთან პირველი მოლაპარაკებებისთვის ივნისში ბრიუსელში გაემგზავრება. დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, აბდულ ყაჰარ ბალხი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Euractiv-ი ევროკავშირის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბალხი თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თანამდებობის პირია საერთაშორისო ურთიერთობებში.
Euractiv-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თალიბანი 2021 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ის ხშირად ურთიერთობდა უცხოურ მედიასთან და საერთაშორისო თანამოსაუბრეებთან მოძრაობის სახელით სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სანქციებზე, მიგრაციასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
შეხვედრა ბრიუსელში „ნეიტრალურ ადგილას“ გაიმართება და მას ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ თალიბანის მოწვევა მათ აღიარებას არ ნიშნავს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ავღანელი მიგრანტების დეპორტაციაზე, რომლებსაც, ევროკომისიის თქმით, „არ აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება და საფრთხეს წარმოადგენენ“.