სოხუმში ცხოვრობდა. ბავშვობიდან მეხსიერებაში ბუნების საოცარი ფერები და ლაჟვარდი ცა ჩარჩა… ომის შემდეგ ქუთაისში მოუწია ცხოვრება. აქვე დაამთავრა გრიგოლ ხანძთელის სახელობის პედაგოგიკისა და ხელოვნების ინსტიტუტიც.
ბოლო რამდენიმე წელია ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს…იტალიაში ყოფნის დროს დაებადა ჩანთების შექმნის იდეა. მის მიერ დამზადებული ხავერდის ჩანთები დიდი მოწონებით სარგებლობს. ამბობს, რომ ეს საქმე მისთვის ბიზნესი კი არ არის, არამედ – ემოციაც, ჰობიც და რელაქსიც. „როდესაც შენი საქმე სიამოვნებას განიჭებს, მთელ სულსა და გულს საქმეში დებ და მერე ეს გაცემული ენერგია და ემოცია უკან ასმაგად გიბრუნდება“. – სოფიკო შუბითიძის პერსონა
– დავიბადე და ვცხოვრობდი სოხუმში, პედაგოგების ოჯახში. დედა – ლეილა ბელთაძე ისტორიკოსი იყო, მამა – თამაზ შუბითიძე სამხედრო პირი .
ბავშვობიდან მქონდა თავისუფალი არჩევნის უფლება, მეკეთებინა ის, რაც მომწონდა. განსაკუთრებულად მიყვარდა ბუნება და ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ის საოცარი ბუნების ფერები, რაც მხოლოდ აფხაზეთშია – ვეებერთელა ევკალიპტის ხეების სურნელი, გაჟღენთილი ზღვიდან მონაბერი სიოს სითბოთი, და ხასხასა ლაჟვარდი ცა… ეს მოგონება სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემში. ალბათ ეს ემოციებია, ჩემში რომ აღარ ეტევა და ჩემს ნამუშევრებში აირეკლება..
– სკოლის პერიოდი და პროფესიის არჩევა. სად განაგრძეთ სწავლა?
– სკოლის პერიოდი… ცოტა მტკივნეული თემაა ჩემთვის. 90-ანი წლები… ომის შემდგომი პერიოდი და გადასვლა ერთი სკოლიდან მეორეში…. ომის შემდეგ (სვანეთი ფეხით გადმოვიარეთ) ქუთაისში, თბილ და ულამაზეს ქალაქში ვცხოვრობთ. აქვე ჩავაბარე გრიგოლ ხანძთელის სახელობის პედაგოგიკისა და ხელოვნების ინსტიტუტში.
– როდის დაიწყეთ უკვე სერიოზულად ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება?
– ბოლო რამდენიმე წელია ვაკეთებ სხვადასხვა სახვით ნივთს, განსაკუთრებით მიყვარს ხელნაკეთი ყვავილების დამზადება, მაგრამ მოთხოვნილებას ვითვალისწინებ და არჩევანი ხავერდის საფულეებზე, ჩანთებსა და საყელოებზე შევაჩერე.
– ხავერდის საფულეები და ხელჩანთები ფეისბუქზე დიდი მოწონებით სარგებლობს. როდის გაჩნდა მათი დამზადების იდეა?
– მოგზაურობა კარგი ინსპირაციის წყაროა, იტალიაში ყოფნის დროს დაიბადა ჩანთების შექმნის იდეა და საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ საქართველოშიც შეიძლება კარგი ხარისხიანი პროდუქტის შექმნა. მერე ეს ყველაფერი სხვებსაც მოეწონათ და ასე გრძელდება დღემდე.
– ხელჩანთებს სეზონის მიხედვით ამზადებთ, გამოირჩევა თბილი შემოდგომისფერი ხავერდის ჩანთები, ასევე ზაფხულის ჩანთები, ნეფრიტის, ჩაროიტის და აქატის ხოჭოებით…
– როგორც ყველა ხელოვნების დარგში ჩემთანაც არის წელიწადის დროის მიხედვით ფერები, კომპოზიციები, განწყობა… მაქმანები, ბუნებრივი ქვები, დავამატე, ქარგული გამოცანაც კი დავქარგე. ვცდილობ, ეს ყველაფერი ზომიერად და გადაუჭარბებლად გავაკეთო.
– „ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველა ნაკეთობას თავისი ხასიათი და აურა აქვს. ეს მაშინვე იგრძნობა, როგორც კი შეეხები. შეკვეთებს არ ვიღებ. არ შემიძლია, რაიმე განწყობის გარეშე ვაკეთო. ეს საქმე ჩემთვის ბიზნესი არ არის… ეს არის ჩემი ემოცია“… – წერდით ერთ სტატუსში. როგორ მუშაობთ, რა გაძლევთ შთაგონებას?
– რაც შეეხება შთაგონებას და განწყობას, ეს მოდის მუშაობის პროცესში. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, მგონია, ჩემთან ერთად დაიბადა.
– „ნატვრის ხე“ – როგორ დაამზადეთ ეს ხელჩანთა?
– „ნატვრის ხე“… წინასწარ არ ვიცი, რომელი ნამუშევარი როგორი გამოვა საბოლოოდ. ესკუზებით არ ვმუშაობ. ხავერდი ისეთი ქსოვილია. მასზე წინასწარ ვერაფერს მოხაზავ… ქვები და ძაფები საღებავის როლს ასრულებს, ნემსი კი – ფუნჯისას. იქვე იქმნება კომპოზიციაც. ასე შეიქმნა „ნატვრის ხე”.
– ხელნაკეთი ბეჭდები ბუნებრივი ქვით… გვიამბეთ ამ კოლექციაზეც…
– ძალიან მიყვარს სამკაულები და გადავწყვიტე, ბეჭდების დამზადება ბუნებრივი ქვებით. მინდოდა ვერცხლზე დამეწყო მუშაობა, ზოგადად, რასაც ვაკეთებ, მინდა ბოლომდე დავიხარჯო, რომ ნივთი ხარისხიანი და დახვეწილი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს გეგმები გადაიდო, რადგან არჩევანი ხავერდის ხელჩანთებზე შევაჩერე. ამაში უფრო ვიპოვე საკუთარი თავი.
– ჰობი…
– ასე გამოკვეთილი პობი არა მაქვს. ეს საქმეა ჩემი ჰობიც და რელაქსიც.
– როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენზე, უფრო აქტიურად იმუშავეთ თუ პირიქით?
– პანდემიის დროს, როგორც ყველას, მეც ბევრი დრო მქონდა და აქტიურად ვმუშაობდი. ონლაინგაყიდვებმაც ხელი შეუწყო ჩემს საქმიანობას.
– გაქვთ თქვენი გვერდი – sofi.shu … რაზე მუშაობთ ამჟამად და რა სიურპრიზს ჰპირდებით თქვენი ხელოვნების თაყვანისმცემლებს?
– ჩემი გვერდზე მართლაც არიან ისეთი ადამიანები, ვინც გულწრფელად მომყვებიან და მიფასებენ ჩემს შრომას. მათი არსებობა და თითოეული გამოხმაურება ბევრს ნიშნავს ჩემთვის, სტიმულს მაძლევენ და დიდ როლს ასრულებენ ჩემი საქმის განვითარებაში. უზომოდ მადლიერი ვარ. მეც, ჩემდათავად, ვეცდები, ბევრი საინტერესო სიახლე შევთავაზო მათ.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– ვფიქრობ, გამოფენისთვის ჯერ არ ვარ მზად. ჯერ კიდევ უნდა გავიზარდო და განვავითარო ჩემი საქმე, ცოტა გავაფართოო ჩემი სფერო, ანუ უკვე მაქვს გამოკვეთილი გეგმები და იმედია, მანდამდეც მალე მივალ.
თამარ შაიშმელაშვილი