პირველი შთაბეჭდილება: მისი ნაქარგები ისეთი ნატიფი და მდიდრულია, ნახატებს ჰგავს, ვერც წარმოიდგენ, თუ ძაფებით შეიქმნა ეს სილამაზე…
მისი ავტორი ემიგრანტია, სხვა თანამემამულეების მსგავსად, გაჭირვებამ გაუყენა შორეული ქვეყნის გზას…
ამბობს, რომ ქალაქიდან საკმაოდ მოშორებითაა და სამსახურის გამო ვერსად ახერხებს გასვლას. რომ არ ვქარგავდე, ალბათ გავგიჟდებოდი. ეს არის ჩემი სიცოცხლის ერთადერთი წყარო ამ უცხო მიწაზეო…
თვალს მოგტაცებთ მისეული ფიროსმანი, „ვეფხისტყაოსნის“ სცენები, რაფაელის მადონები, ყვავილები, ქალბატონები… და რაც მთავარია, ხატები. დიდი სულიერებითა და ოსტატობით დაქარგული ქართული ხატები! – ხელოვან ლია კერვალიშვილის პერსონა.
– დავიბადე თბილისში, მამა ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, დედა საავიაციო ქარხანაში მუშაობს. ჩემი მშობლები კლასელები იყვნენ და ერთი მერხიდან ერთად მოდიოდნენ. კარგი ბავშვობა მქონდა, ყოველ წელს ერთი თვე ბიჭვინთაში, საავიაციო ქარხნის მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკში ვისვენებდით მე და ჩემი ძმა. შვიდი წელი გრძელდებოდა ჩემი ბავშვობის საუკეთესო პერიოდი… საოცარი იყო იქაურობა.
ზაფხულის დანარჩენ ორ თვეს სოფელ აგარაში დეიდაშვილებთან ერთად ვატარებდი. ბებიაჩემი ცხოვრობდა ასე წოდებულ „სამოცბინიან კორპუსში“. ეზოში ერთი გოგო მე ვიყავი და სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. კაკო ყაჩაღივით ვიყავი.
ბევრი ტკბილი მოგონება დამრჩა ბავშვობიდან. საწყალი დიდი ბებია სულ კუდში დამდევდა, გოგოს მოგვტაცებენო. ნაყინის მანქანა რომ ჩამოივლიდა, ხუთ ცხვირსახოცში ჰქონდა თავმოკრული ფული. სანამ გახსნიდა ამ კვანძებს, ერთი სული მქონდა, დავძახოდი, ჩქარა ჩქარა-მეთქი.
ვერ დავივიწყებ მიწისძვრას საჩხერეში, ყველა გარეთ გავცვივდით. დიდი ბებია სახლში დარჩა და ფანჯრიდან გვიყურებდა. მისი თვალები და სახე არასოდეს ამოშლილა ჩემი მეხსიერებიდან.
– ხატვა და ბავშვობა…
– ვერ ვიტყვი, რომ ხატვა ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ სკოლაში საკმაოდ კარგად ვხაზავდი. კლასელებსაც კი ვუხაზავდი დავალებებს. სკოლაში ძალიან კარგი ხატვის მასწავლებელი გვყავდა. მაშინ დავიწყე გრაფიკული ხატვა. საკმაოდ კარგად გამომდიოდა. მერე ჩემითაც ვხატავდი რაღაცებს.
ხატვას ერთი ამბავი უკავშირდება. ბინა რომ მივიღეთ, რემონტს ვაკეთებდით და ის იყო გაჯით გალესვა დასრულდა… ბედნიერი ვარ, ეს ამხელა კედლები ცარიელი რომ დავინახე.
ავდექი და ოთახში ჭიკარტებით გავაკარი ჩემი ნახატები. მოვიწყვე გამოფენა და ველოდებოდი, როდის დაბრუნდებოდნენ ჩემი მშობლები… როგორც კი მამაჩემი მოვიდა, ეგრევე შევიყვანე სანახავად. გადაირია, ეს გალესილი კედლები დახვრეტილი რომ დაინახა და ჩამომიხია ნახატები. რას ვიტყოდი, ძალიან გამიბრაზდა. ეგ იყო და ეგ. გადავყარე ჩემი დახეული ნახატები… ამით ჩემი ხატვა დასრულდა.
– პროფესიის არჩევანი… სად ფიქრობდით სწავლის გაგრძელებას?
– დავამთავრე 106-ე საშუალო სკოლის რუსული სექტორი. ასე რომ, რუსული განათლება მაქვს. სკოლა ცუდ პერიოდში დავამთავრე, არეულობა და გაჭირვება იყო. პირველ წელს უმაღლესში ვერ ჩავაბარე, ხელი მოვიტეხე და მომზადებას თავი დავანებე. მეორე წელს დიზაინის ფაკულტეტი მინდოდა, მაგრამ ტურიზმის ფაკულტეტზე მოვხვდი.
– როდის დატოვეთ საქართველო?
– საქართველო ორი წლის წინ დავტოვე. ასე გამოვიდა. დალხენილ ცხოვრებას არავინ გაურბის, აქ, ძირითადად, ისეთი ხალხია, ვისაც რაღაც პრობლემები შეხვდათ. მეც მსგავსი სიტუაციის გამო მოვხვდი აქ. მაგრამ რომ ვუყურებ, რა ხდება საქართველოში, აქ ყოფნა ჯობია. მადლობა ღმერთს, სამსახური მაქვს.
– ქარგვა როდის დაიწყეთ?
– სკოლაში რატომღაც სულ სპორტი მიზიდავდა. ბოლოს ორი წელი ჩუმად კალათბურთზე ვიარე, სანამ დედაჩემმა არ გამიგო და არ გამომაგდო ჩხუბით, გოგოს სპორტი რად უნდაო… და მატარეს ტორტების ცხობაზე, ჭრა-კერვაზე, ქსოვაზე, მანქანით ქარგვაზე…. რაც ჩამოვთვალე, აქედან არაფერი არ მიყვარს.
სკოლის მერე რომ ჩავიჭერი, მეც დავიწყე მუშაობა საავიაციო ქარხანაში. კუპონების პერიოდი იყო და ყველას უჭირდა. იქ მუშაობდა ერთი ქალბატონი და შინაურობაში დაიწყო ქარგვის სწავლა. პირველი მოსწავლე მე ვიყავი. ჯვრებით ქარგვის ტექნიკამ დამაინტერესა და მას მერე ვქარგავ. ჩემი მასწავლებელი ჟანა ნავროზაშვილია, რომელმაც შემასწავლა და შემაყვარა ქარგვა. უღრმესი მადლობა მას.
– როდის გაჩნდა თქვენს შემოქმედებაში რელიგიური თემები? რომელი ხატები დაქარგეთ?…
– პირველი ხატი თეთრი წმინდა გიორგია. ალბათ ხუთი – ექვსი წლის მერე დავიწყე ხატების ქარგვა. სახლში სამი ხატი მაქვს. სამი შარშან მოვქარგე, ჩემს გოგოს – იოანე ნათლისმცემლის და სალომეს ხატი, ღვთისმშობლის ხატი – ჩემს შვილიშვილს. დანარჩენი ხატები სულ გავაჩუქე. ნათლულებს და მეგობრებს აქვთ. შარშან დიდი პაუზის მერე ოთხი ხატი მოვქარგე. წელსაც სამ ხატს ვგეგმავ. ვნახოთ, როგორ მოვახერხებ. თუ არ მიმიზიდა, ძალით ვერ დავქარგავ.
– შთაგონება… მხატვრული ქარგვა იოლი არ არის. როგორ მუშაობთ?
– ბოლო წლებია, რატომღაც მეც და ჩემს გოგოსაც ქალების პორტრეტები გვიზიდავს…
ჩემი გოგოც ქარგავს ჯვრებით. წლებია გადართული ვიყავი ჯვრებით ქარგვაზე. მაგრამ აქ ისევ დავუბრუნდი მხატვრულ ქარგვას. ჯვრებით ქარგვას ძაფები სჭირდება და პრობლემა შემექმნა. რაც მქონდა წამოღებული, მოვქარგე სამი ნაქარგი ჯვრებით. მხატვრული ქარგვისთვის სხვა ძაფები მაქვს. დავიწყე ხატებით, გადავერთე ყვავილებზე და ახლა რატომღაც გამიტაცა ქალის სახეებმა ყვავილებში.
ვარჩევ, ვთქვათ, ათ სურათს, რამდენიმე დღე ვათვალიერებ და ზოგი ფერებით, ზოგი თვალის ფორმით, არ ვიცი, რაღაცნაირად მიმიზიდავს ხოლმე.
ბევრი მეკითხება, თქვენ ალბათ ხატავთო, – მეცინება გულში. რომ მთხოვოთ, შეიძლება ყვავილიც ვერ დავხატო. მაგრამ, აი, ქარგვის დროს რა ხდება, რა მომდის, როგორ გამომდის, არ ვიცი.
ბოლოს კედელზე დაკიდებულ ნაქარგს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ღმერთო, ნუთუ, ეს მე გავაკეთე? საიდან დავიწყე? ეს როგორ გამოვიყვანე? ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ, ეს არის ნამდვილი ხელოვნება, რისი გამეორებაც შეუძლებელია.
ჯვრებით ქარგვა მექანიკური ქარგვაა. არის სქემა, რომელსაც მიყვები.
მე ჯვრებით სულ ვქარგავ, მაგრამ მხატვრული ქარგვა განუმეორებელია. ალბათ ცამეტი ან მეტი წმინდა გიორგის ერთი და იგივე ხატი მოვქარგე, მაგრამ ყველა სხვადასხვაა. ძალიან მიყვარს, თითქმის მაგიჟებს თვალების ქარგვა. ყველაზე დიდ დროს თვალებს ვუთმობ… ვქარგავ, მივატოვებ, მერე ისევ ვაგრძელებ, თვალი რომ არ მიეჩვიოს და რომ გამოვიდეს ის, რაც მინდა.
– ფიროსმანი, „ვეფხისტყაოსანი“, რაფაელის მადონები… კიდევ რომელი მხატვრების შემოქმედება დაქარგეთ?
– ამ ეტაპზე მხოლოდ ესენი მოვქარგე, მაგრამ ასევე მინდა ფიროსმანის და ელენე ახვლედიანის რამდენიმე ნახატის მოქარგვა. საქართველოში მაქვს მხატვრების წიგნები და რომ ჩამოვალ, რამდენიმეს შევარჩევ, შევიძენ საჭირო ძაფებს და ერთ წელს დავუთმობ. გულით მინდა და იმედია, ამ ოცნებასაც ავისრულებ
– ქარგვასთან დაკავშირებული საინტერესო ამბავიც გექნებათ…
– რაიმე განსაკუთრებული არცერთ ნაქარგთან დაკავშირებით არ მახსენდება, ერთის გარდა…
ახალი დაწყებული მქონდა ქარგვა, რამდენიმე გოგომ მოქარგა თეთრი წმინდა გიორგი. პირველი ხატი, რომლის მოქარგვის სურვილიც გამოჩნდა, სწორედ თეთრი გიორგი იყო.
დავიწყე ცხენი, მოვქარგე გიორგი და მივედი გველეშაპამდე. არასდროს დამავიწყდება ის საშინელი შეგრძნება, რასაც მაშინ განვიცდიდი. რაღაც უჩინარი ძალა სულ ხელს მკრავდა და უკან მაგდებდა, გულთან რაღაც მაწვებოდა…
ბოლოს გველეშაპი ჩემმა მასწავლებელმა დამისრულა. ასე დამთავრდა ამ ხატის ქარგვა… ამის მერე არც გამჩენია ხატის მოქარგვის სურვილი. წლების შემდეგ ჩემმა დეიდაშვილმა ლურჯ მონასტერში თავის მოძღვართან წამიყვანა, ნებართვა უნდა აიღოო.
ავიღე კურთხევაც, ნებართვაც და მას მერე უამრავი ხატი მოვქარგე.
და კიდევ, თუ ხატმა არ დამიძახა და არ მიმიზიდა, იმის მოქარგვა არ შემიძლია. ამიტომ ყოველთვის ვერ ვქარგავ. სხვანაირი განწყობა უნდა. ხატის მოქარგვის სურვილის დროს, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე ვხედავ პატრონს, ვისთანაც უნდა წავიდეს.
ქარგვის დროს თვალწინ და თავში მიტრიალებს ხატის მომავალი პატრონი… გულში სულ ვლოცულობ იმ ადამიანზე, მის ოჯახზე.
ასე რომ, ხატი თვითონ პოულობს თავის პატრონს. ხატები გაჩუქებულია ჩემს სამეგობროში. მხოლოდ ბოლოს მოქარგული წმინდა ნიკოლოზის ხატი ვაჩუქე ნეიროქირურგ გოჩა ჩუტკერაშვილს. ეს ხატი რომ დავიწყე, სამი თუ ოთხი წლით ქარგვის მიტოვება მომიხდა. ხერხემლის პრობლემა მქონდა, ვერც ვჯდებოდი… მხოლოდ ოპერაციის შემდეგ დავასრულე. უდიდესი მადლობის გამოსახატავად ეს ხატი ვაჩუქე. ამანაც თავისი პატრონი ნახა.
– „იოანე ნათლისმცემელი – დასრულდა კიდევ ერთი ულამაზესი ხატი. ვაღიარებ ამის მსგავსი არაფერი მომიქარგავს. მოლოდინს გადავაჭარბე. დედი, ეს სილამაზე შენია“, – ეს მისწერეთ შვილს, სალომეს…
– იოანე… ამ ხატს ემიგრანტების რომელიღაც ჯგუფში წავაწყდი. ნათლისღების მოლოცვასთან ერთად ეს სურათი იდო. რომ დავინახე, გადავირიე – თვალები, წვერები, ბეწვის მოსასხამი. მაშინვე ვიფიქრე, ვისთვისაც მოვქარგავდი. სხვათა შორის, ეს მეორე ხატი იყო, რომელმაც წინააღმდეგობა გამიწია. მისი მოქარგვაც საკმაოდ გამიჭირდა. ქარგვა რომ დავიწყე, თან პატრონზე ვფიქრობდი, მაგრამ არ მიშვებდა. რა ხდებოდა, ვერ ვიგებდი…
იმ პერიოდში სულ ცუდად ვიყავი. რომ დავჯდებოდი, თან ველაპარაკებოდი, რატომ მეწინააღმდეგები, რატომ არ გინდა, შენს მფლობელთან წასვლა-მეთქი. მერე რაღაც შიშის გრძნობა გამიჩნდა. ბოლოს აღარაფერს ვფიქრობდი… უბრალოდ ვქარგავდი.
პირველი, ვინც ნახულობს დასრულებულ ნამუშევრებს, ჩემი გოგოა. რომ ნახა ეს ხატი, მაშინვე გაოცებულმა თქვა, დედა, ეს რა საოცრება გამოსულა, ასეთი შენ არაფერი მოგიქარგავს. ეს ხატი ჩემიაო. ამის თქმა და ჩემი დასვენება და დამშვიდება ერთი იყო.
ეს პირველი ხატია, რომელიც ჩემს გოგოს მოვუქარგე. ბოლოს ვუთხარი ხატს, ამიტომ ხომ არ მეწინააღმდეგებოდი, რომ ჩემს სახლში უნდა დარჩენილიყავი-მეთქი? და ასე დარჩა სახლში, ჩემს შვილთან.
– ვნახე ნაქარგები ალმასებით. ყველა ნაქარგში დიდი სიყვარული იგრძნობა…
– ალმასები რა იყო, პირველად ვნახე ჩინეთში. საქარგ კომპლექტებს ვეძებდი და დავინახე – მაღაზიაში დამთავრებული სურათები ეკიდა, სულ ბზინავდა იქაურობა. გამყიდველმა მაჩვენა, როგორ კეთდებოდა და შვიდი ვიყიდე. ყველაზე ლამაზები ჩემმა გოგომ გააკეთა. აზარტულია, გასართობი და საკმაოდ მარტივი. ასე რომ, ჩემში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია.
ვქარგავ, ძირითადად, ჯვრებს, გააჩნია, რა ზომის და სირთულისაა. თაბახის ფურცლის ზომას ორი კვირა, ოცი დღე, მაქსიმუმ ერთი თვე სჭირდება.
ხანდახან ხატებისთვის მჭირდება ბისერი, სვაროვსკის თვლები, მძივები გასაფორმებლად.
– გამორჩეულია საახალწლო მოსართავი ნაქარგებიც… სანტას წინდები…
– ახალი წელი ძალიან მიყვარს. მეგობრები დამცინიან, პატარა ბავშვივით ხარო. მიყვარს ყოველ წელს რაღაცების მოგონება და მორთვა. ყოველთვის მინდოდა, რაღაც მქონოდა მოქარგული და ვერასდროს ვახერხებდი.
წელს, ასე რომ ვთქვათ, თავი მოვიგიჟიანე და ცხოვრების ოცნება ავისრულე. საახალწლოდ საუკეთესო საჩუქრები მივუძღვენი ჩემს პატარებს. სანტას წინდები პირველად ჩემს შვილიშვილს მოვუქარგე. ყველაზე უფროსი ეგ არის, მერე – ჩემს გოგოს და ბიჭს, თავიანთი სახელებით და შიგნით პატარა სიურპრიზები ჩავაყოლე, დედასგან და ბებოსგან სამახსოვროდ ექნებათ.
სანტების კომპლექტიც ჩემს შვილიშვილს ერგო. ძალიან მომწონს წინდები, მინდა კოლექცია შევაგროვო. ახლაც საახალწლო კომპლექტს ვქარგავ. წლის ბოლოს საახალწლოდ რამდენს მოვასწრებ!
– იტალიაში თან მოხუცს უვლით, თან ქარგავთ…
– იტალიაში ორი წელია ვმუშაობ, ვუვლი ექიმ ქალბატონს, რომელიც წელს ქვემოთ მოწყვეტილია. ორი წელია სულ სახლში ვარ. დასვენების გარეშე ვმუშაობ…. მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი ხასიათი აქვს და კარგ ოჯახში ვარ. როდესაც შუადღით სამი საათი ისვენებს, მაგ დროს ვქარგავ მხატვრული ტექნიკით, რომ დღის შუქზე ფერები კარგად გავარჩიო. როცა ვაწვენ მოხუცს, ვქარგავ ჯვრებს.
მე ქალაქიდან საკმაოდ შორს ვარ და არც არსად მიშვებენ, რომ არ ვქარგავდე, ალბათ გავგიჟდებოდი. ეს არის ჩემი სიცოცხლის ერთადერთი წყარო ამ უცხო მიწაზე.
– გამოფენები…
– გამოფენებში მონაწილეობა არ მიმიღია. შიდა კონკურსებში ვმონაწილეობდი ფეისბუქგვერდზე: „ქარგვა – ძაფებით შექმნილი საოცრება“…
ჩემი გოგოს ნაქარგი დავდე, მესამე ადგილი ავიღეთ და დავსაჩუქრდით საავტორო სქემით. ეს ჩემი ძირითადი ჯგუფია, სადაც ყველა ნაქარგს ვდებ.
მანდ ბევრი გულშემატკივარი მყავს, ვინც ელოდება მომდევნო ნაქარგებს და თვალს ადევნებს ჩემს შემოქმედებას.
ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი, ეკატერინე ლეჟავა ხელმძღვანელობს. ამ ჯგუფიდან ბევრი ქარგვის მოყვარული დავიმეგობრე. ბევრი მწერს, რჩევებს მეკითხება… ზიგიერთს ვასწავლი, ვეხმარები.
ახლახან აქ იტალიაში მყოფი ემიგრანტი ქალბატონი გავიცანი და დავმეგობრდით, ინტერნეტით ვასწავლი ქარგვას. სხვათაშორის, კარგად გამოსდის. ფეისბუქგვერდზე „ქარგვა ხელოვნებაა“ მივიღე მონაწილეობა გამოფენაში და ჩემი ყვავილი იქაც მესამე ადგილზე გავიდა, დღემდე ჯგუფის ლოგოზე დარჩა. მიხარია, რომ ვხედავ. ასე რომ, იმედი მაქვს, ოდესღაც მართლა მივიღებ მონაწილეობას გამოფენაში.
– ჰობი….
– ქარგვა ჩემი უდიდესი ჰობია, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შემიძლია.
– პანდემია… შთაგონება გაგიმძფრათ თუ პირიქით?
– პანდემია… საშინელი შეგრძნებაა შიში. მითუმეტეს, აქ უცებ მოედო ვირუსი. ყოველ დღე საინფორმაციო კატასტროფულ ციფრებს აცხადებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, ჰაერშიც იყო და ვსუნთქავდი. ერთ მომენტში ვიგრძენი, უკვე სახეც შეშლილი მქონდა, დაძინების მეშინოდა, დამამშვიდებლებს ვსვამდი. ბოლოს აღარც ვკითხულობდი არაფერს და არც საინფორმაციოებს ვუსმენდი… რამე რომ მომსვლიდა, პატრონიც არ მყავდა. იმ პერიოდში ხატებს ვქარგავდი და მთლიანად მუშაობაში გადავერთე. ეს იყო და არის ჩემი წამალი.
– ოჯახი…
– მყავს ორი შვილი. გოგო გათხოვილია. პატარა შვილიშვილი ცხრა თვის დავტოვე. მყავს კიდევ შვილივით გაზრდილი ჰასკის ჯიშის საყვარელი ძაღლი, ისიც ჩემი შვილიშვილია… ძალიან მაკლია და მენატრება ყველა.
– სამომავლო გეგმები…
– მინდა მივაღწიო ჯერ იმას, რაც ჩავიფიქრე, რის გამოც აქ ვარ. ვაპირებ ქალაქში გადასვლას. იქნებ იქ ვინმეს ჰქონდეს ქარგვის სურვილი, რომ ვასწავლო, ან წრე ჩამოყალიბდეს თუნდაც იტალიელებისთვის.
საქართველოში რომ დავბრუნდები, პერსონალური გამოფენა უნდა გავმართო. მანამდე კიდევ ბევრს მოვქარგავ (ოცნება უნდა ავისრულო) და ავიყვან მოსწავლეებს. ძალიან ბევრს აქვს ამ ტექნიკის შესწავლის სურვილი. ღმერთის წყალობით, ავისრულებ ყველაფერს.
თამარ შაიშმელაშვილი