საქართველოს მუფტი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

სრულიად საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა და ისლამის სახელით ჩადენილი სისასტიკე დაგმო.
ბეგლარ ქამაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “ისლამი არ არის ტერორიზმი, ისლამი არის მშვიდობა და სიცოცხლის სიყვარული“.
მისივე თქმით, სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანებს შორის მხოლოდ პატივისცემა უნდა არსებობდეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.
“ღმერთმა მისცა ადამიანს სული, ამიტომ მისი წართმევის უფლება მხოლოდ მას აქვს. ადამიანები ერთმანეთს არ უნდა კლავდნენ, ისლამი მშვიდობას ნიშნავს და ეს რელიგია ადამიანებს მშვიდობისკენ მოუწოდებს”, – განაცხადა სრულიად საქართველოს მუფტმა.
შეგახსენებთ, რომ შვიდ იანვარს პარიზში, ჟურნალ “შარლი ებდოს“ რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. სატირულმა ჟურნალმა ბოლოს სოციალურ ქსელ ტვიტერში “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები