„ექიმი ტელეფონს არ უნდა რთავდეს“ – პანდემია და მადლობის წერილი, და კიდევ, რატომაა აუცილებელი ჰემატოლოგის რჩევები

„მიშა ექიმს პირველად  რომ შევხვდი, მის თვალებში ამოვიკითხე  თბილი,  გულიანი ხასიათი. როგორ დასჩერებოდა ანალიზის პასუხს და ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა.  შემდეგ, როგორც მკურნალმა ექიმმა ხომ მოლოდინს გადააჭარბა – თბილი, ყურადღებიანი, იმედიანი. მე უკვე არაფერი აღარ მაშინებს:  უფლის, მიშა ექიმის და იმ კეთილი ხალხის იმედი მაქვს, ვინც ჩემს გამოჯანმრთელებაზე ზრუნავს. ვფიქრობ, მიშა ექიმი საუკეთესო ფსიქოლოგია. პანდემიის დროს ბევრს ეხმარება, თავის გამოცდილებას უზიარებს, მეც ფეხზე დამაყენა“, – რედაქციისადმი გამოგზავნილმა ამ წერილმა მიშა ექიმამდე მიგვიყვანა.
როგორც ჰემატოლოგ-ინფექციონისტი, პანდემიის დროს აქტიურად არის ჩართული კოვიდინფიცირებულების მკურნალობაში. პანდემიის პირველი დღიდან კი საკმაოდ დიდ დროს ატარებს ინფექციური საავადმყოფოში. პირველი ტალღის დროს იმყოფებოდა ბათუმში, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტს ტრეპანო ბიოფსიის პროცედურა საკუთარი ხელით ჩაუტარა.
ძალიან ბევრ  პაციენტს უწევს კონსულტაციას ბინაზე და ჰოსპიტალურ სექტორშიც აქტიურად არის ჩართული.
„COVID-19“-ის მქონე პაციენტების მკურნალობაში პირველივე დღიდან ჩართული იყო, როგორც ჰემატოლოგი, და თითქმის ყველა მძიმე პაციენტთან ანტიკოაგულანტებს იყენებდა.
სპეციალობით ჰემატოლოგია, აკადემიური ხარისხის მედიცინის დოქტორი.
მუშაობს შპს „მედინვესტი – ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში“.
1994 წელს მას ეკუთვნის გამოგონება –  სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირების ხერხი, 2009 წელს აიღო გრანტი თემაზე: „კიბოთი დაავადებულ პაციენტთა სისხლის პლაზმის /შრატის მიკროკალორიმეტრიული მრუდების მონაცემთა ბაზის შექმნა“.
მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის დიაგნოსტიკის მეთოდის ავტორია.
ფლობს სერტიფიკატებს, ჰემატოლოგია, ონკო-ჰემატოლოგია (10 სერტიფიკატი), გამოქვეყნებული შრომები (40 ნაშრომი).
მედიცინის  დოქტორი, ექიმი-ჰემატოლოგის,  მიხეილ გადაბაძის პერსონა.

–  მამა – გურამ გადაბაძე,  იურისტი, დედა – ქეთევან ფირფილაშვილი, ისიც იურისტია. ბავშვობიდან გავიხსენებდი ბანაკის პერიოდს, როცა „არტეკში“ ვიმყოფებოდი.
– სკოლაში რომელი საგნები გიყვარდათ?

მიხეილ გაბადაძე (მარცხნიდან პირველი)

– სკოლაში გამორჩეულად მიყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები. განსაკუთრებით ფიზიკა მიტაცებდა.
– როდის დაგაინტერესათ ჰემატოლოგიამ? ონკოჰემატოლოგიაში 10 სერტიფიკატის მფლობელი ხართ. რომელ მიღწევას გამოყოფდით?
– უნივერსიტეტში ჩაბარებისას, როდესაც გადავწყვიტე, ექიმი გავმხდარიყავი, მაშინ გადავწყვიტე ჰემატოლოგია, ონკოლოგია საინტერესოდ მეჩვენებოდა და სწორედ აქ ვხედავდი საკუთარ თავს.. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის გამოგონებაა, რომელიც სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკას შეეხება.1994 წელს გამოქვეყნდა ეს გამოგონება.ეხმიანება იოანე მოციქულის სიტყვებს: ,, და მიწაზე მოწმობენ სამნი სული, წყალი და სისხლი“….
– მუშაობთ შპს „მედინვესტ  – ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში“.  პანდემიის დროს ეხმარებით ადამიანებს. რას მოიცავს ეს დახმარება?
– კოვიდპანდემიის დროს აქტიურად ვიყავი ჩართული პაციენტების მართვაში და პროტოკოლის გაწერაში, რადგან, მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსს ახასიათებს თრომბო-ემბოლიური გართულებები, სჭირდება სათანადო დიაგნოსტიკა და პრევენცია, რომ ეს გართულება ავირიდოთ თავიდან.
ვარ კოვიდკლინიკების აქტიური კონსულტანტი. კერძოდ: ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ტრავმატოლოგიური კლინიკა, კაციაშვილის მრავალპროფილური კლინიკა, ფტიზიატრიისა და პულმონოლოგის ცენტრი.
– როგორც ექიმი-ჰემატოლოგი, რას ეტყოდით პანდემიის პირობებში ხალხს, მოსახლეობას, რას ურჩევდით?

შვილები

– დავრჩეთ სახლში, ხშირად დავიბანოთ ხელები, ვატაროთ პირბადე წესისამებრ, მივერიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებზე მისვლას.
–  გიწვევენ  სხვადასხვა კლინიკაში კონსულტატად, ჰემატოლოგ-ინფექციონისტად…  როგორ უთავსებთ  ძირითად  და დამატებით საქმიანობას ერთმანეთთან?
– ძირითადი სამსახურის შემდეგ ვარ სხვადასხვა კლინიკის კონსულტანტი. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, ყველას, ვისაც სჭირდება, აღმოვუჩინო დახმარება.
– მეუღლე – ლალი გოგიაშვილი მედდაა, ერთად მუშაობთ, შვილებიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან…  რამდენად კარგია, როცა ოჯახის ყველა წევრს საერთო ინტერესი აქვს?
– საკმაოდ, საინტერესოა. შვილები დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ორივე ფლობს თანამედროვე მედიცინის საფუძვლებს და ხშირად ვცვლით ინფორმაციებს ერთმანეთში. ორივე მათგანი დაინტერესებულია ჰემატოლოგიით და ხშირად საინტერესო შემთხვევებს ერთად განვიხილავთ.

მეუღლესთან ერთად

ლალი გოგიაშვილი, მეუღლე: „საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს. ძალიან დიდი სულის და გულის ადამიანია. პირველ ადგილზე მისთვის პაციენტია, შეუძლებელს აკეთებს მათთვის, საათობით შეუძლია უსმინოს პაციენტს… არასდროს შეუხედავს პაციენტისთვის, როგორც ფულის წყაროსთვის. მიაჩნია, რომ ექიმი ტელეფონს არასდროს არ უნდა რთავდეს, ნებისმიერ დროს რომ დარეკოთ ტელეფონზე, გიპასუხებთ, რაც ჩვენს დროში იშვიათია…
მართალია, ძალიან გადატვირთულია, გამორჩეულად მზრუნველი მამა და მეუღლეა. რთული რეჟიმის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებს,  დრო ჩვენთან ერთად გაატაროს… უყვარს ოჯახური საუბრები, რომლებიც, ძირითადად, მაინც მედიცინის გარშემო ტრიალებს, რადგან ბავშვებიც მომავალი ექიმები არიან… ამიტომაც ხშირად საინტერესო შემთხვევებს ერთად განიხილავენ. როგორც კოლეგებს, ისე უსმენს მათ და ითვალისწინებს მათ რჩევებს და შეხედულებებს“.

მიყვარს ჩემს შვილებთან ერთად ჭადრაკის თამაში, თავისუფალი დროც მედიცინას ეკუთვნის, რადგან ჩემი დარგი ყოველდღიურად ვითარდება და ამიტომაც ვეცნობი სიახლეებსო, – გვითხრა ბოლოს მიშა ექიმმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი, პირველ რიგში, კოვიდპანდემიის დასრულება დაასახელა, რომელიც, მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი გამოწვევაა. ამის შემდეგ კი  ჩემს დარგში სიახლეების დანერგვა და კვლევების გამოქვეყნებაზე ვიფიქრებო.

 

თამარ შაიშმელაშვილი

ფოტო: ნინო ჯაჯანიძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები