“ესპანეთი ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმას” გააჟღერებს, რომ მოხდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით” – ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ არანჩა გონზალეს ლაიას განცხადებით, მადრიდი მზად არის, მხარი დაუჭიროს ვაქცინის ხელმისაწვდომობას საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი – პარტნიორი ქვეყნებისთვის.

ამის შესახებ მან ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე გავაჟღერე ესპანეთის გეგმა, რომ ძალიან მალე დაამტკიცოს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმა” იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი, როგორც ესპანეთის ერთგვარი გზავნილი, თუმცა, ეს ასევე გახლავთ გზავნილი, რომელიც გვსურს, რომ გაჟღერებულ იქნას ევროკავშირის მიერ სოლიდარობის ნიშნად, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. არავინ იქნება დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ”, – განაცხადა არანჩა გონზალეს ლაიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პანდემიის კრიზისის ფონზე ეკონომიკის გაჯანსაღების მხრივ ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას. ესპანეთმა გამოთქვა დაინტერესება განავითაროს თანამშრომლობა და სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის მიმართულებით.

“ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივ ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა”, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრმა, არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გაეროში მიმდინარე მოვლენები მრავალმხრივი ფორმატების კუთხით, ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა, რომელზეც ორი ქვეყანა 2021 წელს ერთობლივად მუშაობას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები