„ჩემი ოჯახი ყვავილებია“ – მარიფლორას „ედემის ბაღი“ და მისი უღალატო პელარგონია, რომელიც საოცრად უხდება თბილისურ აივნებს

მცენარეების სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო, ყველა სეზონზე  რომელიმე ყვავილი ყვაოდა მათ ეზოში. შემდეგ სიყვარული გატაცებაში გადაიზარდა, და ბოლოს, ჰობი საქმედ იქცა.
მართალია პროფესიით ეკონომისტია და დღემდე ნანობს შეცდომას პროფესიის არჩევის დროს, მაგრამ მაინც კმაყოფილია, რომ  მცენარეებთან აქვს ურთიერთობა.
საკუთარ თავს თვითნასწავლს და მოყვარულ ფლორისტს უწოდებს, ფიქრობს, რომ საკუთარი საქმე იპოვა, რადგან აკეთებს იმას, რაც მსიამოვნებს და არაფრით ჩანაცვლება არ უნდა.  სამსახურის შემდეგ, სათბურში  უვლის ათასობით ნერგს. და ყველაფერს მარტო უძღვება, „გამოდის, რომ თავისუფალ დროს მცენარეებს ვჩუქნი“.
სათბრუის ყვავილებიდან კი ისევ და ისევ პელარგონიას გამოარჩევს, რომელსაც უღალატო ყვავილის უწოდებს.  პელარგონია უკეთ უძლებს თბილისის მშრალ ჰავას, მცხუნვარე მზეს და საოცრად უხდება აივნებსო.
ამბობს, რომ როცა ბუნება და ადამიანები ისვენებენ, ფლორისტები მუშაობენ.  ვცდილობ, მაქსიმალურად აყვავებული მცენარეებით შევხვდე გაზაფხულსო. მისი ბაღიც იშვიათი ჯიშებით სწორედ  ედემის ბაღის ასოციაციას იწვევს.
თვითნასწავლი ფლორისტის – მარიამ ბუტიკაშვილის, მარიფლორას პერსონა.

– ბავშვობა და მთელი ცხოვრება კერძო სახლში გავატარე. როდესაც გაქვს საშუალება, საკუთარი ბაღი გქონდეს, წარმოუდგენელია, არ გაგიჩნდეს სურვილი, შენი ხელით დარგო და გაზარდო ხე, ბუჩქი, ბოლქვი, ან თუნდაც სულ პაწაწინა მოყვავილე მცენარე, რომელიც ზაფხულს გაგილამაზებს.
მშობლებს ჰქონდათ ყვავილის სათბურები. მცენარეებთან ურთიერთობის პირველი პრაქტიკა იქ გავიარე. ალბათ აქედან დაიწყო  მცენარეებისადმი ჩემი სიყვარულიც. გარდა ამისა, ყოველა სეზონზე აუცილებლად რაღაც ყვაოდა ჩვენს ეზოში, ტიტა – ადრეულ გაზაფხულზე, ვარდები – მაისში, იასამანი, ზამბახი,  ჭრელა-ჭრულა ერთწლიანი მცენარეები ზაფხულის განმავლობაში, ქრიზანთემები – შემოდგომით… ბაღსაც და მცენარეებსაც ბებია ან დედა უვლიდა. მე მხოლოდ ვტკბებოდი.
ჩემი დრო მოგვიანებით დადგა, როცა მივხვდი, თუ რა სასიამოვნო შეგრძნებაა, შენი ხელით გახარებულ მცენარეს რომ უყურებ. სულ სხვანაირად ყვავის, ყველაზე ლამაზად.

სპეციალობით ეკონომისტი ხართ. როდის დაიწყეთ ფლორისტობა?
– მართალია, სპეციალობით ეკონომისტი ვარ. დღემდე განვიცდი, რომ შევცდი პროფესიის არჩევის დროს. „ფლორისტს“ დღესაც არ ვუწოდებ ჩემს თავს. „მოყვარული ფლორისტი“ უფრო შემეფერება, ან „მოყვარული მებაღე“. ყველაფერი ხომ მხოლოდ სიყვარულით დაიწყო, შემდეგ გატაცებაში გადაიზარდა, ბოლოს ჰობი იქცა საქმედ.
ფლორისტი რომ გახდე, საჭიროა თუ არა სპეციალური ცოდნა და უნარები ამ სფეროში?
– ფლორისტი საკმაოდ რთული სპეციალობაა. მისი სრულად დაუფლებაც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია. მცენარეებს რა გამოლევს… პირიქით, ახალ-ახალი სახეობები შემოდის, გემოვნება იცვლება, იხვეწება.  რასაც ზრდი, ყველას სახელი უნდა იცოდე, რომ ინფორმაცია მოიძიო: პოზიცია მზის მიმართ და ნესტის მოყვარულობა, ზრდის ტემპი, მაქსიმალური გაშლილობა/ზრდადობა, თანამეზობლობა სხვა მცენარეებთან, დაავადებები, მკურნალობის საშუალებები… რთულია ფლორისტობა…
თუ სპეციალურ ცოდნას მიიღებ, ამას რა სჯობს. მე თვითნასწავლი ვარ. ალბათ დაუსრულებლად მომიწევს სწავლა… რაც შეეხება უნარებს, უკეთესია, შინაგანად გქონდეს.
 თქვენი გვერდი „მარიფლორა – სეზონური ყვავილები“ გამოირჩევა იშვიათი ჯიშის ყვავილებით, ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეებით… როგორ მიაღწიეთ იმას, რომ ასეთი მრავალფეროვანი ბაღი გაქვთ?

– ბაღშიც და სათბურშიც წლობით ნაგროვები მცენარეებია. მაქვს როგორც გავრცელებული სეზონური ყვავილები, ასევე გამორჩეული სახეობები. დღესდღეობით სათბურის დიდი ნაწილი პელარგონიების საკოლექციო ჯიშებს უკავია.
რამდენი სახეობა მაქვს, არ ვითვლი, არ მიყვარს დათვლა. უბრალოდ ვიტყვი, რომ სამეფო, ზონალური, ამპელური, სტელარი, ანგელოზი, ზონარტიკი პელარგონიების კარგი კოლექცია მაქვს. ვზრდი ერთწლიან მოყვავილე მცენარეებსაც: ვიოლა, ლობელია, პეტუნია, ბაკოპა, კალიბრახოა, ვერბენა, კამპანულა…  განსხვავებულ ჯიშებს, პირველ რიგში, ჩემთვის,  ჩემი სიამოვნებისთვის ვყიდულობ,. მათ გამრავლებას გარკვეული დრო სჭირდება – ერთი სეზონი მაინც.
მეამაყება, რომ მხოლოდ ჩემს გაზრდილ მცენარეებს ვთავაზობ სხვას.
– თუ თანამშრომლობთ სხვა სანერგეებთან ან ფლორისტებთან? განსაკუთრებით რომელ ჯიშებზეა მოთხოვნილება?
– თანამშრომლობა აუცილებელია. დიდი სათბურებიც კი ვერ ზრდიან ყველა მცენარეს. ერთმანეთს ვავსებთ – ასე გამოდის.
მცენარეებზე მოთხოვნილება წლების განმავლობაში იცვლება. როგორც ჩანს, არსებობს ყვავილების მოდაც. თუმცა  ბოლო წლებში, პოპულარობის თვალსაზრისით, პელარგონიამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მის პოპულარიზაციას გარკვეულწილად  ხელი შეუწყო ბატონმა ზურა შევარდნაძემ.
„გარდენიაში“  ჩატარდა პელარგონიების პირველი გამოფენა-გაყიდვა საქართველოში, სადაც იშვიათი საკოლექციო ჯიშები გავაცანით სტუმარ/დამთვალიერებლებს. პოპულარობა განაპირობა იმანაც, რომ პელარგონია ის მცენარეა (ყვავილია), რომელიც ყველაზე უკეთ უძლებს თბილისის მშრალ ჰავას, მცხუნვარე მზეს და საოცრად უხდება აივნებს.
მარიფლორა – ამ სიტყვის ნაწილი თქვენი სახელისგან შედგება და ლამაზად ჟღერს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული ფლორისტი გახდე?
– მადლობა. ეს სახელი ჩემი სახელის და შერქმეული სახელის გაერთიანებაა. შემდგომში აღმოვაჩინე, რომ ამ დასახელებით თურმე ყვავილების მაღაზიები არსებობს საზღვარგვარეთ (რუსეთში). ფლორისტის წარმატებას და პოპულარიზაციას ჯანმრთელი ნერგები, იშვიათი სახეობები განაპირობებს. დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაბელობას.
 ყველაზე მეტად რომელი ყვავილი გიყვართ?
– იცით, გემოვნება იცვლება ფლორისტიკაშიც. იყო დრო, კაკტუსები მიყვარდა, შემდეგ დიდფოთოლა უყვავილო მცენარეები (პალმა, არმა, მონსტერა, ფიკუსი…). ახლა უფრო მოყვავილე მცენარეები მხიბლავს. რაც უფრო დიდხანს ყვავის, უფრო სასურველია. ისევ და ისევ პელარგონიას გამოვარჩევდი. უღალატო ყვავილია, ყოველთვის ყვავის, როცა გინდათ, რომ ყვაოდეს. ზამთარშიც კი, თუ სათანადო პირობებს შევუქმნით. ამისთვის სათბური და ორანჟერეა საუკეთესო ადგილია.
გაზაფხული მოდის. როგორ ემზადებით საგაზაფხულო სეზონისთვის?
– როცა ბუნება და ადამიანები ისვენებენ, ფლორისტები მუშაობენ. გაზაფხულისთვის მზადება შემოდგომით იწყება და მთელი ზამთარი გრძელდება. თესვა, დაკალმება, დაჩითილება, ქოთნებში დაბინავება – ეს ყველაფერი ზამთარში კეთდება.
ვცდილობ, მაქსიმალურად აყვავებული მცენარეებით შევხვდე გაზაფხულს.
ჰობი საქმიანობად აქციეთ. ახალი ჰობი თუ გაქვთ?
– ვთვლი, რომ ჩემი საქმე ვიპოვე, ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და არაფრით ჩანაცვლება არ მინდა.  წარმოიდგინეთ, არ მაქვს თავისუფალი დრო. ვმუშაობ უნივერსიტეტის ერთ-ერთ სამეცნიერო ინსტიტუტში. სამსახურის შემდეგ, სათბურში  ვუვლი ათასობით ნერგს. როცა ყველაფერს მარტო უძღვები, დამხმარე პერსონალის გარეშე, ძალიან რთულია. გამოდის, რომ თავისუფალ დროს მცენარეებს ვჩუქნი.
ახალი ჰობი? ჰობი არა, მაგრამ არის რაღაც, რაც ბავშვობიდან ჩამრჩა აუხდენელ სურვილად – თიხაზე მუშაობა. ჩემი ხელით მინდა ამოვიყვანო ქოთანი. ვინ იცის, იქნებ ამ საქმემაც გამიტაცოს.
ოჯახი…
– ჩემი ოჯახი ყვავილებია.
სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ მინდა პელარგონიების ახალი ჯიშების გამოყვანა ვცადო. დიდი დრო და ნებისყოფა იქნება საჭირო. ვნახოთ, რა გამომივა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები