მწერალი, რომელმაც თავი ყველას შეშლილად მოაჩვენა, თუმცა სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა
1942 წლის 2 თებერვალს რუსი მწერალი დანიელ ჰარმსი (ნამდვილი გვარი იუვაჩიოვი) პეტერბურგის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ის 1941 წლის აგვისტოს დააპატიმრეს (ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირი ომს წააგებდა) და დახვრეტას რომ გადარჩენილიყო, თავი ყველას შეშლილად მოაჩვენა. მართალია, დახვრეტას გადაურჩა, თუმცა სიკვდილს მაინც ვერა.
ჰარმსის მეუღლის, მარინა მალიჩის მოგონებებიდან:
„პატარა ნაჭერი ჩავდე, შესაძლოა ეს პური იყო, რაღაც ძალიან პატარა, მიზერული, რაც შემეძლო მისთვის გამეგზავნა. პარკიც ძალიან პატარა იყო.
ყველა ნაცნობს ვუთხარი, რომ იქ მივდიოდი, ვინაიდან შეიძლებოდა, ვერ გამეძლო და ბოლომდე ვერ მივსულიყავი. მხოლოდ ფეხით შეიძლებოდა მისვლა.
მე მივდიოდი, მზე ანათებდა. თოვლი ლაპლაპებდა. ზღაპრული სილამაზე იყო.
შემხვედრ გზაზე ორი ბიჭი მოდიოდა. პალტოები ეცვათ, ისეთები, როგორიც გიმნაზიის მოსწავლეებს მეფის კარზე. ერთ-ერთი მათგანი მეორეს იჭერდა. პირველი ფეხებს ძლივს მოათრევდა და მეორე, რომელსაც ის ზურგზე ჰყავდა მოკიდებული, შველას ითხოვდა:„მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ!“
მე ამ პატარა პარკს ჩავეჭიდე და რა თქმა უნდა, მიცემა არ შემეძლო.
ერთ-ერთი ბიჭი უკვე ეცემოდა. ვუყურებდი, როგორ კვდებოდა. მეორესაც უკვე ფეხები ეკეცებოდა.
ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა. ენით აღუწერელი სილამაზე იყო.. და ეს ბიჭები…
რამდენიმე საათის განმავლობაში მივდიოდი. ძალიან დავიღალე. როგორც იქნა, ციხემდე მივაღწიე. იმ ფანჯარასთან, სადაც შესაგზავნ ნივთებს იბარებდნენ, ძალიან ცოტა ხალხი იდგა. ფანჯარაზე დავაკაკუნე, გააღეს და ჩემი პატარა პარკი მივაწოდე.
რამდენიმე წუთი გავიდა. ფანჯარა კვლავ გაიღო და იმავე მამაკაცმა ჩემი პურიანი პარკი ფანჯრიდან გადმოაგდო.
-„მოკვდა ორ თებერვალს.“
მე უკან წამოვედი. ყოველგვარი ემოციების გარეშე. სიცარიელეს ვგრძნობდი. უცებ გავიფიქრე: უკეთესი იქნებოდა, იმ ბიჭებისთვის მიმეცა-მეთქი ეს პური, მაგრამ მათი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.