ჩუღურეთი, ღრმაღელე, ფონიჭალა, რიყე – ცნობილი ადგილების ისტორია

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, ჩუღურეთზე, ღრმაღელეზე, ფონიჭალასა და რიყეზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.


ჩუღურეთი – დასახელება თურქული სიტყვიდან – „ჩუქორ“, „ჩუღური“ – უნდა იყოს ნაწარმოები, რაც ხევს, ფერდობს ნიშნავს. ეს უბანი ნაჩვენები აქვს ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის გეგმაზე. აქ დასახელება მტკვრის მარცხენა ტოტამდე აღწევს და მას შუაზე ჰკვეთს ე.წ. ავჭალის გზა (ავჭალის გზა მაშინ ისნის კარიბჭესთან იწყებოდა და თავდაპირველად სანაპირო ზოლს მისდევდა). სოფელს ხევი სამი მხრიდან ერტყა, ხოლო მეოთხედან მტკვარი ჩაუდიოდა. მე-19 საუკუნის 20-იან წლებში სოფელი თბილისს შეუერთდა. ჩუღურეთში იყო განლაგებული თბილისის მექოთნეთა საწარმოების დიდი ნაწილი.

ღრმაღელე – ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული უბნის დასახელება აქ მდებარე მშრალი ხევიდან მოდის, რომელიც მოძალებული წვიმების შედეგად ღელედ იქცეოდა.

ფონიჭალა – ეს სამრეწველო-საცხოვრებელი რაიონი განლაგებულია თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერევანისკენ მიმავალ რკინიგზასა და მტკვარს შორის, მომავალი განაშენიანებისათვის გათვალისწინებული ტერიტორიის ფართობი 800 ჰექტარს აღწევს (ამ დროს ფონიჭალა დღევანდელი სახით არ არსებობდა). საცხოვრებელი რაიონის მშენებლობა განპირობებულია ამ ტერიტორიაზე სამრეწველო-სასაწყობო ზონის არსებობით. სამოსახლოდ გათვალისწინებული ადგილი ტერასებად აყვება თელეთის მთის ფერდობს.

პროექტის მიხედვით საცხოვრებელი ზონა სამ უბანზე განაწილდება სოფელ სოღანლუღის ადგილზე, რუსთავის გზატკეცილსა და რკინიგზას შორის, ასევე ზედა ბაქანზე სადგურის გარშემო, სამივე მონაკვეთი გაერთიანდება სკვერებისა და მოედნების სისტემით, რომელიც რაიონულ პარკს შეერწყმება. ძირითად, საცხოვრებელ უჯრედებს წარმოქმნიან თავისებური შიდა ეზოების გარშემო განლაგებული 9-სართულიანი სახლები პროექტი ითვალისწინებს ამ უბანში 18 ათასი მცხოვრებლის დასახელებას.

ფონიჭალა ორი ნაწილისაგან შემდგარი სიტყვაა. „ჭალა“ მცენარეულით დაფარულ მდინარის პირს ნიშნავს, ხოლო „ფონი“ მდინარეზე გადასასვლელს.

რიყე – ტერიტორია მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ბარათაშვილისა და მეტეხის ხიდებს შორის, არ იყო განაშენიანებული მე-19 საუკუნის 30–იან წლებამდე, რასაც თბილისის 1735, 1800 1828 წლების გეგმები ადასტურებენ. ამ ადგილზე გადიოდა ავლაბრის კარიდან ავჭალისკენ მიმავალი გზა. შემდგომში აქ მტკვრის მარცხენა ტოტი გამეჩხერდა, დაშრა და სახელდახელოდ გამაგრებული სანაპირო საცხოვრებელი სახლებით განაშენიანდა. მდინარის ადიდებისას რიყე იტბორებოდა, რასაც ზოგჯერ მსხვერპლიც მოსდევდა. აქ მრავლად იყო დუქნები და სხვადასხვა (ხარაზების, მჭედლების, მკალავების) სახელოსნოები. სამწუხაროდ, რიყის უბანი 1973 წელს დაანგრიეს. ადგილს კი მაინც შერჩა ძველი სახელწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები