როგორ ცხოვრობდნენ ეკატერინენფელდში – რეპორტაჟი 1890-იანი წლებიდან
აი, რას ამოიკითხავთ 1889 წლის „ივერიაში“. მკითხველს მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა რომ შეექმნას, ყველაფერია მითითებული: ეკატერინენფელდის (დღევანდელი ბოლნისი) მდებარეობა – გარდა ტოპოგრაფიული მონაცემებისა, ხედები, ისე აღწერილი, რომ მიიზიდოს და ინტერესი გაუღვივოს მკითხველს (თუ იქით მიმავალს): თვით სოფელი მთებს შუაა, ჩრდილოეთიდან და სამხრეთით წყლები, მინდვრები და ვენახები აკრავს. ეს პატარა სოფელი (250 კომლი) ჩვენს პატარა ქალაქებს არ ჩამოუვარდებოდა – კეთილმოწყობილი, გამშვენებული წესისა და რიგის მიხედვით. პირველი, რაც მის დამთვალიერებელს თვალში მოხვდებოდა – შემაღლებულზე წამომართული ქვითკირის სახლები იყო; ასეთივე ღობით შემოვლებული. სახლები შელესილი, კრამიტით გადახურული, ოთახებიც (ოთხ-ხუთოთახიანი) სანიმუშოდ გალესილი და შპალერგაკრული. იატაკი და ჭერი ფიცრისა იყო, ჭერი – თაბაშირის ფიგურებით შემკობილი. ყველა სახლს შიგნიდან ვერ დაათვალიერებთ – თუ შეიხედავდით, ნახავდით მაგიდას და სკამებს, კარადებს და საწოლებს. თვით სოფელს რაც შეეხება, მთელ მის იერს, მის სახლებსა და მწყობრად გაშლილ ფართო ქუჩებს, დარწმუნდებოდით, რომ არაფრით ჰგავდა სხვა სოფლებს, არც ტროტუარებითა და ხეხილის ხეივნებით, არც „განგებ რიგზედ დადგმული სახლებით, რომლებიც „უეჭველად ქუჩის პირად იდგა“.
სოფლის შუაგულში წამომართული იყო მშვენიერი თლილი ქვით ნაგები ეკლესია, ისეთი თლილი ქვით ნაშენი, რომ მარმარილოს არ ჩამოუვარდებოდა. აი ამ, სოფლის, ეკლესიაზე ნათქვამია, თბილისში ორი ეკლესია არა სჯობია ამასო.
ეკლესიის დიდ ეზოში – გავიმეორებ სიტყვასიტყვით –„აღმოსავლეთის მხრით წამოჭიმულია სოფლის სასწავლებელი, სამკლასიანი სკოლა, რომელშიც გერმანულსა და რუსულ ენებს და სხვადასხვა საგანს ასწავლიდნენ. სწავლა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა: ზაფხულობით – დილაობით (3 საათის განმავლობაში), ზამთრობით კიდღეში ორჯერ – დილით და საღამოს (სულ 6 საათს გრძელდებოდა). კორესპონდენციის გამოქვეყნების დროს სკოლაში ირიცხებოდა 315 მოსწავლე – გოგონებიც და ბიჭებიც. სტატიის ავტორს გული არ უთმენს, არ დაატანოს ბევრისთვის საწყენი და გულსაკლავი სიტყვები: „ისე – კი არა, როგორც ჩვენებურს სკოლაში, სექტემბერში შეიკრიბება სასწავლებელში 100 ყმაწვილი, ორი კვირის შემდეგ 80-ზედ ჩამოვა და წლის ბოლოს 20 ძლივს იკივკივებს ცარიელ ოთახებში“.
სკოლის მიზანი ახალგაზრდებისთვის სამსახურისთვის მომზადება იყო, საუკეთესოებს სკოლაშივე ტოვებდნენ მასწავლებლებად, ზოგი უმაღლეს სკოლაში განაგრძობდა სწავლას, ისინი კი, ვინც ხელობას ეუფლებოდა, შესწავლილ საქმეს მისდევდნენ. კურსდამთავრებულნი ოჯახებშიც მასწავლებლობდნენ ან სხვა სასწავლებლებში.
აბზაცის დასასრულს ნათქვამია (ვინ იცის, რა აღტაცებით იმის გამო, რომ არაფერია უფრო სანატრელი, ვიდრე ის სიმდიდრე, რომელსაც სკოლა ატანდა მთელ სოფელს, განურჩევლად ყველას. და რამდენი წუხილი იმის გამო, რომ ეს ყველასთვის სანუკვარი მისწრაფება ჩვენში უცხო და შორეული ჩანდა): „ეს სასწავლებელი კერაა, სასოფლო“.
ეკლესია, სკოლა, სავაჭროები, სასტუმროც კი, ფოსტა (კვირაში ორჯერ „დაიარებოდა“) და საპატიმრო…
საქმეს პოლიციისა და სასამართლოს ბოქაულები, მომრიგებელი მოსამართლე და გამომძიებელი აწარმოებდნენ. საპოლიციო განყოფილების უფროსი იყო თავადი თარხან-მოურავიშვილი, რომელიც თავდადებით ემსახურებოდა საქმეს. საქმე ის იყო, რომ ბორჩალოელი “თათრები” ყაჩაღობას არ ერიდებოდნენ და არც მათი მაყურებელი ქართველები და სომხები აკლებდნენ ხელს (თაკილობდნენ). განა მარტო ქურდობა, კაცის კვლაც კი მოხდა სოფელზე თავდასხმისას. 3 მეცხვარეს 8 თუ 10 შეიარაღებული ყაჩაღი დაეცა და ცხვარი გაიტაცა, გერმანელების ქორწილში დაპატიჟებულ ერთ “თათარს” და ერთ ქართველს კი მადლობის ნაცვლად ცხენის აღკაზმულობა მოუპარავთ. ყაჩაღობა ისე იყო გახშირებული, რომ იქაური ბავშვებიც კი შეიარაღებული დადიოდნენ და ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი სიფხიზლე, მონდომება და თავდადება იყო საჭირო, შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად და დანაშაულის აღსაკვეთად. თარხან-მოურავიშვილი ცდილობდა, ზოგი დარიგებით, ზოგი დაშინებით, ზოგი ხვეწნით და სხვები კი ციხით ჩამოეშორებინა ავაზაკობისათვის. სადაც ყაჩაღები გამოჩნდებოდნენ, იქ გამოჩნდებოდახოლმე, ასე რომ ბოქაულისთვის დღე ღამე იყო და ღამე – დღეო. ყველა საქმე – ავიც და კარგიც (ხალხისა და საქონლის ავადმყოფობის ჩათვლით) ბოქაულებს ებარათ და სხვებთან შედარებით (მაგ. გორის მაზრისა), რომლებზეც სტატიის ავტორი ირონიით წერს, გაზეთით იგებენ პატივცემულნი, რა ხდება მათ მაზრაშიო, – თარხან-მოურავიშვილზე ამბობს, რომ მოსვენება ჰქონდა დაკარგული, „გაჭირვებულს მდგომარეობაში იყოო“.
ვის ებარა სოფელი, ვინ იყო მისი ნამდვილი პატრონი და ამიტომ დიდად პატივდებული ადამიანი? – მამასახლისი შულცი – პატივცემული კაცი, რის დასამტკიცებლადაც მხოლოდ ის იკმარებდა, შულცი სასოფლო კრებაზე ან კანცელარიაში ერთხელ მაინც რომ ენახა ადამიანს. სასოფლო კანცელარია წარმოადგენდა სასამართლოს, სადაც ყოველი საქმე ისე წესიერად მიმდინარეობდა, რომვერც ერთი სახელმწიფო დაწესებულება მას ტოლს ვერ დაუდებდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესანიშნავად იყო მოწყობილიც და აწყობილიც. ორად (შუაზე) გაყოფილი დიდი დარბაზის ერთი ნაწილი ეთმობოდა დამსწრეებს, მეორე – სოფლის მოსამართლეებს და მამასახლის შულცს (მათი ადგილი ოდნავ შემაღლებული იყო, რათა ყველას ჰქონოდა საშუალება, კარგად დაენახათ). ანტურაჟი დახატულია დიდი ყურადღებით: ჩამწკრივებული სკამები ხალხისთვის, მაგიდა წითელსუფრაგადაფარებული, საწერ-კალამი და კანონთა კრებულები მოსამართლეებისათვის. აბსოლუტური წესრიგი და წესიერება: გასუსული ხალხი, დაბარებული მომჩივანი, რომელსაც სიტყვის თქმას აცდიდნენ (არავის ჰქონდაუფლება, სანამ სიტყვას დაამთავრებდა, ხმა ამოეღო), ამას მოსდევდა მოწმეების სათითაოდ დაკითხვა, რის შემდეგაც მამასახლისი და მოსამართლენი ცალკე ოთახში გადიოდნენ მოსათათბირებლად, რომ განაჩენი წარედგინათ შეკრებილთა წინაშე.
მამასახლისს ებარა ადგილ-მამულის, სახნავ-სათესისა და ვენახების განაწილება, იმ პირობით, თუ კარგად არ მოუვლიდნენ, ჩამოართმევდნენ მიკუთვნებულს და სოფლიდან გააძევებდნენ. შიგ სოფელში არ იყო გავრცელებული ქურდობა ან ყაჩაღობა, თათრებიც ვერ ბედავდნენ თავდასხმას გერმანელების ასეთი ერთობის გამო, რომლებიც ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და არც სხვას უშლიდნენ ხელს საქმეში.
გერმანელებს წესად ჰქონდათ, რასაც ერთი ოჯახი დამოუკიდებლად თავს ვერ ართმევდა (მაგალითად, სახლის აშენება), სხვების დახმარებით აგვარებდა (და შულცის მონაწილეობით; აქ კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული მისი დიდი ავტორიტეტი). წინა დღით ატყობინებდნენ საჭირო საქმის თაობაზე და შულცი ადგენდა, ჩანაწერის მიხედვით, ვინ ვის უნდა მიხმარებოდა უფასოდ (რიგის მიხედვით). თვითონ მამასახლისი აფრთხილებდა ყველას სათითაოდ (რამდენი კაციც იყო საჭირო საქმისთვის) და ისინიც მეზობლებთან იყრიდნენ თავს, რომ საქმე ერთბაშად მოემთავრებინათ. ასე მიჰყავდათ საქმე წინ და ეს ერთობა მათ თავისუფლებასაც ხელს უწყობდა. გარდა ამისა, თუ მეზობელი გაჭირვების გამო მევალეს ვერ ისტუმრებდა, სხვები ძალიან უწყობდნენ ხელს, რომ შესაგროვებელი ფულის გამო ოჯახს ქონება არ გაეყიდა.
ეკატერინენფელდის მოსახლეობა მთლიანად გერმანული იყო, 200 წლის წინ შვაბიიდან გადმოსახლებულნი, იმათი ჩამომავლები, ვინც პირველად დამკვიდრდა აქ. სოფლის უხუცესმა, 90 წლის კაცმა, გადმოცემით იცოდა წინაპართა აქ მოსვლის მიზანი: „ჩემი მამა-პაპანი, 90 კომლამდის, იერუსალიმისკენ მივდიოდით სალოცავად, მაგრამ შემთხვევის გამო ვეღარ მივედით და აქ ახლოს დავრჩით გზაშიო“. ეს ამბავი საქართველოს რუსთა ხელმწიფის შეერთებამდე ყოფილა, რუსთა ხელმწიფემ, ეკატერინემ, გვიბოძა ეს ალაგი, აქ დავსახლდით და ხელმწიფის პატივსაცემად ჩვენს კოლონიას დავარქვით ეკატერინენფელდიო“.
და ბოლოს, სტუმართმოყვარეობა – ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილს, სრულიად უცნობს, გერმანელები შინ ეპატიჟებიან, ღვინით უმასპინძლდებიან, თავს არ ანებებენ, სანამ არ დაითანხმებენ. ისინი ესალმებიან ყველა შემხვედრს – ნაცნობსაც და უცნობსაც. მაგრამ რაც ძალიან გამოარჩევს ყველა დანარჩენისგან, – ეს მაინც გასაოცარი შრომისმოყვარეობაა, განსაკუთრებით კი ქალების საქმიანობა – შეუპოვარი, თავდაუზოგავი, შესაძლოა, თვალისთვის არცთუ მიმზიდველი, მაგრამ სანიმუშო და სამაგალითო. ხოლო კვირაობით, საერთოდ, უქმე დღეებში, წიგნით ხელში ყველა, თითქმის ყველა, ეკლესიას მიეშურება.
ბუნება აქ მოსახლეთ საშუალებას აძლევდა, არ მოჰკლებოდათ სურსათ-სანოვაგე, მომეტებული კი გაეყიდათ. ეს მხარე გამორჩეულია როგორც ნიადაგით („შავი კუნაპეტი მიწა“), ისე წყლებით – მდინარითა და წყაროებით: დიდძალ თავზს იჭერდნენ მდ. ხრამში; ხოლო რაც შეეხება წყაროს წყალს, არ ჩამოუვარდებიდა ზელტერის წყალს (… ). სტატიის ავტორიც წერს, თბილისში რომ გაყიდონ, მასზე (ზელტერზე) წინ დააყენებენო. მიწა, წყალი, ჰაერი: მართალია, ზაფხული კი აქ ცხელი იცის, მაგრამ, სამაგიეროდ, თბილი ზამთარი, ყველაფერი გლეხს ხელს უწყობს საქმიანობაში, მოსავლის მოყვანაში.
ტყე, მინდვრები – სამყოფი და უხვმოსავლიანია, ყველაფრისთვის გამოსადეგი, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვაზი, რომელსაც არატკვაის ეძახიან (რამტევენა) და ადგილობრივნიც არაფერს ისე ერთგულად არ მისდევდნენ, როგორც მევენახეობას, ღვინის მოყვანას. გერმანელებს კი ვენახები „საკვირველად დაყოფილი“ ჰქონდათ. ერთად გაშენებული, შემორტყმული საერთო ღობით. ისინი უვლიდნენ არა მხოლოდ ვაზს, არამედ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, შვრია, სიმინდი და სხვ. იმდენ თივას აგროვებდნენ, რომ საქონელს სრულად გამოეკვებათ. ყოველი ოჯახი 3-4 სულ ძროხას ინახავდა, ჰყავდათ ამდენივე ცხენი და, გარდა ამისა, რამდენიმე ღორი, რომელთაც კარგად კვებავდნენ (და ამიტომ არც აწუხებდნენ პატრონს!). გერმანელები ხარ-კამეჩის ნაცვლად ცხენებს ამუშავებდნენ. ფურგონი იყო მათი ურემიც, ფაეტონიც და კარეტაც. დღედაღამ ფურგონის რახრახი ისმისო, – წერს კორესპონდენტი.
წყარო: ქართულ-გერმანული არქივი