რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი წელს, შესაძლოა, დაგეგმილზე სამჯერ მეტი იყოს
რუსეთის მთავრობის დეფიციტი შესაძლოა, 2026 წლის ბოლოსთვის ოფიციალურ მიზნობრივ მაჩვენებელზე სამჯერ გაიზარდოს, – ამის შესახებ „როიტერს“ მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
მიზეზად ინდოეთში ნავთობის შესყიდვების შემცირება და ნავთობზე ფასდაკლებების ზრდა სახელდება, რაც შემოსავლებს ამცირებს, ხოლო ხარჯები, შესაძლოა, მოსალოდნელზე მაღალი იყოს,
წყარო მთავრობასთან ასოცირებული ანალიტიკური ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოთვლებს მოიხსენიებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით შემცირდება და 37.9 ტრილიონ რუბლს მიაღწევს. შეფასებების მიხედვით, სავარაუდოა ასევე ხარჯების 4.1%-დან 8.4%-მდე ზრდას.
„ბიუჯეტის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. შემოსავლები შემცირდება, ხოლო ხარჯები – გაიზრდება“, – განაცხადა წყარომ, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
რუსეთის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის გათვლები, როგორც წესი, სტატუს კვოს შენარჩუნებას ეფუძნება – რომ უკრაინაში ომი 2026 წლამდე გაგრძელდება და დასავლეთის სანქციები ძალაში დარჩება.
წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მზარდი დეფიციტი და კლებადი რეზერვები ეკონომიკურ კოლაფსს არ გამოიწვევს, ისინი ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ.