„ბნელი ძალა შემოვიდა, არ დაგინდობენო!“ – სისტემა სიო ჭანტურიშვილის წინააღმდეგ
სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.
ჭანტურიშვილი სიო დიმიტრის ძე (1884-1937)
„ამის გამომზეურება მე და ჩემისთანებს იმიტომ კი არ გვინდა, რომ შური ვიძიოთ… თუმცა შთამომავლებმა უნდა თქვან და აღიარონ.“
„ამ თემაზე კლასელებს ლაპარაკი არა გვაქვს არასდროს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩემი ამხანაგის ბაბუა მონაწილეობდა ბაბუაჩემის (ერთის ან მეორის) საქმეში.“ – შვილიშვილის – თეიმურაზ ჭანტურიშვილის – ზეპირი მოგონებებიდან, რომლის ორივე ბაბუა – სიო ჭანტურიშვილი და პროკოფი ჩიგოგიძე – 1937 წელს დახვრიტეს.
სიო ჭანტურიშვილი დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელი აცანაში. ჰყავდა სამი ძმა და ერთი და. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ კი – მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1911 წელს. სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე – პოლინა ნიკოლოზის (ნიკოლაის) ას. პოპოვა. მუშაობდა თათრეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ტეტიუშიში, ხოლო, შემდეგ – ბაქოში ბანკის მმართველის მოადგილედ, სანამ 1915 წელს ქალაქში სისხლიანი შეტაკებები დაიწყებოდა. 1915 წლიდან დაბრუნდა საქართველოში.
სიო ჭანტურიშვილი, იურისტის გარდა, პროფესიით იყო ფინანსისტიც, ასევე მწერალი-დრამატურგი. მას ეკუთვნის დრამები: „მორევში“(1910-1911, „სული ობოლი“(1916), „ბურუსი“(1919), „გაზაფხულის ვნება“, „ზღუდეთა შორის“ და ვოდევილი – „გმირი“. სპექტაკლები წარმატებით იდგმებოდა ჯერ თათრეთის, ხოლო შემდეგ უკვე საქართველოს თეატრებში. იგი არის რამდენიმე პუბლიცისტური და კრიტიკული ნარკვევის ავტორი. მონაწილეობდა საქართველოს სცენის მოღვაწეთა პირველ ყრილობაში (1914), სადაც თავმჯდომარედ აკაკი წერეთელი აირჩიეს, ხოლო მდივნად – სიო ჭანტურიშვილი.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, სიო ჭანტურიშვილი ოზურგეთის სამაზრო ერობის თავმჯდომარედ დაინიშნა. ოჯახის გადმოცემით, მთავრობის ხელმძღვანელმა, ნოე ჟორდანიამ, მას ფინანსთა მინისტრის პორტფელი შესთავაზა, თუმცა, სიო ჭანტურიშვილმა უარი განაცხადა და მშობლიურ გურიაში წასვლა არჩია. ადგილობრივი და სამაზრო ერობები იმ პერიოდში თვითმმართველობის საკმაოდ ძლიერ ერთეულებს წარმოადგენდნენ და თავმჯდომარეებს ფართო უფლება-მოვალეობები გააჩნდათ.
აღსანიშნავია წერილი, რომელიც სიო ჭანტურიშვილმა 1921 წლის 1 თებერვალს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს, ოლივერ უორდროპს გაუგზავნა:
„მთელი გურია გულწრფელ სალამს გიძღვნით თქვენ, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, იმ დამოუკიდებლობის გამო, რომელიც მოიპოვა საქართველომ თქვენის დახმარებით. საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობას, მაგრამ ამ ზეიმს ჩრდილავს ის გარემოება, რომ გურიის მოსაზღვრე ბათუმის ოლქი ჯერ კიდევ არ არის მისი ბუნებრივი პატრონის, საქართველოს მთავრობის, ხელში. მთელი გურია მოუთმენლად მოელის იმ წამს, როცა მისი საზღვრები ბათუმის ოლქთან გაიშლება და საქართველო გაერთიანდება. გურიის ხალხი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თქვენი საშუალებით დიდი ბრიტანეთი და ბრიტანეთის საშუალებით მოკავშირეთა სახელმწიფონი ამ საკითხის გადაჭრაშიაც დაადგებიან ბრძნულ ნაცად გზას სამართლიანობის დაცვისა. ხანგრძლივი იყოს თქვენი სიცოცხლე დიდი ბრიტანეთის სასახელოთ და პატარა საქართველოს საკეთილდღეოთ“.
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სიო ჭანტურიშვილს შესთავაზეს ემიგრაციაში წასვლა. ბათუმიდან გასამგზავრებელ გემზე სიოსა და მისი ოჯახისთვის ბილეთები მზად ჰქონდათ – „ბნელი ძალა შემოვიდა, არ დაგინდობენო!“, სიომ უპასუხა: „რატომ, რა დამიშავებია? ეგენიც ხო ხალხი არიან? გადავცემ საბუთებს და ვითანამშრომლებ, შვილებს მე ვერ გავაფრანგებო.“ მას შემდეგ სიო ჭანტურიშვილი ბოლშევიკებმა სამჯერ დააპატიმრეს.
ბოლოს, სიო ჭანტურიშვილი დააკავეს 1937 წელს. მას ბრალად წაუყენეს მენშევიკ ალექსანდრე კანდელაკთან (დახვრიტეს 1937 წლის 27 დეკემბერს) კავშირი, რომელმაც 1936 წელს გადაიბირა მენშევიკურ კონტრრევოლუვიურ ორგანიზაციაში. ამ ერთწინადადებიანი ბრალდებით, 1937 წლის 28 დეკემბერს განსაკუთრებულმა სამეულმა – გოგლიძის, წერეთლის და მოროზოვის (მდივანი) მონაწილეობით – მას დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. მეორე დღეს, 29 დეკემბერს, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
თეიმურაზ ჭანტურიშვილი იხსენებს, რომ სიო 1937 წლის რეპრესიებს თავდაპირველად გაკვირვებით შეხვდა და სახლში ხშირად ამბობდა: „ნუთუ ეს ხალხი ყველა უდანაშაულოაო?!“, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგო 1937 წლის 15 მაისს შალვა ცინცაძის დაპატიმრების ამბავი, შვილს უთხრა, რომ ცდებოდა და მასაც მალევე წაიყვანდნენ.
სიოს ძმა, დიმიტრი, მძიმედ ავადმყოფობდა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. როდესაც სახლიდან მიჰყავდათ, სიოს შვილმა კარებში გამავალ ჩეკისტებს მიაძახა: „ხომ ხედავთ, ავად არის და მაგის მეტი პატრონი არა ყავსო.“ ჩეკისტებმა გადმოხედეს: „მაგას თქვენ უმკურნალეთ და ამას ჩვენ მივხედავთო!“…
ოჯახი ცხოვრობდა მოუწყობელ, პატარა ბინაში, ფასანაურის ქუჩაზე. კარს ზემოთ სახლს ამშვენებდა მარმარილოს სტელა, რომლის მიხედვით, სახლში 1907 წელს იმალებოდა რევოლუციურ მოძრაობაში ჩართული იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი). სიო ჭანტურიშვილის შვილიშვილი, ბატონი თეიმურაზი, ბებიის, პოლინა პოპოვას გადარჩენას უკავშირებს სწორედ ამ ფაქტს – შეიძლება დაფისაც მოერიდათ, მაგრამ უფრო მეტად იმიტომ, რომ ჩეკისტებს ბინა თვალში არ მოუვიდათ, სიოს მეუღლე „ხალხის მტრად“ აღარ შერაცხეს და საკუთრებაც დაუტოვეს.