გიორგი ჭაჭიაშვილის, იგივე Doktor Schatz-ის ტრაგიკული ცხოვრება ტაბახმელადან პარიზამდე
ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია საზოგადოებას ცნობილი ქართველი ემიგრანტების შესახებ ბევრ საინტერესო ცნობას აწვდის და მათ ადამიანურ ისტორიებს უზიარებს. გიორგი ჭაჭიაშვილის, იგივე Doktor Schatz-ის ტრაგიკული ცხოვრების ისტორიაც ამ ამბების რიცხვშია.
გიორგი ჭაჭიაშვილი (1898-1943) 1921 წლის ტაბახმელას ბრძოლის გმირებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა. თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, მთელი თბილისი სადღაც რომ გარბოდა, ახალგაზრდა ექიმი გიორგი ჭაჭიაშვილი ბოლშევიკებმა შეიპყრეს და დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ აჭარის სასაზღვრო სოფლიდან მოახერხა თურქეთში გაპარვა და საფრანგეთისკენ აიღო გეზი.
საქართველოში დარჩენილი მეუღლის – ელენე მაჭავარიანის (დაქორწინდნენ 1922 წელს) და პატარა შვილის, ლევანის წაყვანა ვერ შეძლო, რაც მისი ცხოვრების ტრაგედიად იქცა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფ „ბერგმანში“ სანიტარული სამსახურის უფროსად მუშაობდა.
1943 წელს ყირიმში დაჭრილის გამოსაყვანად ბრძოლის ველზე გაჭრილი ქართველი ექიმი ადგილზე დაიღუპა და იქვე დაკრძალეს.
გიორგი ნიკოლოზის ძე ჭაჭიაშვილი ზესტაფონის სოფელ არგვეთაში დაიბადა. დედა აბაშიძის ქალი ჰყავდა, ერთი მამიდის ქმარი ცნობილი მათემატიკოსი ოქროპირ ხევსურიანი, ხოლო მეორე მამიდის მეუღლე ცნობილი ფიზიკოსი დავით ჩარკვიანი იყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კურსი თბილისში დაასრულა, მერე კი პარიზში გააგრძელა სწავლა, მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიიღო და პარიზის სენ ჟოზეფის კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში დაიწყო მუშაობა.
პარიზში დაიცვა დისერტაცია თემაზე „თირკმლის ფიალებისა და შარდსაწვეთის დვრილების სიმსივნეები“, რომელიც 1935 წელს პარიზში მონოგრაფიად გამოსცა და მიუძღვნა პროფესორ ალექსანდრე ნათიშვილს.
რაც შეეხება თბილისში დარჩენილ მეუღლეს, ელენე მაჭავარიანს, ის მეან-გინეკოლოგად მუშაობდა თბილისის კლინიკებში, შვილი – ლევან ჭაჭიაშვილი კი, ცნობილი ტრავმატოლოგი იყო.
გიორგი ჭაჭიაშვილი ისე გარდაიცვალა, თავისი ცოლ-შვილის პარიზში ჩაყვანა და ნახვაც ვერ შეძლო. მხოლოდ წლების მერე შვილმა მოინახულა მამის საფლავი, რომელზეც ორი სიტყვა იყო შემორჩენილი -„Doktor Schatz“.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭაჭიაშვილის კვლევას ეფუძნება დღესაც საფრანგეთში თირკმლის ფიალების და სადინარების ონკოდაავადებებზე მკურნალობის ე.წ. გაიდლაინი. ეს ფუნდამენტური ნაშრომი და ეპოქალური კვლევა გახლდათ.