ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას – პანდემიის პირობებში ხანდაზმულთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად
ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ მთელი მსოფლიო და დემოკრატიული საზოგადოებები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა. მართალია, ვირუსის დამაზარალებელი ეფექტი საზოგადოების უმრავლესობას და ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს შეეხო, მაგრამ ხანდაზმული ადამიანები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავიდანვე დაასახელა COVID-19-ის მომეტებული რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფად, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება.
მათი ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 760 ათასზე მეტი პირი იღებდა ასაკობრივ პენსიას. ამავე სამსახურის მიერ 2011 წელს განხორციელებული მასშტაბური კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყანაში 10 616 ხანდაზმული ცხოვრობს მარტოობაში და საჭიროებს სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ მზრუნველობას, შესაბამისი სოციალური სერვისების მიღების გზით.
„პანდემიასთან საბრძოლველად, საქართველოში, 2020 წლის მარტში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, განსაკუთრებულად უარყოფითად აისახა ხანდაზმულთა უფლებებსა და მდგომარეობაზე.
2020 წლის 31 მარტს აიკრძალა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის ან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაადგილებისა. ამასთან, ტრანსპორტირების აკრძალვა განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა სოფლად მცხოვრები ხანდაზმულების მდგომარეობაზე; ძირითადად, მათი საცხოვრებლიდან დაშორებით მდებარე სურსათის მაღაზიების, აფთიაქების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა ყოფითი ცხოვრებისთვის აუცილებელ დაწესებულებებთან წვდომის მხრივ.
უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილ კრიზისთან რეაგირებისთვის, ხელისუფლების მხრიდან, შეზღუდვების პარალელურად, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ხანდაზმულთა ხელშესაწყობად. მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობით, ამოქმედდა მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც საარსებო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარდა, შინ მოვლის კომპონენტსაც ითვალისწინებდა. ანტიკრიზისულ გეგმაში ხანდაზმულები ერთ-ერთ პირდაპირ მიზნობრივ ჯგუფად იქნა გათვალისწინებული, რის შედეგადაც, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, 2020 წლის 1 ივლისიდან, პენსია დამატებით 30 ლარით გაიზარდა, რომლითაც 410 ათასზე მეტმა პენსიონერმა ისარგებლა. ამასთან, სხვა მოქალაქეების მსგავსად, იმ ხანდაზმულ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება – 200 მ3-ზე ნაკლები იყო, დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადიც.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კრიზისის პირობებში ხანდაზმულთა მხარდასაჭერად, ფრაგმენტული და არასაკმარისი იყო, რის გამოც კვლავაც ვერ ხერხდება განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე ადეკვატური და ეფექტიანი რეაგირება.
ახალი შეზღუდვების პირობებში, ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისისა და ინფექციის გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით, ხანდაზმულები კვლავაც რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროებათ. კრიზისის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ხელისუფლების სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, ხანდაზმულთა პრობლემების მოგვარებისთვის.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
• გააძლიეროს ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი ხელშეწყობა, მათ შორის, მსგავსი საჭიროების მქონე ხანდაზმულთა აუცილებელი საკვები პროდუქტებითა და საჭირო მედიკამენტებით მომარაგებით;
• საპენსიო დანამატის გათვალისწინება მოხდეს პენსიის შესახებ კანონით გათვალისწინებული საპენსიო ასაკის პროპორციულად;
• გაძლიერდეს ხანდაზმულთა ბინაზე მკურნალობის სერვისი და მასზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება;
• უზრუნველყოს ხანდაზმულთა ფინანსური ვალდებულებების გადავადება, შესაძლებლობის შემთხვევაში კი – მათი სრულად სუბსიდირება, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებში.
• აუცილებელია, ხანდაზმულთა ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა და საამისოდ ადეკვატური პლატფორმების შექმნა.
• ხელი შეუწყოს ცენტრებიდან შორს მდებარე სოფლებში მობილური აფთიაქების დანერგვას, რათა ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის – ხანდაზმულებს, შეეძლოთ საჭირო მედიკამენტების სახლთან ახლოს შეძენა, როგორც პანდემიისას, ისე მის შემდგომ პერიოდში;
• ხელი შეუწყოს მოხალისეობრივი ინიციატივების წახალისებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რათა საერთო ძალისხმევით, მაქსიმალურად გამოირიცხოს ხანდაზმულთა, მათთვის საჭირო დახმარების გარეშე დარჩება, განსაკრებით პანდემიის პირობებში,”-ნათქვამია განცხადებაში.