ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა და კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის დოკუმენტების საჯარო განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) და „კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის“ (CSAP) დოკუმენტების საჯარო განხილვა გაიმართა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო თხილავამ გახსნა. 2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი. ასევე, შემუშავდა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომლებიც წარმოადგენენ კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს. დოკუმენტი მოიცავს შვიდი სექტორის (ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, ნარჩენები, სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი) ანალიზსა და შესაბამის ღონისძიებებს.
„შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინა კლიმატის ცვლილების სამმართველოს წარმომადგენელმა მაია ცხვარაძემ, რომელმაც დეტალურად განიხილა ორივე დოკუმენტი და დაინტერესებული საზოგადოების მხრიდან მიღებული კომენტარები.
საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სხვა დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.
საჯარო განხილვამდე საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც სექტორულ დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობით გაიწერა, საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა 3 დეკემბერს.
წარმოდგენილი კომენტარებისა და შენიშვნების საფუძველზე, რომელთა განხილვაც ხდება შესაბამისი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში, დარედაქტირებული და განახლებული სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება.
მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვა ონლაინ გაიმართა,”-ნათქვამია განცხადებაში.