„დაუშვებელია, ასეთი დარღვევები ადამიანების გაჭირვებით გავამართლოთ” – კალაძე უკანონო მშენებლობებზე

„დაუშვებელია, ასეთი დარღვევები ადამიანების გაჭირვებით გავამართლოთ“, – ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე მუნიციპალურ ტერიტორიებზე შენობა-ნაგებობების უკანონოდ განთავსების შემთხვევებს. მისი განცხადებით, მერია რეგულარულად ზრუნავს ადამიანებზე, რომლებმაც საცხოვრებელი სახლები დაკარგეს და თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სოციალური მიმართულება იქნება.

„მე კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, მესმის იმ ადამიანების, ვისაც მართლა უჭირთ და სერიოზული პრობლემები აქვთ, თუმცა შემთხვევითი არაა, რომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის მესამედი იმ ადამიანებისკენაა მიმართული, რომელთაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მომავალ წელს 350 მილიონი დაიხარჯება ამ მიმართულებით, მაგრამ ქონებების მიტაცება და მათზე უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება, ვინმემ კერძო საკუთრებაში განათავსოს ამდაგვარი შენობა-ნაგებობა.

ადამიანს თუ თავშესაფარი უჭირს, ეს ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მითვისებას ან უნებართვო მშენებლობის განხორციელებას. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ და სახლის გარეშე დარჩნენ, დედაქალაქს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელზეც ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ და ქირით გავიყვანოთ, რათა ისინი ქუჩაში არ დარჩნენ.

ბოლო მოკვლევებიდან ირკვევა, რომ ბევრ მათგანს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს, არაერთი საცხოვრებელი სახლი აქვს. ჩვენს მიერ დაფიქსირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე იტაცებდა სახელმწიფო მიწებს და უკანონოდ ათავსებდა შენობა-ნაგებობებს:

მოქალაქე ლ.ფ. არის დევნილის სტატუსის მქონე. 2016 წელს მას ოჯახთან ერთად, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ შეუსყიდა სახლი ქალაქ ჯვარში. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის აპრილში დაკმაყოფილდა მისი განცხადება, თბილისში ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე, სარგებლობაში არსებულ 696 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამის შემდეგ ლ.ფ-მ მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ლ.ჭ-ს, რომელიც, სავარაუდოდ, მისი მეუღლის დისშვილია;

მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში. ასევე, ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე;

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს „სოფლად სახლის“ პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე, მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა;

მოქალაქე გ.გ. ასევე, სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი თბილისში, შუამთის ქუჩაზე;

მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, 1 148 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852 კვ.მ და 684 კვ.მ მიწის ნაკვეთები ამავე სოფელში;

მოქალაქე ზ.ტ. რეგისტრირებულია თბილისში, სოფელ შინდისში. მას უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე, მამას აქვს დაფიქსირებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები