ლევან ჯღარკავა: 8 წლის გიგის ოჯახს სახელმწიფომ სულ ახლახან გადასცა 3-ოთახიანი ბინა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, ლევან ჯღარკავა „ცილისმწამებლურს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მერია მოქალაქეებს ქუჩაში ყრის. მისი განცხადებით, ძირითადად, მოქალაქეებს, რომელთა უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟიც მიმდინარეობს, აქვთ საცხოვრებელი საახლები თბილისში ან თბილისს გარეთ. ამის ერთ-ერთ მაგალითად მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახის შემთხვევა მოჰყავს, რომელსაც, როგორც ირკვევა, სახელმწიფომ ახალხან გადასცა 3-ოთახიანი ბინა ზუგდიდში.

„მიმდინარეობს კამპანია ქალაქ თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება. მოსახლეობას უწყვეტ ნაკადად მიეწოდება დეზინფორმაცია, თითქოს, მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს. არაერთი განმარტების მიუხედავად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია, მათ შორის, 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახს აფრიკის დასახლებაში, მიტაცებულ მიწაზე აქვს განთავსებული უკანონო ნაგებობა. ვინაიდან ამ ოჯახის ინტერესების დამცველების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები სარგებლობენ დევნილის სტატუსით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტომ მოიკვლია დამატებითი ინფორმაცია. შედეგად, გაირკვა, რომ სულ ახლახან სახელმწიფომ ამ ოჯახს საკუთრებაში გადასცა 3-ოთახიანი ბინა ქალაქ ზუგდიდში.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თბილისის მერიას არავინ დაუტოვებია ღია ცის ქვეშ, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, მიიტაცოს სახელმწიფო მიწები და უკანო ნაგებობები განათვსონ მასზე. ძირითადად, ამ უკანონობების უკან დგანან მოქალაქეები, რომელთაც ნამდვილად აქვთ თავზე ჭერი დედაქალაქსა თუ სხვა რეგიონებში და ისინი არ არიან უსახლკაროები.

თქვენ იცით, რომ წინა კვირას გავაკეთეთ განცხადება სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებზე და მოვუწოდეთ სამართალდამრღვევ პირებს 4 დღის ვადაში განახორციელონ დემონტაჟი. უკვე გამოგვეხმაურა რამდენიმე პირი, რომელთაც გამოთქვეს მზაობა, თავად მოახდინონ დემონტაჟი.

ჩვენი მხრივ, რასაკვირველია, დაწყებულია მოკვლევა კანონდარღვევის ფაქტებზე და გამოვლენილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სარგებლობენ დევნილის სტატუსით, შესაბამისად მათ აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული ქონება საკუთრებაში.

მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე.

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი 2019 წელს, სახელმწიფოსგან, „სოფლად სახლის“ პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა.

მოქალაქე გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ქ.თბილისში, შუამთის ქუჩაზე.

დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს:

მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს არანაირ საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, აღმაშენებელის ქუჩაზე, 1148კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში.

მოქალაქე ზ.ტ რეგისტრირებული თბილისში, სოფელ შინდისში, უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე მამას აქვს გაკეთებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

რასაკვირველია, ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა იმ კანონდამრღვევთა შესახებ, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფო მიწებს და უკანონო მშენებლობებს აწარმოებენ.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გაამკაცრებს რეიდებს და ყოველ მსგავს სამართალდარღვევაზე გვექნება მკაცრი რეაგირება.”, – აცხადებს ლევან ჯღარკავა.

ჩანგელიების ოჯახის შემთხვევაზე დამატებითი განმარტება გააკეთა დევნილთა, ეკოემიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბესარიონ სიმონიშვინლმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩანგელიების ოჯახს კუთვნილი ბინის გასაღები, კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური პროცესების გაუვლელობის გამო, ჯერ ვერ გადაეცათ.

„2020 წლის ნოემბერში დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ხსენებული ოჯახის დაკმაყოფილების საკითხი. ოჯახი რეგისტრირებულია ზუგდიდს მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში. 30 ნოემბერს სააგენტომ ოფიციალურად შესთავაზა 5-სულიან დევნილ ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ სახლში ფართის გადაცემა. 2020 წლის 1-ელ დეკემბერს ჩანგელიების ოჯახმა სააგენტოს ოფიციალურ ფოსტაზე წერილობით დაგვიდასტურა თანხმობა ბინის მიღებაზე. 7 დეკემბერს სააგენტომ გამოაქვეყნა დევნილი ოჯახების სია, რომლებიც დაკმაყოფილდნენ ამ ეტაპზე. მათ შორის იყო ჩანგელიების ოჯახი. 12-13 დეკემბერს ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში გაიმართა კენჭისყრა, სადაც გამოცხადდა ხსენებული ოჯახი. იქიდან გამომდინარე, რომ 5-სულიანი ოჯახიდან 2 სრულწლოვანი წევრი არ იმყოფებოდა ადგილზე, კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ვერ გადავეცით გასაღები. დევნილთა სააგენტო გამოხატავს მზაობას, ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს, ოჯახისთვის მისაღებ ადგილას ყველა სრულწლოვანმა წევრმა მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, რის შემდეგაც მათ გადაეცემათ კუთვნილი ბინა.“, – განმარტავს ბესარიონ სიმონიშვინლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები