ანა ჩანგიანი – ანუკი არეშიძეზე: ანუკის სახლიდან მაშინაც მიჰქონდა მათთვის საჭმელი…
თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე დღეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირადად ესტუმრა. ამასთან, პატარებს თოვლის ბაბუაც ჩაუყვანა.
აღნიშნულ ფაქტს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციული დირექტორი, ანა ჩანგიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ფეისბუქ” პოსტში ჩანგიანი ბავშვობის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ანუკი არეშიძე ქველმოქმედებით ამავე პერიოდიდან გამოირჩევა. მისი თქმით, ანუკი გამორჩეულად მზრუნველი ადამიანია.
“შენ ხომ არტურა ხარ, როგორ გამიხარდა, რომ გნახე… ბავშვობაში, ყველას გვახსოვს, სადარბაზოებთან, საბურავებით დანთებული ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ბავშვები, აღარ მოვყვები მათ აღწერასა და ყოფას… დიდხანს ვფიქრობდით ხოლმე სახლში შესულები, როგორ გაათევდნენ ცივ ღამეს.. ანუკის სახლიდან მაშინაც მიჰქონდა მათთვის საჭმელი, მათ ბედზე მაშინაც დარდობდა და, აი, დღეს პირველი ოჯახის მასპინძელი სწორედ რომ ის არტურა იყო, რომლის ბედზეც ბევრჯერ უფიქრია. ბევრი რამ შემიძლია, მოვყვე ანუკიზე, მის დამოკიდებულებაზე სიკეთესა და სიყვარულზე, რაზეც თავად არასდროს სურს საუბარი… ჩემი სიტყვები კი ბანალური იქნება. ამ საოცრად ლამაზი სულისა და შეუდარებლად თბილ, მზრუნველ ადამიანს, უბრალოდ, უნდა იცნობდეთ. დღევანდელი დღე ბევრი ღიმილიანი და ანთებული თვალებით მიილია. წინ კი ხვალინდელი დღეა”, – წერს ანა ჩანგიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ანუკი არეშიძე ყოველთვიურად ანხორციელებს საქველმოქმედო აქციებს და ამ თემაზე კომენტარს არასდროს აკეთებს. წინა საახალწლოდაც, დიზაინერმა მორიგი აქცია სხვადასხვა რეგიონის მაშტაბით დაგეგმა.