პანდემიის გამო ჩაშლილი მოგზაურობა ევროპაში და საახალწლო სოფელი, რომლის შექმნაშიც არაერთხელ დასთენებია

ხატვის და ძერწვის ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა. ოჯახში ხელს უწყობდნენ ფანტაზიის განვითარებაში. საბოლოოდ მაინც ჟურნალისტობა გადაწყვიტა. თუმცა ხელსაქმე  მოგვიანებით მაინც დაიწყო.
ამბობს, რომ ხელსაქმე მისთვის განტვირთვაა  ყოველდღიური დამღლელი რუტინის შემდეგ. განსაკუთრებით საახალწლო დეკორაციების კეთება ყვარს. „ვცდილობ, დაზიანებულ თოჯინებს ახალი სიცოცხლე შევძინო, ან ძველი ჭურჭელი გადავაკეთო და დეკორაციად ვაქციო“.
ახლახან კი მისმა შექმნილმა საახალწლო სოფელმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. – ნათია ქიტიაშვილის პერსონა.
–  ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. უსაზღვრო სიყვარულში ვიზრდებოდი. დედა დიასახლისია, მამა სხვა და სხვა ადგილებზე მუშაობდა და ხშირად ვერ ახერხებდა  ჩემს გვერდით ყოფნას, რაც შეეხება დედას, ეგოისტი დედების კატეგორიას მიეკუთვნება, მთელ დროს, სიყვარულს, სითბოს მე მჩუქნიდა…
დიდ სიყვარულში ვიზრდებოდი. ბავშვობის მოგონებებზე რომ მიდგება საქმე, მაშინვე სოფელში გატარებული არდადეგები მახსენდება, ორივე მხრიდან პირველი შვილიშვილი ვარ და ჩემთვის სიტყვა „არა“ არ არსებობდა.
– სკოლის პერიოდში თუ გაინტერესებდა ხელოვნება და ხელნაკეთი ნივთები?
– სკოლის წლებიც ბედნიერად მახსენდება. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, საუკეთესო მეგობრები, ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, არ ვარ ციფრების ადამიანი, ისტორია,  გეოგრაფია  მიყვარდა.
გეოგრაფიის სიყვარულმა განაპირობა ალბათ მოგზაურობის სიყვარულიც. თინეიჯერობის პერიოდში უფრო კითხვამ გამიტაცა და ბევრს ვკითხულობდი, ბევრჯერ წიგნის პერსონაჟი შემყვარებია თავდავიწყებით… ხატვის და ძერწვის ნიჭი უფრო პატარა ასაკში მქონდა, დედა მიწყობდა ხელს ფანტაზიის განვითარებაში.
– ჟურნალისტობა გადაწყვიტეთ. როგორი იყო სტუდენტობა?
– სტუდენტობის პერიოდიც ლამაზად მახსენდება. ლაღი ბედნიერი პერიოდი იყო, საყვარელ პროფესიას ვეუფლებოდი. წერა მიყვარდა და ლექტორები მეხმარებოდნენ, პატარა გაზეთებში მიბეჭდავდნენ ჩემს ჩანახატებს.

– ამბობთ, რომ საახალწლო დეკორაციების დამზადება გიყვართ… საახალწლო სოფელი შექმენით კიდეც… როგორ დაიბადა იდეა? რა არის თქვენს სოფელში საინტერესო, თუნდაც იდუმალი?
– ჩემი საახალწლო სოფლის შთაგონება მონატრებული მოგზაურობა იყო. წელს დაგეგმილი მქონდა, შობას, მეუღლესთან ერთად რომელიმე ევროპულ ქალაქში ლამაზად შევხვედროდი. ძალიან მინდოდა საშობაო ბაზრობის დათვალიერება, თუმცა, სამწუხაროდ, პანდემიის გამო გეგმები ჩაგვეშალა.
ჰოდა, უცებ დავიწყე ავეჯის მორჩენილ ნაწილზე სოფლის აწყობა. ნელ-ნელა ვაგროვებდი მასალას. დაახლოებით 1 კვირა მხოლოდ მასალის ყიდვას მოვუნდი. ორჯერ მომიწია ბაზრობაზე გასვლა. გზადაგზა სხვადასხვა მასალა მჭირდებოდა ხან მეუღლეს ვაბარებდი, ხან მე მივრბოდი ჰიპერმარკეტებში და ვეძებდი.
აწყობის პროცესმა, მთლიანობაში, დაახლოებით 1 კვირას გასტანა, რადგან დღისით არ მაქვს დრო ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის მოვიცალო, ღამე ყველა რომ იძინებდა, მაშინ ვიწყებდი, რამდენიმე ღამე დამათენდა კიდეც ისე, რომ ფანჯარაში შემოპარულმა სინათლემ მომწყვიტა საქმიანობას.
არ ვიცი, იდუმალებას ვინ რაში პოულობს, მაგრამ ჩემი სოფელი ადამიანების გარეშეა. ვერ ვიპოვე თბილისში მინიატურული ფიგურები და გადავეწყვე იმაზე, რომ ღამის სოფელი ყოფილიყო – დრო, როცა ყველა თავის სახლშია…
საახალწლოდ ნაძვის ხესთან ჩემი სოფელი საპატიო ადგილს დაიკავებს.

საახალწლოდ კიდევ ხომ არ აპირებთ მსგავსი სოფლის გაკეთებას?
– კი ვაპირებ მსგავსი საახალწლო სოფლების აწყობას, ოღონდ ხის მორებზე დასადგმელად, რომ  იყოს ძალიან კომფორტული. ბევრმა მომწერა, რომ შეძენა უნდოდათ და შევპირდი, რასაც მოვასწრებდი, გავაკეთებდი…
– გეტყობათ, ახალი წელი გამორჩეულად გიყვართ. როგორ ფიქრობთ, ხდება ხოლმე ოცნებები ახალ წელს?
– ახალი წელი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. მჯერა, ახალი წლის ღამეს თუ რამეს გულით ვისურვებთ, აუცილებლად ასრულდება. ეს ჯადოსნური ღამეა.
– სამი შვილი გყავთ. ალბათ მუშაობის დროს გეხმარებიან…
– შვილები ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერებაა. უფროსი გოგონა თინეიჯერია, თავისი სამყარო აქვს და ჯერ დიდად  არ იჩენს ინტერესს ხელსაქმისადმი. შუათანა და უმცროსი ჯერ პატარები არიან.
სიმართლე გითხრათ, იმდენად ვეფლობი ჩემს საქმეში, როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, რომ არავისი დახმარება არ მინდა, პირიქით – ხელი მეშლება, თითქოს ჩანაფიქრი ისეთი არ გამოვა, როგორიც წარმომიდგენია.
ზოგადად, ყველაფრის კეთება ჩემით მიყვარს, სამზარეულოშიც კი არ მიყვარს არავის შემოსვლა და დახმარება, ყველაფრის კეთება  ჩემი ხელით მირჩევნია.
რასაც ვაკეთებ, ყველაფერში სულს და გულს ვდებ და მინდა, მხოლოდ ჩემს თავს  გამოხატავდეს ყველა ჩემი ნახელავი.
– ჰობი…
– ჰობი ხელსაქმე და კულინარია. კულინარიაც ჰობად მაქვს ქცეული. მთელი გულით ვაკეთებ ყველა სადილს. ვგიჟდები სტუმრებზე და მათთვის განსაკუთრებული კერძის მომზადებაზე. ხშირად ექსპერიმენტებს მივმართავ, რაც, ძირითადად, ამართლებს.

– თოჯინებსაც ამზადებთ და ძველ ჭირჭელსაც ახალ სიცოცხლეს ანიჭებთ…
– თოჯინებზე ცოტა სასაცილო ისტორია მაქვს. შარშან ნაძვის ხისთვის ანგელოზებს ვეძებდი. რაც მომეწონა, ძვირი ღირდა, იმ პერიოდში ჩემი გოგონას სათამაშოები გადავარჩიე, ნაწილი გაფუჭებული იყო, ორი თოჯინის სახე ისე მომეწონა, გადავწყვიტე, მე თვითონ შემექმნა ანგელოზები. ლამაზი ქსოვილი დეიდამ მომცა, თმა ძველი საქსოვი ძაფით გავუკეთე, კაბბები შევუკერე, ფრთების ადგილზე ბუმბულები მივაწებე და ორი ლამაზი ანგელოზი შეიქმნა.
წელს სახლში 5 წლის წინ ნაჩუქარი დეკორატიული ჭურჭელი ვიპოვე, როელსაც ფუნქცია ვერ მოვუძებნე, არც ინტერიერში ჯდებოდა, გადავაცალე ფერი და გადავაკეთე, მივაწებე პატარა ბრჭყვიალა გირჩები, ჩაიყრება ხელოვნური თოვლი, ჩავდებ სანთელს და  საახალწლო დეკორაციად იქცევა.
– ყველაზე ძალიან თქვენი დამზადებული რომელი ნივთი გიყვართ?
– ყველაზე მეტად ჩემი პირველი თოჯინა მიყვარს, ბევრი დეფექტი აქვს ამ თოჯინას, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, რაღაცნაირი თბილი გამომეტყველებით…
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ დიდ ცვლილებებს ვერ ვხედავ ჩემს ცხოვრებაში. რადგან სამი შვილი მყავს გასაზრდელი და მათ ვჭირდები.
ჩემმა შექმნილმა სოფელმა იმხელა გამოხმაურება გამოიწვია, ვფიქრობ, ჩემი საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდაც ვაქციო და ჩემი გვერდი შევქმნა, სადაც ყველა მსურველი შეძლებს ჩემი ხელნაკეთი ნივთების შეძენას. უამრავი წერილი შემომივიდა, ხომ არ ვყიდდი ამ სოფელს ან ანგელოზებს, რამაც სტარტაპერობაზე დამაფიქრა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები