„საახალწლოდ, ამაღლებული განწყობა ჩემს ჭიქებსაც დაეტყობა“ – ხელოვანი, მუსიკოსი და მომღერალი ბათუმიდან ბავშვობის ოცნებით

დაიბადა და ცხოვრობს ბათუმში. ხელოვანების ოჯახში გაიზარდა. ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა, ხატვა და თოჯინებისთვის კაბების შეკერვა. მაგრამ უცხო ენების სიყვარულმა მაინც იმძლავრა და ინგლისური ენის ფილოლოგობაზე შეაჩერა არჩევანი.
თუმცა პარალელურად არც ხელოვნება მიუტოვებია, ჰყავს ბენდი, მომღერალი და მუსიკოსი. წერ სიმღერებს16 წლიდან მუსიკის სფეროშია.
ამ ბოლო დროს კი, დაახლოებით 2 თვის წინ, პანდემიის პერიოდში აღმოაჩინა, რომ ძერწვაც კარგად გამოსდიოდა და ჭიქაზე ძერწვის ულამაზესი ნიმუშები შექმნა. – მარიამ მაჭარაშვილის პერსონა.

-.ბავშვობის წლები, მართლაც, ბედნიერად მახსენდება. დედ-მამა ორივე ხელოვანი მყავს (მამა, სამწუხაროდ, გარდამეცვალა). მამა პროფესიით მხატვარი იყო, თავისი სახელოსნო ჰქონდა და ძირითად დროს მასთან ერთად ვატარებდი, მამა გიტარაზეც უკრავდა.
დედა ინგლისურის სპეციალისტი და  ფორტეპიანოს მასწავლებელია. ჩვენს ოჯახში თითქმის ყოველი დღე მუსიკალური იყო. სიმღერა, დაკვრა, ხატვა -.ეს სიყვარული და ჰარმონია ყოველთვის იყო ჩვენთან და, შესაბამისად, ამ წლების გახსენება, ყოველთვის დადებით ემოციას აღძრავს ჩემში.
სწორედ ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა, ხატვა და თოჯინებისთვის კაბების შეკერვა.
– ინგლისურის ფილოლოგი ხართ…
– ალბათ უფრო დედის კვალს გავყევი. ოჯახში სულ ვსაუბრობდით ინგლისურად და მეც მომწონს უცხო ენები – რუსული, ფრანგული… აქცენტიც ყველა ენაზე შესაფერისი მაქვს. ამაში ალბათ კარგი „სმენაც“ მეხმარება.
– 16 წლიდან მუსიკის სამყაროში ხართ. ხართ მომღერალი და წერთ სიმღერებს…
– ჩემი მუსიკალური სამყარო უფრო ადრეული ასაკიდან იწყება. წარმატებით დავამთავრე ფორტეპიანოს შვიდწლედი, შემდგომ ჩავაბარე ვოკალის განხრით. დაახლოებით 5 წელი ოპერის მომღერალი ვიყავი, პარალელურად მყავდა ბენდი, რომელიც ჩემი ძირითადი და პირველი შემოსავლის წყარო იყო.
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს მუსიკას და პროფესიას, ინგლისურის ფილოლოგობას?
– ძალიან მეხმარება ინგლისურად სიმღერის ტექსტების წერაში. ჯერჯერობით 5 სიმღერა დავწერე. ბოლო სიმღერა საახალწლოა. თუ მექნება იმის ბედნიერება, რომ წელსაც სცენაზე შევხვდე ახალ წელს, აუცილებლად შევასრულებ ამ სიმღერას ბენდთან ერთად.
– ჭიქებზე ძერწვა პანდემიის დროს დაიწყეთ. ახალი საქმიანობაა… ანუ კარანტინმა დადებითად იმოქმედა თქვენზე…
– მგონი, მართლაც, დადებითად იმოქმედა..იმდენად ბევრი დრო მქონდა, რომ ვცდილობდი, დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამომეყენებინა.
ჯერ ლექსების წერა დავიწყე, შემდეგ – ხატვა, აივანზე მწვანილებიც კი დავრგე.
შემდეგ კიდევ, ჩემი შვილის პლასტელინებით გამოვძერწე პანდა, ძალიან კარგი გამომივიდა და გადავწყვიტე, კიდევ მეცადა. შემდეგ უკვე დავიწყე დისნეის გმირების გამოძერწვა, რომელიც ასევე საკმაოდ კარგად გამომივიდა.
– თქვენი ნახელავები ალბათ ბევრს მოსწონს. როგორ ხდება შეძენა?
– აი შემდეგ უკვე ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემი მეგობრების გაოცება. ჩემი ნამუშევრები ავტვირთე ყველასათვის ცნობილ ჯგუფში „აკადემია”, სადაც ძალიან დადებითი შეფასება მივიღე როგორც ნაცნობი, ასევე უცნობი ადამიანებისგან. ამ ყველაფერმა უფრო მეტად მომცა სტიმული და მოტივაცია, შემექმნა მეტი სილამაზე და გადავწყვიტე, მემუშავა თიხაზე. კერძოდ, ჩემი ნამუშევრები დამეტანა ჭიქაზე. ამ საქმიანობამაც საკმაოდ გაამართლა და ბევრი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა .
შევქმენი გვერდი funny crafter, სადაც ვდებ ჩემს ნამუშევრებს და ძირითადად აქედან ვიღებ შეკვეთებს.
– საახალწლოდ, ალბათ ფანტაზია უფრო ბევრ და საინტერესო ჭიქებს მოგახატინებთ… რაიმე ისტორია ხომ არ უკავშირდება რომელიმე ნახელავს?
– ახალი წელი ჩემთვის ყველაზე საუკეთესო დღესასწაულია და მეც, მიუხედავად ყველაფრისა, დადებითი ემოციით ვარ დატვირთული, შესაბამისად, ჩემი ამაღლებული განწყობა ჩემს ჭიქებსაც დაეტყობა…
საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ძირითადად, გამოვძერწავ თოვლის პაპას. ხარის წელი მოდის და ასევე – ხარს შესაფერის ფორმაში, თოვლს, ნაძვის ხეს, ირმებს, საჩუქრებს, ერთი სიტყვით, ახალ წელთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.
.ჰობი
– რაც ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, თითქმის ყველაფერი მაინტერესებს. ჩემი ჰობია ასევე ფარიკაობა. ძალიან მიყვარს ეს სპორტი და 2010 წელს აჭარის ჩემპიონიც ვიყავი ფარიკაობაში.
– ოჯახი…
 – მყავს მეუღლე და სამი წლის შვილი.
– სამომავლო გეგმები…
– ძალიან მინდა, გავცდე საზღვრებს …ჩემი ბავშვობის ოცნებაა ნიუ-იორკი და მჯერა, რომ ერთ დღეს, აუცილებლად აღმოვჩნდები ამ დიდებულ ქალაქში, საუკეთესო ჯაზბენდთან ერთად.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები