„იცოცხლე, შვილო, დღეგამოშვებითო“ – გიზო ნიშნიანიძე თბილისური იუმორის შესახებ
ვინც თბილისს იცნობს, მან გიზო ნიშნიანიძეც იცის. ქართველი მწერალი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე დედაქალაქში, ვერის უბანში, ზემელზე დაიბადა. პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო. 80-იან წლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დადგა სპექტაკლი, დოკუმენტური პოემა – „პაემანი ვერაზე“, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 2010 წელს მან სპექტაკლი აღადგინა. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა. სამწუხაროდ, პოტი საჩხერეში სტუმრად ყოფნისას საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
გიზო ნიშნიაძის სახელს არაერთი საინტერესო და ლამაზი ძველთბილისური ისტორია უკავშირდება, რომელზეც პოეტი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას ჰყვებოდა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია გიზო ნიშნიანიძემ 2010 წელს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ გაიხსენა, როცა თბილისურ იუმორზე საკუთარი შეხედულება გამოთქვა.
ახლა, სახუმაროა თუ არა, ყველაფერზე ღლაბუცობენ. ასეთი დამოკიდებულებით, იუმორს მარილი დაუკარგეს. ახლა ჩვენებურ იუმორს გავიხსენებ: დედაბერი მოდიოდა ქუჩაში. კაბა კი სუფთა ეცვა, მაგრამ ძველი იყო და ალაგ-ალაგ ნაკერები დაედო. გზად თბილისელი კინტო შემოხვდა და ქალს შესძახა: ვაჰ, დედი, ალაგ-ალაგ გაგიმარჯოსო. დედაბერმა კი მიუგო: იცოცხლე, შვილო, დღეგამოშვებითო.
რომელი ერთი გავიხსენო. აკი გითხარით, ყოველი ჩვენგანი რაღაცით ნიჭიერი იყო. მაგალითად, ხშირად ვიხსენებთ ნიაზ დიასამიძეს, რომელიც იუმორით გამოირჩეოდა. ნიაზისნაირი იუმორი ლამის ათ კაცში ერთს ჰქონდა.
ახლა დაიქსაქსნენ ადამიანები და იუმორიც დაუნდობელი გახდა. ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში ამ ოთახში ჩაკეტვა და მუშაობაა. როცა მიხარია, წერა მინდება. მწუხარებასაც მუშაობით ვიმსუბუქებ. რაღა დამრჩენია, 83 წლის გახლავართ და ხშირად მითქვამს – “დრო მკლავს და დროს ვკლავ”…