კლიმატური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაში სტუდენტები ჩაერთვებიან

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მდინარეების აუზებში ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების მოდელირებაში და შესაბამისი რუკების შედგენაში. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მონაცემების შეგროვებასა და რუკების შემუშავებაში სტუდენტები ეტაპობრივად ჩაერთვებიან და მათ, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი უხელმძღვანელებს.

ონლაინ ღონისძიებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს  დირექტორი დანიელ მევლი მონაწილეობდნენ.

„კვლევის ჩატარება უმნიშვნელოვანესია ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების მოდელირებისა და რუკების შედგენისთვის. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, გაფართოვდება ჩვენი საველე სამუშაოების არეალი, ხოლო სტუდენტები ჩაერთვებიან მონაცემების შეგროვებაში, დამუშავებასა და ანალიზში“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

UNDP-ის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, გაძლიერდება უნივერსიტეტებისა და სამთავრობო უწყებების თანამშრომლობა, რაც შესაძლებლობას მისცემს ქართველ მკვლევარებს, უკეთ შეისწავლონ კლიმატის ცვლილება და თავის წვლილი შეიტანონ კლიმატური კატასტროფების საფრთხის  შემცირებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართულია ფართომასშტაბიან პროგრამაში, რომელიც კლიმატის ცვლილებისადმი საქართველოს ადაპტაციას ემსახურება. აღნიშნული პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება და მომავალში სხვა უმაღლესი სასწავლებლების ჩართვასაც ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას კატასტროფების რისკის მართვის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები