იმერეთისა და კახეთის რეგიონების შემდეგ, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც სრულდება
იმერეთისა და კახეთის რეგიონების შემდეგ, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა „საქმიანი ეზო“ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანში გახსნა. სამუშაოები თითქმის დასრულებულია ასპინძაში, წაღვერში, ბორჯომსა და ბაკურიანში.
,,ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზო“ საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობასა და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ საქმიანი ეზოს მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 13 ობიექტზე. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.