სერგო ვარდოსანიძე: კავკასიაში რეგიონის ბედი წყდება, ჩვენ კი კვლავ ერთმანეთს ვებრძვით რუსთაველზე

ხომ არ დაკარგავს საქართველო ისტორიულ უპირატესობას რეგიონში აზერბაიჯან-თურქეთის ახალი ხელშეკრულების შემდეგ?

გუშინ, გვიან ღამით მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე, ოთმხრივ მოლაპარაკებაზე რეგიონში და კავკასიაში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე ,,კვირა“ ისტორიკოსს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს დაუკავშირდა:

-მაშინ, როდესაც საქართველოში ოპოზიცია ეროვნული დაუმორჩილებლობით იმუქრება და პერმანენტულ აქციებს აანონსებს ,,დიდი დესტაბილიზაციის“ მუქარით, მეზობელ აზერბაიჯანში კავკასიის მომავალი წყდება…

-სამწუხაროა, რომ ისტორია დღემდე წიგნებში დაწერილი ლამაზი ზღაპარი გვგონია. მე-15 საუკუნის ყანჩაეთის ჟანგულანი აღმოაჩინეს, მისი რომელიღაც მფლობელის მინაწერით, რომელშიც ვკითხულობთ: საქართველოს მეფე-მთვარანი და დარბაისელნი ნიადაგ ერთმანეთთან ქიშპით არიან დაკავებულნი, რითაც ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხესო. გეკითხებით, მე-15 საუკუნიდან დღემდე რამე შეიცვლა? დღესაც რუსთაველის გამზირზე იწერება საქართველოს ისტორია, ერთმანეთთან ბრძოლითა და ქვეყნის დასუსტებით. დღესაც, 21-ე საუკუნეში ქართველების ერთადერთი მიზანი ერთმანეთის დასუსტებაა

-მთიან ყარაბაღში გუშინ გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა, აზერბაიჯანულმა არმიამ საბოლოო გამარჯვება მოიპოვა და, მათივე განცხადებით, მეზობელი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიები შემოიერთა.

-ადრე თუ გვიან, ომით თუ მშვიდობით, აზერბაიჯანს საკუთარი ტერიტორიები უნდა დაებრუნებინა. თუმცა, სომხეთ-აზერბაიჯან-რუსეთ-თურქეთის ოთმხრივ ხელშეკრულებაში არის ერთი მუხლი, რომელიც მე ძალიან მაშინებს. ეს არის გზა ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, რომლის მეშვეობითაც აზებაიჯანი თურქეთთან პირდაპირი ენერგეტიკული კავშირის დამყარებას შესლძლებს, ხოლო საქართველოს გეოპოლიტიკური როლი თანამედროვე მსოფლიოში ძალზე მყიფე გახდება. იქნებ ვცდები, მაგრამ სერიოზულად მაფიქრებს, ხომ არ განმეორდება ავადსახსენებელი 1453 წლის 29 მაისი, როდესაც კონსტანტინეპოლი დაეცა, ჩაიკეტა აბრეშუმის გზა და საქართველომ  მსოფლიოს თვალში დაკარგა გეოპოლიტიკური მიმზიდველობა. შედეგად, 4 საუკუნის მანძილზე დავრჩით პროვინციულ სამეფოდ, სამეფო-სამთავრობოებად დაშლილი, ირან-ოსმალეთთან ბრძოლით დასუსტებული ქვეყანა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში დიდმა ჩრდილოელმა მეზობელმა ერთმორწმუნეობის დროშით მიიერთა.

-მე-15 საუკუნიდან დღემდე 5 საუკუნეზე მეტი გავიდა. ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა?

-კონსტანტენოპოლის დაცემის დროს საქართველოში გიორგი მე-8 მეფობდა, ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერისთავები ერთმანეთს ებრძოდნენ, სამცხის მთავარს საკუთარი ინტერესები ჰქონდა საქართველოს მეფესთან, საბოლოოდ, 1490 წელს საქართველო 3 სამეფოდ და 1 სამთავროდ დაიშალა. ამ დროიდანვე ჩაგვეკეტა გზა ევროპისკენ. გაიხსენეთ, რისთვის იგებოდა ამდენი ხიდი ქვეყანაში: ბესლეთის, ჩოლაბურის, რკონის, ჭიშურის ხიდები აბრეშუმის გზის მთავარი მაგისტრალები იყო, საქართველო კი – ევროპა-აზიის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი. ჩვენ მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ მაჯისცემაზე გვედო ხელი. ახალციხეში, ახალქალაქსა და რუსთავში გენუელი დიდვაჭრები მიმოდიოდნენ… კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ევროპამ ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინა, ჩვენი ქვეყანა კი გაუბედურებულ პროვინციად იქცა. ახლა ჭადიჯვრის, სურამისა და ჩხარის ბაზრებში ბატებითა და ცხენის ნალითღა ვვაჭრობდით. ქვეყნის ეკონომიკა აღარ განვითარდა და მხოლოდ შიდა მოხმარების პროდუქციით შემოიფარგლა.

-გამოგვადგება თუ არა მთიანი ყარაბაღის მაგალითი საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად?

-აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, რუსეთმა აღიარა. მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში ასე არ ყოფილა. რუსეთი იქ ბოლო დრომდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და არაღიარების პოლიტიკას ადგა. ამასობაში, 10-მილიონიანი ქვეყანა ძლიერდებოდა როგორც ეკონომიკური, ისე – სამხედრო თვალსაზრისით და როდესაც საამისო საუკეთესო დრო შეარჩია, დაიბრუნა ტერიტორიები. ჩვენ ყარაბაღის მაგალითი მაშინ გამოგვადგება, თუ ჭკვიანი ადამიანები მოუსმენენ ერთმანეთს და შუა ქალაქში სამკვდრო-სასიცოცლოდ არ დაუპირისპირდებიან, ქვეყანაზე იფიქრებენ და ერთმანეთის ჭამით არ დაკავდებიან.

– აზერბაიჯანის სამხედრო გამარჯვება რუსეთის უკანდახევად და კავკასიაში თურქეთის სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებად უნდა მივიჩნიოთ?

-არ მგონია. თურქეთმაც და რუსეთმაც კავკასიაში საკუთარი პოზიციები გაიმაგრეს. თურქეთმა მიიღო კორიდორი აზერბაიჯანთან, რუსეთმა კი საკუთარი სამშვიდობოები ჩააყენა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გარანტად იმისა, რომ აზერბაიჯანმა ფეხი ზედმეტად არ გადმოდგას საკუთარი საზღვრებიდან.

-სომხეთისთვის ყარაბაღის რამდენიმეკვირიანი ბრძოლა ტრაგიკული შედეგით დასრულდა…

-სომხეთი, 3 მილიონიანი ქვეყანა ყველაზე მეტად დაზარალდა, საკუთარ ტერიტორიაზე მიიღო 160 000 ლტოლვილი და 3000-ზე მეტი მოკლული ჯარისკაცი, რომელიც პატარა ქვეყნის გენოფონდისთვის დიდი ტრაგედიაა. გარდა ამისა, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სომხური ეკონომიკისათვის ზარალი იქნება კატასროფული, თუ კოვიდ ინფექციის ფონსა და სახელმწიფოს შეზღუდულ ეკონომიკურ აქტივობასაც გავითვალისწინებთ. ვფიქრობ, საქართველომ ბევრი რამ უნდა  გააანალიზოს ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით კავკასიაში. როდესაც ძაღლები იბრძვიან, მგლის გამოჩენისას ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ. განა ჩვენ ძაღლზე მეტი ჭკუა არ უნდა გვქონდეს და კვლავ ეთმანეთთან დაპირისპირებით უნდა ვიყოთ დაკავებული მაშინ, როცა უახლოეს სამეზობლოსა და რეგიონში ასეთი ისტორიული ძვრები ხდება?

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები