ბავშვობიდან გამოჰყვა ხატვის სიყვარული… ამ ბოლო დროს კი ზედიზედ რამდენიმე საინტერესო კოლექციით მიიქცია მნახველის ყურადღება. ჯერ ჭიქები მოხატა, შემდეგ – შემოდგომის ფოთლები, ნაძვის ხის სათამაშოები… სულ ახლახან მისი ფეისბუქის გვერდზე პირბადეების ორიგინალური კოლექცია გამოჩნდა. ამბობს, რომ პანდემიამ მასზე დადებითად იმოქმედა, წინა კარანტინის დროს ყოველდღე ერთ ნახატს მაინც ხატავდა.
სამომავლოდ გამოფენის გამართვაზე და სამხატვრო სკოლის გახსნაზეც ფიქრობს. – ნენსი ვოლანდის პერსონა.
– ბავშვობაში ბაბუასგან, რომელიც მხატვარი იყო, გაგიჩნდათ ხატვის ინტერესი… როგორ გაიხსენებთ იმ წლებს?
– რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის ბავშვობის წლები ყველაზე ლამაზი და ძვირფასი მოგონებაა. ასევე მეც ყველაზე ლამაზად მახსენდება ყველა ჩემი გატარებული წუთი საყვარელ ადამიანებთან ერთად.
– თვითნასწავლი მხატვარი ხართ. საყვარელ საქმიანობას ინტენსიურად მისდევთ ბოლო რამდენიმე წელიწადია… ალბათ მოგვიანებით გამძაფრდა ხატვის სურვილი?
– ხატვის სურვილი ყოველთვის ერთნაირი მქონდა, ყოველთვის ყველაზე ძვირფასი საქმე იყო ჩემთვის, უბრალოდ ვერ ვბედავდი, ახლა, როცა უკვე ამხელა სიყვარულს ვგრძნობ ადამიანებისგან, უფრი დიდი სტიმული მაქვს, არ შევჩერდე.
– ხატავთ ყველაფერზე… როგორ ჩნდება ამა თუ იმ ნივთის მოხატვის სურვილი?
– უფრო ხშირად რაღაც გარემოებები მაძლევს ამის ბიძგს. ერთხელ, როცა ლაშქრობიდან დავბრუნდი, მეტალის ჭიქა მქონდა. რაღაცნაირად მინდოდა ის მოგონებები შემენახა და ჭიქაზე გადავიტანე. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს.
– ლაშქრობიდან დაბრუნებულმა მეტალის ჭიქები მოხატეთ, მანამდე, იყო – მოხატული ფოთლები, როგორც მისტიკური ხელოვნების ნიმუშები, ნაძვის ხის სათამაშოები… რომანტიკული და პოეტური ნამუშევრებია… ფოთოლმაც კი შეიძლება აირეკლოს, დაიტიოს სამყარო… რომელ კოლექციას გამოყოფდით თავად თქვენ, რომელიც მოგწონთ ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად ფოთლები მომწონს, რადგან შემოდგომა ჩემი საყვარელი სეზონია როგორც ვიზუალურად, ასევე შეგრძნებების მხრივ, ამინდი, და ის განწყობა, რომელიც შემოდგომას მოაქვს, ყველაზე ახლოს არის ჩემთან. მიხარია, რომ ეს ბმა მაქვს ბუნებასთან და შემიძლია, დაცვენილ და გადასაგდებად განწირულ ფოთლებს მეორე სიცოცხლე მივცე…
– როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენზე? შთაგონება უფრო გაგიმძაფრათ თუ პირიქით?
– საბედნიეროდ, ჩემს შემოქმედებაზე ძალიან კარგად იმოქმედა პანდემიამ, როცა ვიგრძენი, რომ ცუდად ვხდებოდი მორალურად, გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის დამეწესებინა „50-დღიანი ჩელენჯი” და ყოველდღე ერთ ნახატს ვხატავდი 50 დღის განმავლობაში. კომენდანტის საათის გაუქმების დღეს დაემთხვა ზუსტად ჩემი ბოლო ნახატიც.
– სოციალურ ქსელში თქვენ მიერ მოხატული ორიგინალური პირბადეები გამოჩნდა, როგორც პატარა იმედის სხივები ვირუსით დამძიმებულ რეალობაში… როგორ დაიბადა მათი შექმნის იდეა?
– პირბადეები ჩემი ნახატების ერთგვარი რეპროდუქციაა…
– თქვენი ნამუშევრები მოწონებით სარგებლობს და ფეისბუქგვერდით იძენენ Nancy’s • Nancy Woland … როგორი გამოხმაურება მოჰყვა პირბადეებს?
– პირბადეები ჩემი ნახატების ერთგვარი რეპროდუქციაა. ჯერ იხატება ნახატი, შემდეგ ციფრულდება, შემდეგ იბეჭდება ნაჭერზე და მერე უკვე იკერება პირბადეები ამ ნაჭრისგან.
დიდი ხანი მინდოდა ამ იდეის სისრულეში მოყვანა და საბოლოოდ ახლა მოვახერხე. მინდა, რომ ყველა ადამიანმა დაიცვას წესები და ვცდილობ, ჩემი ნახატების დახმარებით მაინც შევაყვარო მათ პირბადის ტარება.
ყველას უყვარს ლამაზი აქსესუარები და მინდა პირბადეც ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი აქსესუარი გახდეს იქამდე, სანამ პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება.
– რომელი ზღაპრის პერსონაჟებს ხატავთ თქვენს კოლექციებზე? „პატარა უფლისწული“ ალბათ გამორჩეულად გიყვართ…
– მხოლოდ პატარა უფლისწული და მისი მეგობარი მელია ფიგურირებენ ყველაზე ხშირად ჩემს ნახატებში… პატარა უფლისწული ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი წიგნია.
– თქვენს ნამუშევრებში ლურჯი ფერი დომინირებს…
– მე თვითონ წითელი მიყვარს, რომელიც ყველასთვის მიიჩნევა ამაფორიაქებელ ფერად. ასეც არის, ჩემი შინაგანი მდგომარეობა ყოველთვის ფორიაქი და შფოთვაა, რომელსაც გარდავქმნი მშვიდ ლურჯ ფერად და შემდეგ გადამაქვს ტილოზე.
– ერთი პერსონალური გამოფენა უკვე გქონდათ. თუ აპირებთ სხვა გამოფენებსაც?
– ახლა, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გამოფენის გამართვას, მაგრამ თუ ოდესმე პანდემია მომცემს ამის საშუალებას და მეცოდინება, რომ ყველა დაცულია, აუცილებლად მექნება კიდევ ბევრი გამოფენა როგორც აქ, ისე საზღვრებს გარეთაც.
–ჰობი…
– ჩემი ჰობი და ზოგადად ჩემი შთაგონება და ინსპირაცია არის მუსიკა. ასე რომ, მუსიკის მოსმენა ჩემი საყვარელი საქმიანობაა თავისუფალ დროს, ასევე – ფილმების და სერიალების ყურება.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, ვერ ავასრულებ ალბათ გარკვეული დროის მანძილზე, მაგრამ ყველაზე მეტად მინდა სამხატვრო სკოლის გახსნა.
თამარ შაიშმელაშვილი