ივანე მატულევიჩი – მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებით, ასობით ადამიანი დახვრიტეს
სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათ წარსულსა და მომავალსაც გადაავლებთ თვალს. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ივანე ოსეპის ძე მატულევიჩი იყო.
1938 წლის 26 მაისს, წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მოსამართლემ და რსფსრ უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ივანე ოსეპის ძე მატულევიჩმა წარმოთქვა სიტყვა:
ამხანაგებო! მე წილად მხვდა ბედნიერება, იმ სასამართლოს წევრი ვყოფილიყავი, რომელმაც განიხილა დაწყევლილი ქვეწარმავლების – ფაშიზმის დაქირავებულთა, ბუხარინების, რიკოვების და სხვა ნაძირლების საქმეები, რომლებიც ხელს უწყობდნენ მშრომელი ხალხის ექსპლუატაციის უღლის დაბრუნებას. მე მქონდა ბედნიერება, რომ სამშობლოსთვის ამ მოღალატეების სიკვდილით დასჯის განაჩენი გამომეტანა!
საქართველოში, მასობრივი რეპრესიების საწყის პერიოდში, ბრალდებულებს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კომისიის გამსვლელი სესია ასამართლებდა (წევრები: მატულევიჩი, ჟდანი, ბატნერი, ორლოვი, ჟიგური, კოსტიუშკო, ზარიანოვი). 1937 წლის 11 ოქტომბრიდან, გამსვლელმა სესიამ საქართველო დატოვა და რეპრესირებულთა გასამართლება შინსახკომის განსაკუთრებულ სამეულს გადააბარა.
სხდომის თავმჯდომარე ძირითადად იყო იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი, კორვოენიურისტი (კორპუსის სამხედრო იურისტი) ივანე ოსიპის ძე მატულევიჩი (1895-1961).
მატულევიჩის თავმჯდომარეობით, საქართველოში პირველი სხდომა ჩატარდა 1937 წლის 23 ივნისს, უკანასკნელი – 1937 წლის 11 ოქტომბერს. 110 დღეში გასამართლდა 768 ადამიანი. მათ შორის, 28 სექტემბრიდან – 4 ოქტომბრის ჩათვლით, 7 დღეში ჩატარდა 335(!) სასამართლო სხდომა, საშუალოდ დღეში 48 სხდომა. გასამართლებულთაგან სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიესაჯა 709 ადამიანს, მათ შორის დიდ ქართველ მწერალს, მიხეილ ჯავახიშვილს და თეატრის რეჟისორს, სანდრო ახმეტელს. 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 58 ადამიანს, მათ შორის გალაკტიონის მეუღლეს, ოლღა ოკუჯავას.
საქართველოს დატოვების შემდეგ მატულევიჩი იყო მრავალი ხმამაღალი პროცესის მოსამართლეთა შემადგენლობაში, ისეთების როგორიცაა: ტროცკისტული ცენტრის საქმე (23-30 იანვარი, 1937), ბუხარინ-ტროცკისტული ცენტრის საქმე (1938 წლის 12 მარტი) და ა.შ. ასევე, მოგვიანებით, 1950 წელს იგი მონაწილეობდა ავტომობილების ქარხანა ЗИС-ის 48 მუშაკის გასამართლების პროცესში, რომელთაგან 14-ს დახვრეტა მიესაჯა.
მატულევიჩის თავმჯდომარეობით, სასამართლო საქმეები კონვეირული პრინციპით იმართებოდა. დოკუმენტებით დასტურდება, რომ მის მიერ ჩატარებული ბელორუსი პოეტის, იზი ხარიკის სასამართლო სხდომა 17 საათსა და 45 წუთზე დაიწყო და 18 საათზე დასრულდა.
1955 წელს მატულევიჩმა კომპარტიის საკონტროლო კომისიის წინაშე აღიარა, რომ სასამართლო საქმისწარმოებას აჩქარებდნენ, წინასწარ ადგენდნენ საბრალდებო დასკვნებს და ხდებოდა საქმეთა ფაბრიკაცია. ამის შემდეგ ის გარიცხეს კომპარტიიდან, ჩამოართვეს იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტის წოდება და გადაიყვანეს რეზერვში, თუმცა 1956 წლიდან ის კვლავ დაბრუნდა სისტემაში და სსრკ უზენაესი სასამართლოს კონსულტანტად მუშაობდა.
გარდაიცვალა 1961 წელს, მისი ფერფლი ინახება მოსკოვის დონის სასაფლაოს კოლუმბარიუმში.