ავი სულები, „სენატორები“ და სხეულით ვაჭრობა, როგორც ყოველდღიურობა – ცხოვრება მგინგოზე

კუნძული მგინგო მდინარე ვიქტორიაზე, აფრიკაში მდებარეობს. მისი ფართობი 1,8 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. აქ 131 ადამიანი ცხოვრობს. ამ ადამიანებმა „სენატის რესპუბლიკა“ ჩამოაყალიბეს, თავს თევზაობით ირჩენენ და საკუთარ საზოგადოებაში არავის უშვებენ. კუნძული დავის საგანია კენიასა და უგანდას შორის.

კუნძულ მგინგოზე 1991 წელს დასახლდნენ. მაშინ ორმა კენიელმა მეთევზემ – დოლმას ტემბომ და ჯორჯ კიბებემ კუნძულზე ჩასვლა გადაწყვიტეს. გამგზავრებამდე მათ ავი სულების განდევნის ცერემონია ჩაატარეს. აფრიკელები, რომლებიც მდინარე ვიქტორიასთან ცხოვრობდნენ, თვლიდნენ, რომ კუნძული ავი სულის, კალელეს სახლი იყო. მოხუცმა ჯადოქარმა კალელე განდევნა. როგორც ტემბო იხსენებს, მაშინ მათ სულის განდევნისთვის 300 კილოგრამი თევზის გადახდა მოუწიათ.

მას შემდეგ, რაც ორი მამაცი მეთევზე კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად, მათ 60 აფრიკელი შეუერთდა კენიიდან, უგანდიდან და ტანზანიიდან. მგინგოზე დასახლების აზრი მხოლოდ კარგი თევზის დაჭერა არ იყო, არამედ – საკუთარი „სახელმწიფოს“, კომუნის  ჩამოყალიბებაც, სადაც არ იქნებოდა ბოროტება და უთანასწორობა. 2009 წელს მგინგოს მოსახლეობა 131 ადამიანისგან შედგებოდა, რის შემდეგაც „სენატორებმა“, ტემბომ და კიბებემ მიიღეს გადაწყვეტილება, მეტი არავინ შემოეშვათ კუნძულზე.

დამოუკიდებლობის შენარჩუნებას კუნძული იმით ახერხებს, რომ სადავო საგანია კენიასა და უგანდას შორის. არც ერთ და არც მეორეს არ შეუძლია, შეიერთოს ის საკუთარ ტერიტორიად.

უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ორივე ქვეყანა 9-ჯერ ჩაერთო შეიარაღებულ დაპირისპირებაში მგინგოს გამო. კუნძულზე მოწყობილია ხუთი ბარი, სილამაზის სალონი, აფთიაქი და, ასევე, სასტუმრო. მამაკაცები თევზის ჭერით არიან დაკავებულები, ხოლო მათი ცოლები და ნათესავები სხეულით ვაჭრობენ. მგინგოს წესების მიხედვით, უცხო ადამიანს აქ 24 საათზე მეტხანს ყოფნა არ შეუძლია.

​მგინგოს გვერდით, 200 მეტრში კიდევ ერთი კუნძულია – უსინგო. ის დღემდე დაუსახლებელია, მიუხედავად კომუნაში არსებული სივიწროვისა. ითვლება, რომ უსინგაზე ავი სული ცხოვრობს, სახელად ტუკი და იქვე გადაცხოვრდა მგინგოდან გაგდებული სული – კალელე. მოსახლეობამ დღემდე ვერ იპოვა ჯადოქარი, რომელიც ორ სულს მოერეოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები