კირილე ნინიძე – დამფუძნებელი კრების წევრი, რომელიც 1937 წლის 14 სექტემბრის ღამეს დახვრიტეს

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი გახლდათ კირილე იესეს ძე ნინიძე.


დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ასკანაში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია.

1901 წლის 5 მაისს ქუთაისის თეატრში რუსეთიდან ჩამოსულმა დასმა დადგა ანტისემიტური ხასიათის სპექტაკლი -„შვილნი ისრაილისა“, რასაც მოჰყვა დამსწრე ახალგაზრდობის პროტესტი და მათ სპექტაკლის ჩაშლა სცადეს. პოლიციამ არეულობის მოთავეები, მათ შორის – კირილე ნინიძეც დააპატიმრა და პასუხისგებაში მისცა.

კირილე ნინიძემ სწავლა განაგრძო ტარტუს უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სამი კურსი დახურა.

1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში.

1903 და 1908 წლებში დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. გადასახლებული იყო სარატოვის მხარის ქალაქ ვოლსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა პედაგოგად სხვადასხვა სასწავლებელში.

1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. იყო აგრარული კომისიის თავმჯდომარე. 1921 წლის იანვარში იყო იმ თერთმეტ წევრში, რომლებიც გამოეყვნენ მმართველ უმრავლესობას, დააარსეს გაზეთი „ახალი სხივი” და ამიტომ „სხიველები” ეწოდათ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ „სხიველები“ დარჩნენ საქართველოში და აგრძელებდნენ საკუთარი გაზეთის „ახალი სხივის“ გამოცემას, რომელიც 1921 წლის ივნისში ბოლშევიკურმა რეჟიმმა დახურა და კირილე ნინიძე „სხიველთა“ ჯგუფის ლიდერებთან – ნიკიფორე იმნაიშვილსა და მუხრან ხოჭოლავასთან ერთად მცირე ხნით დაააპატიმრა.

1922 წლის 15 თებერვალს მეორედ დააპატიმრეს საბჭოთა რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასობრივი დაპატიმრების ოპერაციის დროს და მოათავსეს მეტეხის №2 „გამასწორებელ სახლში“ იზოლაციის წესით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, 1922 წლის 1 მაისს.

შემდგომ პერიოდში რამდენჯერმე დააპატიმრეს მცირე ხნით.

კირილე ნინიძე დამფუძნებელი კრების დეპუტატებთან – ოსიკო ბარათაშვილსა და სამსონ დადიანთან ერთად 1924 წლის მარტში იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო პირთა ჯგუფს და კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის, რომელთაც საბჭოთა რეჟიმი ანტისაბჭოთა პროპაგანდასა და საეკლესიო განძეულობის გადამალვაში სდებდა ბრალს.

კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დროს. კირილე ნინიძე სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად გაასამართლეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით; სასამართლომ ბრალდების, დაუსაბუთებლობის გამო, პატიმრობიდან გაათავისუფლა.

კირილე ნინიძე საბოლოოდ დააპატიმრეს 1937 წლის 15 აპრილს, თბილისში. დანაშაულის ხასიათი: მენშევიკი.

1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა.

დახვრიტეს 14 სექტემბრის ღამეს.

რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1960 წლის 29 სექტემბერს, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები