სად მდებარეობდა პასაჟ კროშკა, სატიო, სირაჩხანა და ყორჩი-ყალა ძველ თბილისში
თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, პასაჟ კროშკაზე, სატიოზე, სირაჩხანასა და ყორჩი-ყალაზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, როგორაა დახასიათებული აღნიშნულ წიგნში ეს ძველთბილისური ადგილები.
პასაჟ კროშკა – 1925 წლამდე სადგურის ქუჩა მხოლოდ კლარა ცეტკინის (ახლანდელი წინამძღვრიშვილი) ქუჩამდე აღწევდა. სადგურის ქუჩა გაგრძელდა პლეხანოვის პროსპექტამდე ვიწრო შესახვევის გაფართოების ხარჯზე, რომელზედაც სავაჭროების რიგები იყო მოთავსებული. ამის გამო უწოდეს მას თბილისელებმა „პასაჟ კროშკა“.
სატიო (სატივო) – არცთუ დიდი ხნის წინათ მტკვარში, ქალაქის ფარგლებში რამდენიმე კუნძული იყო. ბაღებით დაფარული ერთ–ერთი ასეთი კუნძული მდებარეობდა დაახლოებით ჩელუსკინელების ხიდსა (თამარ მეფის) და რესტორან „არაგვს“ შორის და მარჯვენა ნაპირთან მდინარის ტოტით იყო გამოყოფილი. ამ ადგილს სატიოს ან სატიოს უბანს უწოდებდნენ. შიდა ქართლიდან თბილისში ტივებით მოჰქონდათ ხილი, ბოსტნეული, ხე–ტყე, პირუტყვი, გადმოჰყავდათ მგზავრები. ტივების მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო რკინიგზის გაყვანამდე. ტივები ამ კუნძულამდე აღწევდნენ. აქ მათ შლიდნენ და ხე–ტყედ ჰყიდნენ.
სირაჩხანა – სახელწოდება სპარსული წარმოშობისაა. „სირაჩ“ თუ „სირაჯ“ მეღვინეს ნიშნავს, „ხანა“ თუ „ხანე“ კი – სახლს. „სირაჩხანა“ ღვინით და არყით მოვაჭრეთა რიგებს ნიშნავს. ძველ თბილისში ორი სირაჩხანა იყო – პატარა და დიდი. ისინი მტკვრის მოპირდაპირე ნაპირზე მდებარეობდნენ. პატარა სირაჩხანა მარჯვენა ნაპირზე, კალაში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა. დღეს ქუჩა აღარ არსებობს. იგი გაქრა ყოფილი შუაბაზრის (დღევანდელი აფხაზის ქუჩის) რეკონსტრუქციისას. ამ ადგილზე ახლა სკვერია, სიონისა და აფხაზის ქუჩების შესაყართან. ძველად კი პატარა სირაჩხანა მცირე აღმართს წარმოადგენდა.
დიდი სირაჩხანა მტკვრის მარცხენა ნაპირზე გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა, რომელიც ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა და ავლაბრის გალავნის ქვემოთ კლდის ძირს მიყვებოდა. ამ გზას სირაჩხანის აღმართსაც უწოდებდნენ. შემდგომში მას ღვინის აღმართი ეწოდა. აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები მარაგდებოდნენ კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით სავსე რუმბებითა და ტიკებით. ამ აღმართზევე იყო ძველი თბილისის უმთავრესი ღვინის ბაზარი.
ყორჩი-ყალა – თაბორის თურქული სახელწოდებაა, რაც დამცველ ციხეს ნიშნავს, და მართლაც, თაბორის ციხე – ყორჩი-ყალა თბილისს იცავდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, კონტროლს უწევდა განჯის გზას.